უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway-ის ცნობილი აღმასრულებელი დირექტორი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება. ბაფეტმა დააგროვა ფასდაუდებელი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ფინანსური სამყაროს საზღვრებს სცილდება და ინვესტორს ბიზნეს სამყაროში ყველასთვის საყვარელ ფიგურად აქცევს. დღეს კი შემოგთავაზებთ მის სამ საუკეთესო რჩევას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გამოგადგებათ.
- იზრუნეთ საკუთარ გონებასა და სხეულზე
ალის შროდერის მიერ უორენ ბაფეტთან თანამშრომლობით დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში — The Snowball: Warren Buffett and the Business of Life, ინვესტორი ხაზს უსვამს საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობას და ამბობს: „სიცოცხლის ბოლომდე თქვენ მხოლოდ ერთი გონება და ერთი სხეული გექნებათ“.
მართალია, ბევრი წარმატებული ანტერპრენერი კვირის განმავლობაში ძალიან დატვირთულია, მაგრამ ნამდვილად წარმატებული ადამიანები არ უგულებელყოფენ საკუთარ ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას, ოჯახს, ჰობის და სხვა ინტერესებს. მათ კარგად ესმით, რომ თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებენ, საქმესაც დააზარალებენ.
სწორედ ის, რასაც აკეთებთ დღეს, განსაზღვრავს, თუ როგორ იმუშავებს თქვენი გონება და სხეული 10, 20 და 30 წლის შემდეგ. ბაფეტის დირექტივა ნათელია: თქვენი ქმედებები ახლა, ქმნის თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის არქიტექტურას მომავალში.
- დააწესეთ მკაცრი საზღვრები თქვენი ყოველდღიური საქმიანობის გარშემო
უორენ ბაფეტმა დიდი ხნის წინ გაიაზრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი დროა. სწორედ ამიტომ ის საკუთარ დროს ძალიან უფრთხილდება და მკაცრ საზღვრებს აწესებს.
ბაფეტი ამბობს: „განსხვავება წარმატებულ ადამიანსა და ძალიან წარმატებულ ადამიანს შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი თითქმის ყველაფერზე უარს ამბობს“.
ბაფეტის აზრით, აუცილებელია ვიცოდეთ, რაზე ვთქვათ „არა“, რათა კონცენტრირებულები ვიყოთ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს ხშირ შემთხვევაში „არა“-ს თქმას ისეთ რაღაცებზე, რაც ჩვენს მიზნებს არ შეესაბამება და თანხმობას იმ რამდენიმე საკითხზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნისკენ სვლისთვის და ბალანსის შესანარჩუნებლად.
სტივ ჯობსმა ერთხელ თქვა: „მე რეალურად ისევე ვამაყობ იმით, რაც არ გამიკეთებია, როგორც იმით — რაც გავაკეთე. ინოვაცია 1,000 რამეზე „არას“ თქმას გულისხმობს“.
ჩვენ რეალურად ვერ ვმართავთ დროს, მაგრამ, საკუთარი თავის გონივრულად მართვის გზით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ როგორ გამოვიყენებთ მას. ეს ნიშნავს „არას“ თქმას შესაძლებლობებზე, რომლებიც არ ეხმიანება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება ჩვენს პირად ან ორგანიზაციულ მისიას.
- გაამარტივეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი
ყოველდღე, მიუხედავად იმისა, ირჩევთ, რა მიირთვათ საუზმეზე თუ რა ჩაიცვათ, თქვენი ტვინი 35,000 გადაწყვეტილებას ამუშავებს. საღამოს კი დაღლილი ხართ და ვერც კი ხვდებით, რატომ.
დიდია ალბათობა, რომ გადაწყვეტილებებით დაღლილობის პრობლემის წინაშე დგახართ. ბაფეტის კიდევ ერთი რჩევა კი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებაში მდგომარეობს. გაიაზრეთ, რომ შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ეს ბუნებრივი მოვლენაა. წარუმატებლობის მინიმიზაცია მოითხოვს კარგი გადაწყვეტილებების მიღებას, ეს უნარი კი ხშირ შემთხვევაში შეცდომებისგან მიღებულ გამოცდილებას მოაქვს.
როდესაც ადგენთ ბარიერს თქვენი საკუთარი მიზნებისთვის, ნუ ჩავარდებით ხაფანგში, რომ ის სხვა ადამიანების წარმატების საზომით შეაფასოთ. სხვებთან შედარებების ნაცვლად, საკუთარ თავს შეეჯიბრეთ და ყოველდღიურად ეცადეთ, იყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე — გუშინ.