როგორც წესი, ინვესტორები ცდილობენ მიჰყვნენ ტაქტიკას — „იყიდე იაფად და გაყიდე ძვირად“. ინვესტიციის საშუალო ღირებულების შემცირების (Averaging Down) სტრატეგიის გამოყენებისას კი ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, შეიძინონ თუ არა კონკრეტული კომპანიის დამატებითი აქციები მაშინ, როდესაც ფასი ეცემა. საბოლოო შედეგი შეიძლება ორგვარი იყოს: 1. შედარებით დაბალი ფასის პირობებში ისინი კიდევ უფრო გაზრდიან წილს ხარისხიან კომპანიაში. 2. აღმოჩნდება, რომ საინვესტიციო პორტფელში ფსკერისკენ მიმავალი ფირმის აქციების წილი კიდევ უფრო გაზარდეს.
„Averaging Down” სტრატეგიის გააზრება
ინვესტორის მიერ თავდაპირველ ინვესტიციასთან შედარებით უფრო დაბალ ფასად იმავე კომპანიის მეტი აქციის ყიდვას „Averaging Down“ სტრატეგია ეწოდება.
მაგალითად, დავუშვათ, რომ ინდივიდმა XYZ კომპანიის 100 აქცია შეიძინა, თითო $20-ად. თუ ფასი $10-მდე შემცირდება და ინვესტორი დამატებით 100 აქციას შეიძენს, მთლიანი ინვესტიციის საშუალო ღირებულება $15-მდე დაიკლებს. შედეგად, თავდაპირველად გადახდილი ფასი $5-ით შემცირდება. ამას ზოგჯერ „buying the dip” (ვარდნისას ყიდვა) სტრატეგიასაც უწოდებენ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციის საშუალო ფასი მცირდება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფასის $20-დან $10-მდე ვარდნა მოცემულ შემთხვევაში ინვესტორისთვის $1,000-ის ოდენობით ზარალს წარმოადგენს. „Averaging Down“ სტრატეგიის გამოყენების მიზნით, ფასის ვარდნისას მეტი აქციის შეძენა, ინვესტორის ზარალს არ ამცირებს.
სწრაფი ფაქტი ინვესტიციის საშუალო ფასის შემცირება ღირებულებაზე ორიენტირებულ საინვესტიციო სტრატეგიად ითვლება.
ვის შეუძლია ამ სტრატეგიის გამოყენება?
ინვესტორებმა ყოველთვის უნდა შეაფასონ თავიანთი საკუთრებაში არსებული კომპანია და დაადგინონ აქციების ფასის ნებისმიერი დაცემის მიზეზები. თუ ბაზარი რაიმეზე ზედმეტად რეაგირებს, მეტი აქციის ყიდვა შეიძლება გონივრული აღმოჩნდეს. ანალოგიურად, თუ კომპანიაში ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა, აქციის დაბალი ფასი შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ თქვენს საინვესტიციო პორტფელს ხარისხიანი კომპანიის მეტი აქცია დაამატოთ.
თუმცა საშუალო სტატისტიკურმა ინვესტორმა შეიძლება ვერ შეძლოს განასხვაოს ფასის დროებითი ვარდნა და გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც მოსალოდნელ გაცილებით დიდ ვარდნაზე მიგვანიშნებს. ასეთ შემთხვევაში „Averaging Down“ სტრატეგიის გამოყენება რთულდება და მისი შედეგი შეიძლება არასახარბიელო იყოს.
ინვესტორებმა, რომლებიც მიჰყვებიან საგულდაგულოდ შექმნილ სანდო მოდელებს, შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ მეტი დაუფასებელი აქციის შეძენა, რისკის მართვის ტექნიკების გამოყენებით, შეიძლება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი სარგებლის მისაღებად ღირებული შესაძლებლობა იყოს.
„Averaging Down“ vs DCA
„Averaging Down“ სტრატეგია ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების (DCA) მსგავსია. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სტრატეგიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ბაზრის არასტაბილურობით გამოწვეული რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ პოზიციების დროთა განმავლობაში „აშენების“ წყალობით. ეს მეთოდი რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ამ სტრატეგიით მოქმედებისას გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.
თუმცა საგულისხმოა, რომ „Averaging Down“ სტრატეგიის გამოყენების შემთხვევაში დამატებითი ტრანზაქციები მხოლოდ ფასის ვარდნისას ხორციელდება.