ბიზნესის ეთიკა გულისხმობს პოლიტიკას, სტანდარტებსა და ქცევებს, რომლებიც ბაზარზე მყიდველსა და გამყიდველს შორის ნდობის განვითარებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ტრანზაქციის დროს ის ყოველთვის პირდაპირ არ ჩანს, ბიზნეს ეთიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის.
ბიზნეს ეთიკის გააზრება
ბიზნეს ეთიკა ეხება პოლიტიკასა და პროცედურებს — დაწერილი და დაუწერელი — რომლებიც, ნორმალური ეკონომიკური საქმიანობის დროს, მხარეებს შორის ნდობას ამყარებს. „ბიზნეს ეთიკას“ აქვს ძალიან ფართო განმარტება: ეს შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს, დაწყებული უშუალოდ კონტრაგენტთან გამჭვირვალობით (ანუ კრიტიკული ინფორმაციის არ დამალვა, რამაც შეიძლება ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს), დასრულებული პროფესიონალურად მოქმედებებით, როდესაც საქმე კოლეგებთან და კლიენტებთან ურთიერთობას ეხება. ძლიერი ბიზნეს ეთიკა იწყება ხელუხლებელი მორალური კოდექსით და მზადყოფნით, დაცულ იქნას იგი გაურკვეველ ან ცვალებად გარემოში.
რა თქმა უნდა, ბიზნესების უმეტესობის მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, თუმცა კომპანიებმა ასევე უნდა დაიცვან სხვადასხვა ეთიკური სტანდარტები, რომლებიც ბიზნესის წარმართვის ფონს ქმნის. პირველ რიგში, ეს გულისხმობს კომპანიის ფინანსური მონაცემების სიზუსტეს, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ინვესტირების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
რატომ არის ბიზნეს ეთიკა მნიშვნელოვანი?
მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ნდობის არსებობის გარეშე, უკიდურესად რთული ხდება რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნეს სცენარებს თან ახლავს სხვადასხვა სახის ცდუნება, რომლებიც ძირს უთხრის ნდობას: გარკვეული მომხმარებლებისთვის უპირატესობის მინიჭება, კრიტიკული ინფორმაციის დამალვა და ა. შ.
კომპანიების უმეტესობას გააჩნია პოლიტიკისა და პროცედურების წერილობითი სახელმძღვანელო, რომელიც კონკრეტულად ასახავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს თანამშრომელი კორპორატიული სტრუქტურის ფარგლებში. თუმცა ბიზნეს ეთიკის დიდი ნაწილი მდგომარეობს იმ დაუწერელ, ყოველდღიურ ქცევებში, რომლებიც კლიენტებსა და კოლეგებს შორის ნდობაზე მიუთითებს.
ბიზნეს ეთიკა რეალურ სამყაროში
მაგალითად, საინვესტიციო მრჩეველი, რომლის ზოგიერთი კლიენტი შეიძლება ოჯახის წევრი ან მეგობარიც იყოს, ვალდებულია თანაბრად მოემსახუროს ყველას.
თუ უფრო ექსტრემალურ მაგალითს განვიხილავთ, შეიძლება სავარაუდო მიუკერძოებელი მხარე კლიენტმა რაიმე განსაკუთრებულით დაასაჩუქროს (მაგალითად სამოგზაურო ტური, ძვირადღირებული საჩუქარი ან რამე მსგავსი). ამ შემთხვევაში შეიძლება ამ კლიენტისადმი განსაკუთრებული მოპყრობის ცდუნება გაჩნდეს. მოგვწონს, თუ არა, ეს არის მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა — კლიენტი ელოდება რაღაცას საჩუქრის სანაცვლოდ. ჯანსაღი ბიზნეს ეთიკის მიხედვით კი, ადგილი არ უნდა ჰქონდეს აშკარა ზეგავლენას, რაც მიუკერძოებელ მხარეს რომელიმე კლიენტისთვის უპირატესობის მინიჭებისკენ უბიძგებს. ეს ნიშნავს არა სამართლიანობის სახელით წამგებიან გარიგებებზე წასვლას, არამედ არასათანადო გავლენისგან თავის დაცვას.
რაც შეეხება რეალურ მაგალითს, როდესაც ბიზნეს ეთიკა უხეშად იქცა დარღვეული, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.