თუ ინვესტირების სამყაროში ახალი ხართ ან ცდილობთ, ინვესტიციების ჩადებისას უფრო ეფექტიანი და კოორდინირებული იყოთ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც უნდა გაიაზროთ, საინვესტიციო დროის ჰორიზონტია. სხვა სარგებელთან ერთად, ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რაში და როგორ უნდა დააბანდოთ ფული.
საინვესტიციო დროის ჰორიზონტის გააზრება
საინვესტიციო დროის ჰორიზონტი წარმოადგენს ვადას, რომელშიც თქვენს საინვესტიციო მიზნებს უნდა მიაღწიოთ. ეს საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ შეიძლება დიდი მოთმინება და ფიქრი დასჭირდეს თქვენთვის შესაფერისი ინვესტიციის შერჩევას და მის სათანადო დროის განმავლობაში შენარჩუნებას. ადამიანების უმეტესობას სხვადასხვა მიზნებისთვის განსხვავებული საინვესტიციო დროის ჰორიზონტი გააჩნია ან მათ დროთა განმავლობაში აკორექტირებს.
თქვენი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საინვესტიციო პროდუქტები გაინტერესებთ და რამდენი დრო დაგჭირდებათ კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
როგორ განისაზღვრება საინვესტიციო დროის ჰორიზონტი?
საინვესტიციო დროის ჰორიზონტები მკაცრად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ არსებობს ზოგადი კონსენსუსის ირგვლივ შექმნილი რამდენიმე პირობითი განმარტება:
მოკლევადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი. ეს არის ძალიან მოკლე საინვესტიციო პერიოდი, რომელიც რამდენიმე თვიდან არაუმეტეს ხუთ წლამდე მერყეობს. სამი წელი საკმაოდ ტიპური მოკლევადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტია ძალიან უსაფრთხო ინვესტიციებისთვის.
საშუალოვადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი. საშუალოვადიანი ინვესტიციების უმეტესობა 3-დან 10 წლამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება 5-დან 10 წლამდე ვადით განისაზღვროს. ეს პერიოდი გარკვეულ რისკებზე წასვლის საშუალებას იძლევა, რაც თქვენთვის საინტერესო ინვესტიციებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, საშუალოვადიანი საინვესტიციო დროის პერიოდი ხარისხიანი კომპანიების აქციების ფასის აღმასვლისთვის სავსებით საკმარისია, მაშინაც კი, თუ ისინი მფლობელობის პირველი 1-2 წლის განმავლობაში მერყეობით ხასიათდება.
გრძელვადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი. გრძელვადიანი ეწოდება ინვესტიციას, რომელსაც ინვესტორი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორების მიზანი ზოგადად საპენსიო დანაზოგების დაგროვებაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. გრძელვადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი ინვესტორებს საკუთარ თავზე საკმაოდ მაღალი რისკების აღების საშუალებას აძლევს.
საინვესტიციო დროის ჰორიზონტის შერჩევა
თქვენი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი უნდა შეესაბამებოდეს იმ ვადას, რომელიც საკუთარი საინვესტიციო მიზნის მისაღწევად გჭირდებათ. მაგალითად, თუ ფულის დაგროვება გსურთ სამ წელიწადში შვებულების ასაღებად და სამოგზაუროდ, ამ დროის მანძილზე ნაკლებად რისკიან აქტივებში ინვესტირებამ შეიძლება დამატებითი სარგებელიც მოგიტანოთ.
რისკებზე წასვლა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი დრო რჩება თქვენი პორტფელის აღსადგენად იმ შემთხვევაში, თუ საფონდო ბირჟაზე ან ზოგადად ეკონომიკაში რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება. თუ ძალიან გრძელვადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტი გაქვთ, შეგიძლიათ bear ბაზარიც კი გადალახოთ, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს ინვესტიციებში და მათი აღდგენის პერსპექტივებში. ასეთი რისკი თქვენს ფულს უფრო სწრაფად გაზრდაში ეხმარება, თუმცა, ამავდროულად, ზარალის რეალური შანსიც ჩნდება.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, გრძელვადიანი საინვესტიციო დროის ჰორიზონტის არსებობის შემთხვევაშიც, უფრო უსაფრთხო ინვესტიციებზე ფოკუსირდეთ, მაგრამ ასეთ დროის შეიძლება ხელიდან ზრდის დიდი შესაძლებლობა გაუშვათ. ყოველთვის არსებობს ბალანსი რისკსა და საინვესტიციო დროის ჰორიზონტს შორის და ის ყველასთვის განსხვავებულია.