იმდენი საინვესტიციო ვარიანტი არსებობს, რომ ყველა მათგანის შესახებ მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორებმაც კი არ იციან. აქციების, ობლიგაციების და სხვა ინვესტიციების დიდმა მრავალფეროვნებამ, შესაძლოა, დამწყებები დააბრკოლოს, მაგრამ, რეალურად, ინვესტირების დაწყება საკმაოდ მარტივია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას საკუთარი საინვესტიციო მიზნები და ვადები გააჩნია, არსებობს ერთი ინვესტიცია, რომელიც ბევრ ადამიანს შეეფერება.
საინდექსო ფონდი
ინვესტირების დროს, თქვენი შემოსავალი მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ, ხოლო ზარალის რისკი შეამციროთ. ასე რომ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც უნდა ფოკუსირდეთ. პირველ რიგში, ინვესტიციები ძლიერ კომპანიებში უნდა ჩადოთ. ამ კომპანიებს, როგორც წესი, გარკვეული კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, როგორიცაა ბრენდის სახელის აღიარება, უნიკალური პროდუქტი ან დაბალი ფასები.
როდესაც თქვენთვის კომპანიის ღირებულებას აფასებთ, ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის გრძელვადიან ზრდის პოტენციალზე და არა მის ბოლოდროინდელ წარმადობაზე. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი ინვესტიციები გაყიდვამდე მინიმუმ 5-7 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ. ასე რომ, ინვესტიცია უნდა ჩადოთ მხოლოდ იმ კომპანიებში, რომლებიც, თქვენი აზრით, ამ დროის განმავლობაში კარგად იმუშავებს.
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ადამიანების უმეტესობა ამას რამდენიმე სექტორის მასშტაბით, მრავალ კომპანიაში ინვესტირებით აკეთებს. მაგრამ საჭირო არ არის, რომ თქვენი პორტფელი უამრავ განსხვავებულ აქციას მოიცავდეს.
თუ ინვესტიციას ჩადებთ S&P 500-ის საინდექსო ფონდში, თქვენ მიიღებთ საკუთრების წილს აშშ-ის 500 უმსხვილეს საჯარო კომპანიაში. შედეგად, თქვენი ფული ნაწილდება რამდენიმე კომპანიაზე, რომელთაგან ბევრი ინდუსტრიის ლიდერია. და მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წარმადობა მომავალი წარმატების გარანტი არ არის, S&P 500 ინდექსის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 10.7%-ს შეადგენს. ბევრი ტოპ აქტიურად მართული ურთიერთდახმარების ფონდიც კი ვერ აღწევს ასეთ შედეგს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკომისიო გადასახადებს გავითვალისწინებთ.
S&P 500-ის საინდექსო ფონდები ყველაზე ხელმისაწვდომ ინვესტიციებს შორის ერთ-ერთია. ზოგიერთ შემთხვევაში ხარჯების კოეფიციენტები (წლიური გადასახადები, რომლებსაც ყველა აქციონერი იხდის) 0.03%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით მხოლოდ $3-ს წელიწადში ყოველი ინვესტირებული $10,000-სთვის. ასეთი დაბალი საკომისიო კი მეტი შემოსავლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

როგორ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ერთ-ერთი ასეთ ფონდში?
S&P 500-ის საინდექსო ფონდები მრავალი კომპანიის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი. როგორც წესი, მათ სახელში “S&P 500” ფიგურირებს. ასეთი საინდექსო ფონდები საკმაოდ მსგავსია, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეს მცირე განსხვავებები იმის მიხედვით, თუ თქვენი ფულის რა ნაწილია თითოეულ აქციაში ინვესტირებული და რამდენს იხდით საკომისიოში.
სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელ მათგანში გსურთ ინვესტირება, თითოეული ვარიანტი კარგად განიხილეთ. ყურადღება მიაქციეთ მათ ეფექტურობას ინდექსთან შედარებით და ხარჯების კოეფიციენტებს, რათა დაადგინოთ, თუ რომელი უფრო მომგებიანია თქვენთვის.
რამდენიმე შენიშვნა
მიუხედავად იმისა, რომ S&P 500-ის საინდექსო ფონდი შეიძლება თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის შესანიშნავი საფუძველი იყოს, მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ინვესტიციას, თავისი შეზღუდვები გააჩნია. მართალია, ის გარკვეულწილად ინვესტიციების დივერსიფიცირებაში გეხმარებათ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მთელი თქვენი ფული აშშ-ში დაფუძნებულ მსხვილ კომპანიებში იქნება დაბანდებული. შესაძლოა, თქვენი პორტფელის კიდევ უფრო დივერსიფიცირებისთვის, საჭირო გახდეს გარკვეული თანხის საერთაშორისო აქციებში ინვესტირება.
გარდა ამისა, თქვენ ალბათ არ გსურთ მთელი თქვენი ფულის აქციებში დაბანდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პენსიაზე გასვლას უახლოვდებით. თქვენი დანაზოგის ნაწილის გადატანა ნაკლებად სარისკო ინვესტიციებში, როგორიცაა ობლიგაციები, დაგეხმარებათ, დაიცვათ ის, რაც გაქვთ. თქვენთვის საუკეთესო აქტივთა განაწილების განსაზღვრის ერთ-ერთ მეთოდს 110-ის წესი ეწოდება. 110%-ს თქვენი ასაკი გამოაკელით. მაგალითად, თუ 50 წლის ხართ (110 – 50 = 60), გამოვა, რომ თქვენი ფულის 60% აქციებში უნდა დააბანდოთ, ხოლო 40% – ობლიგაციებში.
ასევე, მზად უნდა იყოთ აღმავლობისა და დაღმასვლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რაში ჩადებთ ინვესტიციას. ყველაზე სტაბილურ კომპანიებსაც კი აქვს კარგი და ცუდი კვარტლები, ასე რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ, თუ დროდადრო ცოტა ფულს დაკარგავთ. გააგრძელეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება.