აქციების დაყოფა არის გზა, რომლის საშუალებითაც დირექტორთა საბჭოს შეუძლია აქციების რაოდენობა გაზარდოს და მათი ფასი შეამციროს. ეს არის ტაქტიკა, რომელიც აქციებს უფრო მცირე ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასი, დროთა განმავლობაში, ზედმეტად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაყოფის დროს, არც კომპანიის და არც თქვენი ინვესტიციის ღირებულება იცვლება, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ იმოქმედებს ეს თქვენს პორტფელზე. ამ სტატიაში კი გაიგებთ იმას, რისი ცოდნაც აქციების დაყოფის შესახებ გჭირდებათ.
აქციების დაყოფას თან ახლავს გარკვეულწილად დამაბნეველი არითმეტიკა, როგორიც არის „1/2“ ან „2/3“ და ა. შ. ბევრ სხვა მაგალითთან ერთად, ამ ფენომენის უკეთ გაგებაში პიცა დაგეხმარებათ.
წარმოიდგინეთ კომპანიის ღირებულება, რომელიც მთელი პიცით არის წარმოდგენილი. როდესაც აქციების ბაზარზე მიმოქცევის პროცესი დაიწყო, ეს პიცა გარკვეული რაოდენობის ნაჭრებად დაიყო. სიმარტივისთვის, დავუშვათ, რომ პიცა რვა ნაწილად დაიყო და თქვენ აქედან ორ ნაჭერს ფლობთ.
თუ კომპანია 1/2 პროპორციით დაყოფას გამოაცხადებს, აქციების რაოდენობა გაორმაგდება, ასე რომ, თავდაპირველი პიცა ამჯერად 16 ნაწილად დაიყოფა. მაშინ, როდესაც ადრე კომპანიის 2/8-ს ფლობდით, ახლა გექნებათ 4/16. გამოვა, რომ 2-ის ნაცვლად ახლა 4 აქციას ფლობთ, თუმცა დაყოფის შედეგად აქციების ფასი რაოდენობის ზრდის პროპორციულად მცირდება და შესაბამისად კომპანიაში თქვენი წილიც იგივე რჩება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადრე ფლობდით 10$-ის ღირებულების 2 აქციას, ახლა თქვენს მფლობელობაში იქნება 5$-ის ღირებულების 4 აქცია (2 x $10 = 4 x $5).
ასევე არსებობს აქციების „უკუ“ დაყოფა, ეს პროცესი საპირისპიროდ მიმდინარეობს: აქციების რაოდენობა მცირდება, მაგრამ მათი ფასი იზრდება. თუ კვლავ წინა მაგალითს დავუბრუნდებით, „უკუ“ დაყოფის შემდეგ თქვენ გექნებათ 1 აქცია, თითო აქციის ფასი კი $20 გახდება. ეს ხშირად იმისთვის კეთდება, რომ კომპანიამ დააკმაყოფილოს აქციების მინიმალური ფასის კრიტერიუმი, რომელიც კომპანიის ბირჟაზე შესვლისთვის არის საჭირო.
რა ხდება, როდესაც აქციები იყოფა?
ამგვარად, აქციების დაყოფა ინვესტორებს არ ამდიდრებს. ფაქტობრივად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც აქციების ფასის მათ რაოდენობაზე ნამრავლის ტოლია, როგორც უკვე ვნახეთ, აქციების დაყოფის შედეგად არ იცვლება.
თუმცა ინვესტორები ზოგადად დადებითად რეაგირებენ აქციების დაყოფის შესახებ კომპანიის განცხადებაზე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს მიანიშნებს მმართველი გუნდის სურვილზე, მოიზიდოს მეტი ინვესტორი. კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიები, რომელთა აქციებიც დაიყო, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა. შედეგად, თქვენი პორტფელისთვის ეს, შეიძლება, სასარგებლო იყოს.
როგორ ვისარგებლოთ აქციების დაყოფით
იმისთვის, რომ აქციების დაყოფამ თქვენზე იმოქმედოს, მანამ სანამ ეს მოხდება, კომპანიის აქციონერი უნდა გახდეთ.
თუ თქვენ ჯერ არ ხართ კომპანიის აქციონერი და დაყოფამ ფასი უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ყიდვამდე, კარგად უნდა შეისწავლოთ ეს აქციები, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს თქვენი პორტფელისთვის კარგი ინვესტიციაა.