უძრავ ქონებაში ინვესტირებით საშუალო შემოსავლის მიღება ცუდი სულაც არ არის. ინვესტორების უმეტესობა კმაყოფილია 8%-12%-ანი ანაზღაურებით ინვესტიციიდან, რომელიც გარკვეულწილად პასიურია. თუმცა, რატომ უნდა დაკმაყოფილდეთ საშუალოთი, როდესაც მეტის გამომუშავება შეგიძლიათ?
ამ სტატიაში მოცემული 5 საიდუმლო დაგეხმარებათ აჯობოთ საშუალო ინვესტორს და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მაღალი შემოსავალი მიიღოთ.
- ისარგებლეთ ბაზრის შესაძლებლობებით
ბაზრის ვარდნის პერიოდი შეიძლება ინვესტირებისთვის რთული იყოს. გამკაცრებული დაკრედიტება კაპიტალს ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის და დაბალმა მოთხოვნამ შეიძლება თავისუფალი უძრავი ქონების რაოდენობა გაზარდოს. დაცემული ბაზარი შეიძლება ყიდვისთვის კარგი დრო არ გვეგონოს, მაგრამ ის რეალურად ყიდვის საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის, რადგან ფასები შემცირებულია.
- გამოიყენეთ ბერკეტები თქვენს სასარგებლოდ
უძრავ ქონებაში ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება არის იპოთეკური სესხით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო გადასახადი ქირიდან მიღებულ შემოსავალს ამცირებს, ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ინვესტიცია მცირე თანხითაც ჩადოთ, რაც ROI-ის (ინვესტიციის ანაზღაურება) ზრდის.
- მიმართეთ თქვენი მფლობელობების დივერსიფიკაციას, მაგრამ კონცენტრირდით ნიშაზე
დივერსიფიკაცია ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუმცა, თუ თქვენი მიზანი უმაღლესი შემოსავლის მიღებაა, უძრავი ქონების ერთ ტიპზე ფოკუსირებას უპირატესობები გააჩნია – სულ მცირე გარკვეული ვადით.
უძრავი ქონების ყველაზე წარმატებული ინვესტორები იყვნენ ექსპერტები მოცემულ საინვესტიციო ინდუსტრიაში, სანამ თავიანთი უძრავი ქონების პორტფელის დივერსიფიკაციას დაიწყებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი თითქმის ექსკლუზიურად დებდნენ ინვესტიციებს სარემონტო სამუშაოებში, გასაქირავებელ საკუთრებებში ან მიწის ნაკვეთებში მანამ, სანამ დაიწყებდნენ ინვესტირებას აქტივთა სხვა კლასებში, როგორიც არის ბინები, სასაწყობე სივრცეების გაქირავება ან იპოთეკა. ნიშის დაუფლება მოგების მაქსიმიზაციას აადვილებს, რადგან შეგიძლიათ გააანალიზოთ შესაძლებლობები, მართოთ ყოველდღიური ოპერაციები სწრაფად და ეფექტურად.
მას შემდეგ, რაც შემოსავალს დააგროვებთ და სტაბილური ფულადი ნაკადებით იქნებით უზრუნველყოფილი, შეგიძლიათ დივერსიფიკაციაზე ორიენტირდეთ.
- ეძებეთ ხელსაყრელი გარიგებები
ქონების საბაზრო ღირებულებით შეძენა საშუალოზე მაღალ შედეგებს იშვიათად მოგცემთ. ფასდაკლებით ყიდვა არის ის, რაც თქვენს შესაძლებლობებს გაზრდის. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მეტი შრომა მოგიწიოთ, რათა თქვენთვის ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობები მოიძიოთ.
- მართეთ თქვენი პორტფელი
ინვესტორებმა, რომლებიც საშუალოზე მაღალ შემოსავალს იღებენ იციან, რომ თავიანთი ქონება ყურადღებით უნდა მართონ. უძრავი ქონების პორტფელის ცუდმა მენეჯმენტმა შეიძლება გადაჭარბებული ხარჯები გამოიწვიოს და თქვენი მოგება შეამციროს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორტფელის მართვის უნარებზე რეგულარულად იმუშაოთ, რათა მუდმივად განვითარდეთ, თქვენი მოგება მაქსიმალურად გაზარდოთ და მეტ წარმატებას მიაღწიოთ.