ინვესტირება შეიძლება რთული ჩანდეს მაშინ, როდესაც ბაზარზე მერყეობა იზრდება. ეს განსაკუთრებით ნეგატიურად დამწყებ ინვესტორებზე მოქმედებს. თუმცა, საფონდო ბირჟისთვის ეს არა უცხო, არამედ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. დღეს კი შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც ბაზრის მერყეობის დროს ჭკვიანურად ინვესტირებაში დაგეხმარებათ.
შეინარჩუნეთ პოზიტიური ხედვა
ინვესტირებისას მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ მომავლის პოზიტიური ხედვა და რამდენიმე დღის ან თუნდაც თვის დანაკარგებს თქვენი პანიკამდე მიყვანის უფლება არ მისცეთ. თუ, მაგალითად, S&P 500 ინდექსის (მოიცავს ამერიკის 500 ყველაზე ძლიერ კომპანიას) სტატისტიკურ მონაცემებს გადახედავთ, ნახავთ, რომ მთლიანი ბაზარი წლების განმავლობაში ზრდით ხასიათდება.
ჩადეთ ინვესტიცია გრძელვადიანი მიდგომით
თქვენი ასაკი უფრო მეტად უნდა იყოს საინვესტიციო სტრატეგიის განმსაზღვრელი, ვიდრე ბაზრისთვის დამახასიათებელი რყევები. თუ 60 წლის ხართ და მალე პენსიაზე გასასვლელად ემზადებით, მაშინ დიახ, თქვენი ფულის უფრო სტაბილურ ინვესტიციებში გადატანაზე უნდა იფიქროთ. თუმცა, თუ პენსიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაშინ შეგიძლიათ, მეტი რისკისა და, ამავდროულად, ანაზღაურების მქონე ინვესტიციებზე ფოკუსირდეთ.
ტრეიდერები ყურადღებას ამახვილებენ ბაზრის ყოველდღიურ რყევებზე, ინვესტირება კი გრძელვადიანი სტრატეგიაა. რაც უფრო უკეთ შეხედავთ დიდ სურათს, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ბაზრის მოკლევადიანი მოძრაობები თქვენზე ემოციურ ზეგავლენას იქონიებს.
მიმართეთ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას
ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის გამოყენებისას თქვენ ბაზრის მოძრაობების გამოცნობას არ ცდილობთ. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. ინვესტიციებს დებთ როგორც მწვერვალზე, ასევე ფასის ვარდნის დროს, რათა საბოლოოდ საშუალო ღირებულება შეამციროთ.
მოეშვით თქვენი საინვესტიციო პორტფელის განუწყვეტლივ შემოწმებას
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თქვენს მფლობელობაში აქციებისა და მათი ფასების ცვლილების ტენდენციების გამუდმებით შემოწმებაში ჯანსაღი არაფერია. ასეთი ქმედებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც შემდგომში მუდმივ შფოთვაში გადაიზრდება. ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტირებაზე, თქვენ ინვესტორი ხართ და არა ტრეიდერი, ამიტომ მოკლევადიანმა ვარდნამ თუ აღმავლობამ თქვენს გრძელვადიან სტრატეგიაზე გავლენა არ უნდა იქონიოს. რა თქმა უნდა, თქვენი ინვესტიციები უნდა აკონტროლოთ, დაინტერესდეთ იმ კომპანიებით, რომელთა აქციებსაც ფლობთ, მაგრამ ამ პროცესით შეპყრობილი ნუ გახდებით.