მაღალი ინფლაცია ინვესტირებას ძალიან ართულებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისი ხელფასებიც მზარდ ხარჯებს არ შეესაბამება. თუმცა, თითქმის პარადოქსულია, რომ ინფლაცია ინვესტირებას კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის. ყოველივე ამის შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აქციების ფლობა კომპანიებში, რომლებსაც შეუძლიათ ცვალებად გარემოსთან ადაპტირება, მოგების გამომუშავება და ზრდა, შეიძლება, საუკეთესო შანსი იყოს თქვენი მსყიდველობითუნარიანობის დასაცავად.
ამ გამოწვევების მიუხედავად, ინვესტირების გაგრძელების აუცილებლობა მთავარ კითხვას ბადებს: კონკრეტულად როგორ აპირებთ ინვესტირებას მაღალი ინფლაციის პერიოდში? საჭიროა მეტი დაგეგმვა და გამძლეობა, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში.
შეინარჩუნეთ დანახარჯების დაბალი დონე
უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, როგორ შეამციროთ თქვენი ხარჯები. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა საწვავის ფასები ძალიან გაზრდილია, იფიქრეთ ამ მიმართულებით ხარჯების შემცირებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ხშირად გამოიყენეთ.
საკვები კიდევ ერთი მტკივნეული წერტილია. რესტორნებში სიარულის ნაცვლად ეცადეთ, კერძები სახლში მოამზადოთ, ამით თქვენს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.
აკონტროლეთ თქვენი ვალები
მას შემდეგ, რაც თქვენს მიმდინარე ხარჯებს შეამცირებთ, შემდეგი დიდი დაბრკოლება ვალების გადახდაა. ამის გაკეთების ყველაზე ეფექტური გზა „ზვავის“ მეთოდია. „ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.
ზოგიერთი დავალიანება, როგორიც არის თქვენი იპოთეკა, შესაძლოა ამ პროცესიდან გამორიცხოთ. ამის გაკეთებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ვალს დაბალი პროცენტი გააჩნია, ყოველთვიური გადახდები საკმარისად დაბალია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება არ შეაფერხოს და ის თქვენი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია. თუ ეს სამივე კომპონენტი არ მართლდება, მაშინ უკეთესი იქნება, რომ ინვესტირებამდე ეს დავალიანება „ზვავის“ მეთოდის გამოყენების პროცესში ჩართოთ.
დარწმუნდით, რომ სათანადო საგანგებო ფონდი გაგაჩნიათ
ყოველდღიური ხარჯების შემცირებით, საშუალება გეძლევათ, რომ ვალების დასაფარად ფულადი რესურსები გაათავისუფლოთ. ბევრი დავალიანების სრულად აღმოფხვრით კი კიდევ უფრო მეტი ფულის გამოთავისუფლებას შეძლებთ.
თუმცა, სანამ აქციებში აგრესიულ ინვესტირებას დაიწყებთ, ჯერ დარწმუნდით, რომ სათანადო საგანგებო ფონდი გაქვთ. აუცილებელია, რომ თქვენი დანაზოგი დაახლოებით სამიდან ექვს თვემდე ხარჯების დასაფარად საკმარის ფულად სახსრებს შეიცავდეს, რათა მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავება ინვესტიციების გაყიდვის გარეშე შეძლოთ.
საგანგებო ფონდის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ უკვე მშვიდად მიმართოთ ინვესტირებას. არსებულმა ინფლაციამ, შესაძლოა, ეს პროცესი უფრო გაართულოს, მაგრამ ეს გარემოება ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რადგან დაზოგილი ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება. ასე რომ, დღესვე დაიწყეთ თქვენი გეგმის შესრულება, გააუმჯობესეთ წარმატების შანსები და განაგრძეთ ინვესტირება თუნდაც არსებულ ინფლაციურ გარემოში.