ფული თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მას სხვადასხვა ადამიანებისთვის განსხვავებული დატვირთვა გააჩნია. სასარგებლოა იმის გააზრება, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და, შესაძლოა, ფულის სხვადასხვა არქეტიპების ამოხსნა საკუთარი თავებისა და სხვების უკეთ გაცნობაში დაგვეხმაროს. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და ფულის 8 არქეტიპს განვიხილავთ.
- დამოუკიდებელი პიროვნება
თქვენ რისკის მოყვარული ხართ და საზღვრების გადალახვა თქვენთვის ჩვეული მოვლენაა. ანტერპრენერები სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. როდესაც დიდ მოგებას ხედავთ, მისკენ ნახტომებით მიემართებით. საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვა უნდა დაუსვათ: „როგორია ჩემი საზღვრები რისკებთან დაკავშირებით?“. იმის გარკვევა, თუ რამდენად დიდ გაურკვევლობას შეგიძლიათ გაუძლოთ, როგორ უნდა დააბალანსოთ ჯილდოსა და სიმშვიდის სურვილი, შეიძლება ფინანსური მოგზაურობის დროს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
- რომანტიკოსი
გიყვართ ფულის საკუთარი თავისა და სხვებისთვის დახარჯვა, რადგან ეს თავს კარგად გაგრძნობინებთ. გიზიდავთ ფუფუნება და ბიუჯეტის შედგენა თქვენთვის შემზღუდველია. დახელოვნებული ხართ იცხოვროთ იმით, რასაც სიამოვნება მოაქვს. თქვენთვის შეიძლება სასარგებლო იყოს იმის განხილვა, შეესაბამება თუ არა მოკლევადიანი ხარჯები თქვენს გრძელვადიან მიზნებს.
- მმართველი
ძალიან მოწადინებული ხართ, რომ ფული გამოიმუშაოთ და ამისთვის ბევრს მუშაობთ. თქვენი მიზანია იმპერიის აშენება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის სიმდიდრის შექმნა. ამ პროცესში საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით: „მსიამოვნებს თუ არა ეს მოგზაურობა? როგორ ზემოქმედებს სხვებზე ჩემი ნაბიჯები? ვინ იღებს სარგებელს და ვინ რჩება მის გარეშე?“
- „უმანკო“
შესაძლოა, ფულმა დაგთრგუნოთ. თქვენთვის რთულია ფულთან ურთიერთობა, მასზე საუბარი ან მისი მართვა. შეიძლება გყავდეთ პარტნიორი ან ფინანსური მრჩეველი, რომელიც თქვენს ანგარიშებს აკონტროლებს. სასარგებლო იქნება იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რას არიდებთ თავს ფულთან ურთიერთობისას. დაფიქრდით, რატომ შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს ამ დამოკიდებულების გამოსწორება და რა ზიანის მოტანა შეუძლია გარკვეული რეალობების უარყოფას.
- სახელგანთქმული
ფული თქვენთვის სტატუსს წარმოადგენს — ყიდულობთ ნივთებს, რათა იყოთ სოციალური გამოცდილების ნაწილი და შეიქმნათ თქვენთვის სასურველი იმიჯი. მოგწონთ ვარსკვლავივით ცხოვრება. დაფიქრდით, თქვენი ხარჯების რა ნაწილია გარეგანი მოტივებით გამოწვეული და რომელი ფსიქოლოგიური დაუცველობის თავიდან აცილებაში გეხმარებათ ეს ხარჯები.
- აღმზრდელი
გიყვართ გაცემა და თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრუნვა ფულის დახარჯვით გამოხატოთ. სხვებს ისე უჭერთ მხარს, რომ ძალიან გსურთ, მათ წარმატებას მიაღწიონ. შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო იყოს საკუთარი ფინანსური საჭიროებების გათვალისწინება.
- შემგროვებელი
გიყვართ დაზოგვა და საკუთარი თავისთვის ფინანსური სტაბილურობის შექმნა. ძალიან დახელოვნებული ხართ მატერიალიზმის კულტურის უარყოფაში, რადგან გრძელვადიან მიზნებზე ხართ ფოკუსირებული. თქვენთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს იმაზე დაფიქრება, რამდენად ღირს სიამოვნების მომავლისთვის გადადება.
- კავშირების შემქმნელი
ადამიანები და კავშირები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ფულსაც სწორედ ამ მიზნით იყენებთ. თქვენ აღმოაჩინეთ, რომ კავშირები შეიძლება ფულის გამომუშავებაში დაგეხმაროთ. თქვენთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს იმის ცოდნა, თუ რომელი კავშირების გაძლიერება შეუძლია ფულს და რომლის განცალკევება გსურთ თქვენი ხარჯებისგან.
თქვენი ფინანსური რეალობის გააზრება საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი მისწრაფებების მიმართ და გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა მათი კორექტირება. ის, რასაც არ ზომავთ, არ კონტროლდება. ასე რომ, თუ გსურთ თვალყური ადევნოთ საკუთარ პროგრესს, უფრო მეტის გაგება იმის შესახებ, თუ ფულის რომელ არქეტიპს მიეკუთვნებით, შესანიშნავი დასაწყისია.