ტერმინი „კონსერვატიული ინვესტირება“ ადამიანების უმეტესობისთვის ნიშნავს ფულის დაბანდებას უმსხვილეს, ყველაზე სტაბილურ, ნაკლებად რისკიან საწარმოებსა და აქტივებში, რაც, თავის მხრივ, ინვესტირებული თანხის უსაფრთხოებას განაპირობებს. მართალია, ზოგიერთი ინდუსტრია (როგორიცაა კომუნალური მომსახურება), ინვესტირების თვალსაზრისით კონსერვატიულად მიიჩნევა, თუმცა უბრალოდ მსხვილ, ცნობილ კომპანიებში ფულის დაბანდება წარმატებული კონსერვატიული საინვესტიციო მიდგომისთვის საკმარისი არ არის. კონსერვატიული ინვესტირების არსის ასე ვიწროდ გააზრება საბოლოოდ ადამიანებში დაბნეულობას იწვევს.
განმარტებები
კონსერვატიული ინვესტირების სწორად გაგებისას ცხადი ხდება, რომ ეს დაბალრისკიანი და დაბალი ანაზღაურების მომტანი სტრატეგია არ არის. ამ ტერმინის სრულად გასააზრებლად ინვესტორებმა ორ განმარტებას უნდა მიაქციონ ყურადღება.
- კონსერვატიული ინვესტირება არის სტრატეგია, რომელიც, მინიმალურ რისკზე წასვლით, საკუთარი კაპიტალის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნების ყველაზე დიდ ალბათობას გულისხმობს.
- კონსერვატიული ინვესტირება პირველ რიგში იმის გააზრებაა, თუ რა არის კონსერვატიული ინვესტიცია. შემდეგ კი მოქმედების გარკვეული ეტაპების გავლა, რათა დაადგინოთ, არის თუ არა კონკრეტული ინვესტიცია რეალურად კონსერვატიული.
ბევრი ინვესტორი ასკვნის, რომ ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის შეძენით, რომელიც კონსერვატიული ინვესტიციად კლასიფიცირდება, ფაქტობრივად კონსერვატიული ინვესტორი ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ინვესტორები მხოლოდ პირველ განმარტებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ასეთი მიდგომა კი შეზღუდული და არასწორია.
კონსერვატიული ინვესტიციის მახასიათებლები
თუ პირველი განმარტებიდან გამომდინარე, ინვესტორებმა უკვე იციან, რა კვალიფიცირდება კონსერვატიულ ინვესტიციად, მათ ასევე უნდა გაიაზრონ მისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც უკვე მეორე განმარტების საგანს წარმოადგენს. არსებობს სამი ფართო კატეგორია, რომელთა გამოყენებაც ინვესტორებს კონსერვატიული ინვესტიციის იდენტიფიცირებისთვის შეუძლიათ.
უსაფრთხოების ფაქტორი
ცხადია, ნებისმიერმა კონსერვატიულმა ინვესტიციამ სხვებზე უკეთ უნდა შეძლოს ბაზრის რთული პერიოდების გადალახვა. ამისათვის ის გარკვეული მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს. პირველ რიგში, ბიზნესს წარმოების დაბალი ღირებულება უნდა გააჩნდეს. ამ შემთხვევაში კომპანიას აქვს მთავარი უპირატესობა, რომელიც რთული პერიოდის დროს მოგების მიღების ან მცირე ზარალის დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ამასთან ბიზნესს კვლევისა და მარკეტინგის ძლიერი დეპარტამენტი უნდა ჰქონდეს. კომპანია, რომელსაც არ შეუძლია, მოერგოს ბაზრის ცვლილებებს და ტენდენციებს, გრძელვადიან პერსპექტივაში მარცხისთვის არის განწირული. დაბოლოს, მენეჯმენტი უნდა ფლობდეს ფინანსურ უნარებს. შედეგად, მმართველი გუნდი სათანადოდ იქნება გათვითცნობიერებული ისეთ საკითხებში, როგორებიც არის წარმოების ერთეულის ღირებულება, ინვესტირებულ კაპიტალზე ანაზღაურების მაქსიმალურად გაზრდა და ბიზნესის წარმატების სხვა აუცილებელი ელემენტები.
ადამიანების ფაქტორი
ეს თავისთავად გასაგები კვალიფიკაციაა კონსერვატიული ინვესტიციისთვის. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საქმის პროფესიონალებს შეუძლიათ მომგებიანი იყვნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიზნესი ზემოთ აღნიშნულ თვისებებს გამოავლენს. პატარა კომპანიას შეუძლია წარმატებას ერთი ან ორი განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანის ხარჯზე მიაღწიოს, თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად ეს საკმარისი არ არის. მთელი ორგანიზაცია პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუ მმართველ გუნდს სურს, კომპანია წარმატებული იყოს და კონსერვატიულ ინვესტიციად დარჩეს.
ბიზნესის მახასიათებლები
ამ შემთხვევაში მიზანია იმის დადგენა, თუ რა უპირატესობებმა/ნაკლოვანებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს/შეუშალოს ბიზნესს ზრდას და მეტი მოგების მიღებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ინდუსტრიის კონკურენტული ლანდშაფტია. ბევრი კონკურენტის არსებობამ ან მათმა ნაკლებობამ შეიძლება კონკრეტული კომპანიის წარმადობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს გადაჭარბებული რეგულირება.
მაშინაც კი, როდესაც კომპანია აშკარად აკმაყოფილებს კონსერვატიული ინვესტიციის პირობებს, მესამე ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.