ნაწილობრივ მაღალი ინფლაციისა და სტაგფლაციის რისკის წყალობით, მიმდინარე წელს აქციებში ინვესტირება რთული იყო. მიუხედავად ამისა, ბაზარი ყველაზე რთული მდგომარეობის შემდეგაც აღმდგარა და დიდი შანსია, რომ ამჯერადაც ასე მოხდება.
თუმცა გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს: იმ დროისთვის, როდესაც ინვესტორები აღიარებენ, რომ ისინი მომდევნო აღდგენის შუაგულში არიან, ადრეული და დიდი შემოსავლის უმეტესი ნაწილი, შეიძლება, უკვე მიღწეული იყოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გქონდეთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ინვესტიციებში ბაზრის კრახის დროსაც დარჩეთ. ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, მაგრამ არსებობს ოთხი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ამის შესრულებაში დაგეხმარებათ.
- ორიენტირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე
აქციებში ინვესტირება საუკეთესოა, თუ თქვენ გრძელვადიანი დროის ჰორიზონტი გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს შეუძლია ნებისმიერ მოცემულ დღეს აღმასვლა ან დაღმასვლა განიცადოს, გრძელვადიან პერიოდში აქციების ეფექტურობა საბოლოოდ ძირითადი ბიზნესის ეფექტურობასა და პერსპექტივასთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი საბოლოოდ ძირითადი კომპანიის ნამდვილ ღირებულებას უნდა ასახავდეს, მას შეიძლება აქამდე მისასვლელად საკმაო დრო დასჭირდეს. შედეგად, თქვენ გჭირდებათ საკმარისი მოთმინება იმისთვის, რომ ამ გრძელვადიან დროის ჰორიზონტს დაელოდოთ და საკმარისი ობიექტური პერსპექტივა, რათა შეაფასოთ, თუ როგორ გამოიყურება ეს რეალური ღირებულება.
- დარწმუნდით, რომ თქვენი ფინანსები წესრიგშია
გაცილებით ადვილია ლოდინი, თუ თქვენი ფინანსები ამის ფუფუნებას გაძლევთ. მაგალითად, თუ თქვენი ფული მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, მაშინ ეს ფული აქციებს არ ეკუთვნის. მიზეზი მარტივია: თუ უახლოესი ხარჯების დასაკმაყოფილებლად თქვენს მფლობელობაში აქციების გაყიდვა მოგიწევთ, ეს ფული ბაზრის აღდგენას უბრალოდ ვერ დაელოდება.
მაშინაც კი, თუ ბაზარზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო ხარჯების გადადება შეგიძლიათ, თუ ხედავთ რისკს თქვენი ცხოვრების წესი, საფონდო ბირჟის დაღმასვლის გამო, საშიშროების წინაშე დგას, ეს, სავარაუდოდ, თქვენს აზროვნებაზე იმოქმედებს. ადვილია მოტყუვდეთ და გჯეროდეთ, რომ პოზიციები უნდა გაყიდოთ, სანამ აქციები კიდევ უფრო გაიაფდება. ამ პრობლემების წინაშე რომ არ დადგეთ, აუცილებელია საგანგებო ფონდი იქონიოთ. ეს დაგეხმარებათ დაფაროთ უახლოესი ხარჯები და ბაზრიდან ფულის ამოღებას თავი აარიდოთ.
- შეაფასეთ თქვენს მფლობელობაში არსებული აქციები
იმის გასაგებად, თუ როდის იაფდება აქცია, ჯერ უნდა გესმოდეთ რა ღირს ამ აქციის უკან არსებული კომპანია. ინსტრუმენტი, როგორიც არის დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) მოდელი, ამ შინაგანი ღირებულების გამოთვლაში დაგეხმარებათ. DCF ანალიზი გვეხმარება გავარკვიოთ ინვესტიციის ღირებულება დღეს, იმის საფუძველზე, თუ რამდენ ფულს გამოიმუშავებს ის მომავალში. დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდი ემყარება ფულის დროის ღირებულების კონცეფციას, რომელიც გულისხმობს, რომ ინდივიდის მფლობელობაში ახლა არსებული ფული მომავალში იმავე რაოდენობის ფულზე უფრო ღირებულია.
ამ მოდელის გამოსაყენებლად, თქვენ იწყებთ იმ ფულის ოდენობის შეფასებით, რომელსაც ბიზნესი მომავალში გამოიმუშავებს. შემდეგ აკვირდებით, თუ როდის გამოიმუშავებს ის ამ ფულს და აკეთებთ „ფასდაკლებას“ იმის მიხედვით, თუ რამდენად შორეულ მომავალში გამოიმუშავებს კომპანია ფულს და რამდენად სარისკოა ეს პროგნოზები. ბოლოს ყველა ამ ფასდაკლებულ მომავალ შემოსავალს აგროვებთ და შედეგად იღებთ საუკეთესო შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ღირს კომპანია.
ამ მიდგომის დადებითი მხარე ის არის, რომ მას შეუძლია, ბიზნესის ღირებულების გასაგებად, საფუძვლებზე და ოპერაციებზე დაფუძნებული გზა მოგცეთ. მეთოდის უარყოფითი მხარე ვარაუდებზე დაყრდნობაა.
- შეაფასეთ შეცდომების დაშვების რისკები და მიმართეთ დივერსიფიკაციას
სწორად შესრულებულმა დივერსიფიკაციამ, შეიძლება, მთლიან საინვესტიციო პორტფელზე თქვენი რომელიმე ინვესტიციის წარუმატებლობის გავლენა შეამციროს. ამ გზით, დროდადრო მცდარი აქციების შერჩევის მიუხედავად, შესაძლებლობა გეძლევათ, რომ მთლიანობაში შესანიშნავი შედეგი მიიღოთ.
თუმცა, საზრიანი დივერსიფიკაციის გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული შერჩეული აქციის ინდივიდუალურად ფლობის სურვილი გქონდეთ და ის მხოლოდ დივერსიფიკაციის მიზნის მისაღწევად არ აირჩიოთ. ამ გზით, მაშინაც კი, როდესაც რისკებს სხვადასხვა ინდუსტრიებზე ანაწილებთ, თქვენ მიერ შერჩეულ თითოეულ ინვესტიციას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
შეაერთეთ ეს ყველაფერი და მიიღებთ გეგმას, რომლის შესრულებაც უფრო ადვილია
ეს ოთხი ნაბიჯი ბაზრის რთულ პირობებში ნავიგაციას გაგიადვილებთ და თქვენი გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების შანსებს გააუმჯობესებს. ეს მეთოდები ბაზრის ვარდნის დროს თქვენს საინვესტიციო პორტფელს შემცირებისგან ვერ დაიცავს, მაგრამ კრიზისის დროს სიმშვიდის შენარჩუნების საშუალება მოგეცემათ.
ბაზრის ბოლოდროინდელი ვარდნა გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მყარი სტრატეგიის ქონა. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გეგმა, ახლა შესანიშნავი დროა დასაწყებად. თუ წინ ბაზრის მდგომარეობის გაუარესება გველის, მოხარული იქნებით, რომ მოემზადეთ და თუ უარესი უკვე უკან მოვიტოვეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესი გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.