რეი დალიო Bridgewater Associates-ის დამფუძნებელია. ის არის ამერიკელი მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება საფონდო ინდუსტრიის ჰეჯ-ფონდების სექტორში დააგროვა. რეი თვითშემდგარი მაგნატია, რომელმაც ცხოვრების საინტერესო და შთამაგონებელი გზა გამოიარა. ის მისაბაძი მაგალითია მეწარმეებისთვის, რომლებსაც საქმიანობის დასაწყებად დიდი კაპიტალი არ გააჩნიათ. რეი ფინანსურ საკითხებში მსოფლიოს ზოგიერთი უმდიდრესი ადამიანის მრჩეველია. დღეს კი ცნობილი ინვესტორის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
- მან საინვესტიციო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო
რეი დალიო ბავშვობაშიც კი ბრწყინვალე იყო ინვესტიციებსა და ფინანსებში. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი ლეგიტიმური ინვესტიცია განახორციელა. რეიმ შეიძინა $300-ის ღირებულების აქციები Northeast Airlines-ში. როდესაც Northeast სხვა კომპანიასთან გაერთიანდა, დალიომ ინვესტიცია სამჯერ გაზარდა. ეს იყო კარიერის დასაწყისი, რომელმაც იგი სიმდიდრისა და წარმატების თავბრუდამხვევ სიმაღლეებამდე მიიყვანა.
- რეი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან განათლების მიღება განაგრძო. რეიმ იცოდა, რომ ფინანსური მიმართულებით ნიჭი ჰქონდა და Long Island University-ში ფინანსების პროგრამაზე ჩაირიცხა. დალიომ ფინანსების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, მაგრამ მას სურდა შეექმნა მყარი საგანმანათლებლო საფუძველი მანამ, სანამ ბიზნეს სამყაროში კარიერას დაიწყებდა. იგი ჩაირიცხა პრესტიჟულ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, რომელიც 1973 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.
- კოლეჯის შემდეგ მუშაობა NYSE-ში დაიწყო
დალიომ სწავლის დასრულებისთანავე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ფირმებში მუშაობდა, რამაც მას ფინანსების სფეროში ბრწყინვალე კარიერის შექმნაში შეუწყო ხელი.
- მან Bridgewater Associates საკუთარ ბინაში დააარსა
1975 წელს რეი მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიზნეს სამყაროს საინვესტიციო სექტორში დამოუკიდებლად გაეკვალა გზა. საკუთარ ბინაში მან კომპანია Bridgewater Associates დააარსა. ეს იყო საინვესტიციო მენეჯმენტ ფირმა და ამ საქმიანობის შესახებ რეიმ ბევრი რამ იცოდა. მას გააჩნდა საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ წინ წასულიყო. ბოლოს და ბოლოს, მან საინვესტიციო კარიერა თინეიჯერობამდე დაიწყო. პირველი ოფიციალური ოფისი, რომელიც ფირმამ დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ გახსნა ვესტპორტში, კონექტიკუტის შტატში მდებარეობდა. ეს დამწყებთათვის ნამდვილად დიდი შთაგონებაა.
- რეი საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნავს
2018 წელს რეიმ Bridgewater Associates პარტნიორობად აქცია. ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ინვესტორი დარწმუნდეს, კომპანია მისი წასვლის შემდეგაც გააგრძელებს მოღვაწეობას. ამ პარტნიორობის დეტალების შემუშავებისას მან თანამშრომლებს ფირმის დიდი წილები გადასცა. ეს დალიოს მხრიდან გულუხვი ნაბიჯი იყო.
- იგი საშუალო ფენის ოჯახში გაიზარდა და მუდამ მუშაობდა
რეი დალიო მდიდარ ოჯახში არ გაზრდილა. იგი ბავშვობაშიც კი მუშაობდა, მაგრამ სწორედ ერთ-ერთმა სამსახურმა შთააგონა, ბედი საფონდო ბირჟაზე ეცადა. მხოლოდ 12 წლის ასაკში ის გოლფის მოთამაშეების დამხმარედ მუშაობდა, სადაც რჩევების მიღების შემდეგ გაუჩნდა იდეა, ინვესტიცია Northeast Airlines-ის აქციებში ჩაედო.
- იგი ქველმოქმედია
2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რეი დალიომ $760 მილიონზე მეტი გასცა იმ საქმისთვის, რომელიც მას ღირსეულად თვლის. დალიომ, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გაღებული შემოწირულობების ზედამხედველობის მიზნით, Dalio Foundation დააარსა. ფონდი სხვადასხვა მიმართულებებზეა ორიენტირებული, მათ შორის — განათლებაზე.
- იგი ბესტსელერის ავტორია
რეი დალიომ დაწერა წიგნი სახელწოდებით Principles. წიგნი გახდა ნომერ პირველი ბესტსელერი New York Times-ის სიაში. ნაშრომი განიხილავს დალიოს მოღვაწეობასა და ცხოვრების პრინციპებს, მკითხველს საშუალებას აძლევს, უკეთესად გაერკვეს ინვესტორის რწმენასა და ღირებულებებში. წიგნი ასევე განიხილავს Bridgewater-ის უნიკალურ კულტურას და იმ ფაქტორებს, რის გამოც ის ასე წარმატებული გახდა. ამ წიგნს მოჰყვა კიდევ ერთი ნაშრომი, Principles for Navigating Big Debt Crisis. ეს არის კვლევის შეჯამება, რომელიც დალიომ და მისმა ჯგუფმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამომწვევი კრიტიკული ეკონომიკური მოვლენების შესახებ ჩაატარა.
- მას მოგებული აქვს ორი ჯილდო
სულაც არ არის გასაკვირი, რომ რეი დალიოს ცხოვრებას ჯილდოებიც ამშვენებს. პირველი ჯილდო მას PlanSponsor-მა 2006 წელს მიანიჭა, ხოლო მეორე Alternative Investment News-მა — 2009 წელს.
- რეი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია
დალიო საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი. იგი Time Magazine-მა მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. Wired Magazine-მა და aiCIO Magazine-მა მას „ინვესტირების სტივ ჯობსი“ უწოდა. ეს არ არის შეფასებები, რომლებსაც მარტივად გასცემენ.