მარკ ცუკერბერგი არის თვითნასწავლი კომპიუტერული პროგრამისტი, Meta Platforms-ის (META) თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ეს კომპანია ადრე ცნობილი იყო, როგორც Facebook. სოციალური ქსელი, რომლის თავდაპირველ ვერსიასაც Facemash ერქვა, ცუკერბერგმა 2004 წელს დააარსა ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელ ოთახში ენდრიუ მაკკოლუმთან, დასტინ მოსკოვიცთან, კრის ჰიუზისთან და ედუარდო სავერინთან ერთად.
ამჟამად მარკ ცუკერბერგის ქონება $177 მილიარდს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით Meta-ს დამფუძნებელი მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
მარკ ცუკერბერგი 1984 წლის 14 მაისს, უაიტ პლეინსში, ნიუ-იორკში დაიბადა. ბავშვობაში მან გამოავლინა კომპიუტერისადმი მიდრეკილება. მარკმა BASIC (დამწყებთათვის ყოვლისმომცველი სიმბოლური ინსტრუქციის კოდი) პროგრამირების ენა ახლომდებარე კოლეჯში შეისწავლა და 12 წლის ასაკში შეიმუშავა მყისიერი შეტყობინებების აპლიკაცია, რომელსაც მისი მამა თავის ოფისში იყენებდა.
ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ სწავლა მეორე კურსის შემდეგ შეწყვიტა Facebook-ის განვითარებაზე ფოკუსირების მიზნით. ვებგვერდი წარმოიშვა ორი ადრინდელი წამოწყებიდან: FaceMash — პლატფორმა ჰარვარდის სხვა სტუდენტების მიმზიდველობის შესაფასებლად და HarvardConnection.com, ონლაინ სოციალური ქსელი.
2004 წელს HarvardConnection.com-ის სამმა დამფუძნებელმა, კამერონ და ტაილერ უინკლევოსებმა და დივია ნარენდრამ, უჩივლა ცუკერბერგს ვებგვერდიდან ინტელექტუალური საკუთრების სავარაუდო მოპარვის გამო. მათ 2008 წელს მიიღეს რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაცია ნაღდი ფულისა და აქციების ოფციების სახით. ტყუპმა უინკლევოსებმა სცადეს საქმის ხელახლა აღძვრა 2011 წელს, მაგრამ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავი მიღწევები
Facebook-ის IPO1 და შესყიდვები
2005 წლის შუა პერიოდში Facebook-მა $12.7 მილიონი მოიზიდა ვენჩურული კაპიტალის სახით და წვდომა ასობით უნივერსიტეტსა და საშუალო სკოლაზე გააფართოვა. ერთი წლის შემდეგ სოციალური ქსელი ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა და Yahoo!-მ კომპანიის შესაძენად $1-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა, რომელზეც ცუკერბერგმა მაშინვე უარი თქვა.
2012 წელს Facebook საჯარო საკუთრებაში გადავიდა და მისი IPO ინტერნეტ კომპანიების ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა — პლატფორმამ $16 მილიარდი მოიზიდა.
Meta Platforms-მა წლების განმავლობაში ათობით კომპანია შეიძინა, მათ შორის Instagram $1 მილიარდად 2012 წელს, WhatsApp $22 მილიარდად 2014 წელს, Oculus VR $2 მილიარდად ასევე 2014 წელს და რამდენიმე სხვა კომპანია, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროთი დაწყებული, ვინაობის იდენტიფიკაციის პლატფორმებით დასრულებული.
სიმდიდრე და ქველმოქმედება
მარკ ცუკერბერგი ცნობილია ქველმოქმედებითაც. 2010 წელს ნიუარკში, ნიუ-ჯერსიში სკოლების დასახმარებლად მისმა შემოწირულებებმა $100 მილიონს მიაღწია. 2014 წელს გამოცემა Philanthropy-მ მარკი და მისი მეუღლე — პრისცილა ჩანი გასული წლის ყველაზე გულუხვ ამერიკელ დონორებად დაასახელა მას შემდეგ, რაც მათ Silicon Valley Community Foundation-ს ქველმოქმედების სახით Facebook-ის 18 მილიონი აქცია გადასცეს.
2015 წლის 1 დეკემბერს ცუკერბერგმა და ჩანმა გამოაქვეყნეს თავიანთი ქალიშვილისთვის — მაქსისთვის განკუთვნილი წერილი, რომელშიც მათ Chan Zuckerberg Initiative-ის შექმნის შესახებ განაცხადეს. ამ ინიციატივის მიზანია, მარკი და პრისცილა შეუერთდნენ ხალხს მთელ მსოფლიოში ადამიანური პოტენციალის წინსვლისა და მომავალი თაობის ყველა ბავშვის თანასწორობის ხელშეწყობისთვის.
ცუკერბერგმა და ჩანმა განაცხადეს, რომ ინიციატივის საწყისი სფერო იქნება პერსონალიზებული სწავლება, დაავადებების განკურნება, ადამიანების დაკავშირება და ძლიერი საზოგადოებების შექმნა. წყვილის თქმით, ცხოვრების განმავლობაში, ისინი Meta-ს აქციების 99%-ს სწორედ ამ მისიას მოახმარენ.
მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემები
Meta Platforms-ს თითქმის დაარსების დღიდან ადანაშაულებენ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების, პოსტების, ასევე მყისიერი შეტყობინებების შეგროვებასა და გაყიდვაში. ეს ბრალდებები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე გაჩნდა. ზოგიერთი ბრალმდებელი ამტკიცებდა, რომ ამერიკელი ამომრჩევლები რუსეთის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი რეკლამების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.
2018 წლის მარტში მედია საშუალებებმა, მათ შორის The New York Times-მა და The Observer-მა განაცხადეს, რომ ბრიტანეთში დაფუძნებულმა პოლიტიკურმა საკონსულტაციო ფირმამ — Cambridge Analytica-მ ფული გადაუხადა გარე მკვლევარს, რათა შეეგროვებინა მონაცემები Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის შესახებ, მათი ნებართვის გარეშე. The New York Times იტყობინება, რომ Cambridge Analytica-ს მიზანი იყო მონაცემების გამოყენება ფსიქოგრაფიული მოდელირებისთვის ამომრჩეველთა გონების წასაკითხად და პოტენციურად არჩევნების შედეგზე ზემოქმედებისთვის.
2018 წლის აპრილში Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 87 მილიონი (და არა 50 მილიონი) მომხმარებლის ინფორმაცია შეცდომით იქნა გაზიარებული Cambridge Analytica-სთვის.
იმავე თვეში, მარკ ცუკერბერგი გამოჩნდა Capitol Hill-ში, რათა ჩვენება მიეცა პალატისა და სენატის კომიტეტებისთვის Facebook-ის მიერ მომხმარებელთა მონაცემების გამოყენების შესახებ.
სოციალური მედიის გიგანტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცუკერბერგმა და Facebook-ის სხვა წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც ყველა სხვამ, Cambridge Analytica-ს ჩართულობის შესახებ მედიისგან გაიგეს. მარკ ცუკერბერგმა ასევე გამოავლინა ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც Facebook აპირებდა მსგავსი ხასიათის მომავალი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის არის პლატფორმის დაცვა, სხვა აპლიკაციების გამოკვლევა და კონტროლის უკეთესი მექანიზმის შემუშავება.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] პირველადი საჯარო შეთავაზება — როდესაც კერძო კომპანია პირველად ყიდის აქციებს საჯაროდ.