როდესაც აქციების შესახებ ვსაუბრობთ, როგორც წესი, ვგულისხმობთ იმ კომპანიების წილობრივ საკუთრებას, რომლებიც საფონდო ბირჟების ლისტინგშია (საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცედურა) მოხვედრილი. დღესდღეობით საფონდო ბირჟა ინვესტიციისა და აქციებით ვაჭრობის სინონიმია, თუმცა ადრე სხვა რეალობა არსებობდა. საფონდო ბირჟას, დღევანდელი სახის მიღებამდე მრავალი ეტაპის გავლა მოუწია. პირველი საფონდო ბირჟა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა ისე, რომ აქ ერთი აქციაც კი არ მიმოიქცეოდა.
პირველ რიგში, მოდით განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს საფონდო ბირჟა. ეს არის ბაზარი, სადაც მყიდველები და გამყიდველები იყრიან თავს, რათა აქციებით, ობლიგაციებით და სხვა ფინანსური ფასიანი ქაღალდებით ივაჭრონ. ეს არის პლატფორმა, რომელიც საჯარო კომპანიებში საკუთრების წილების ყიდვა-გაყიდვის საშუალებას გვაძლევს.
საფონდო ბირჟაზე კომპანიები საჯარო ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომს ხდის საკუთარ აქციებს, რომლებიც ამ კომპანიებში წილობრივ საკუთრებას წარმოადგენს. ინვესტორებს, როგორებიც არიან ფიზიკური პირები, ინსტიტუციონალური ინვესტორები და ტრეიდერები, შეუძლიათ შემდეგ ეს აქციები ბროკერების ან ელექტრონული სავაჭრო პლატფორმების საშუალებით იყიდონ ან გაყიდონ. საფონდო ბირჟების ლისტინგში არსებული კორპორაციები, როგორც წესი, თავიანთი აქციების ყიდვა-გაყიდვით არ არიან დაკავებულნი. მართალია, მათ შეუძლიათ გამოისყიდონ საკუთარი აქციები ან ახალი აქციები გამოუშვან, თუმცა ეს ტრანზაქციები საფონდო ბირჟის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს.
ევროპაში ფულის გამსესხებლებმა დიდი ბანკების მიერ დატოვებული მნიშვნელოვანი ცარიელი სივრცეები შეავსეს. ფულის გამსესხებლები ერთმანეთში ვალებით ვაჭრობდნენ. კრედიტორს, რომელიც ცდილობდა თავიდან მოეშორებინა მაღალი რისკისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხი, შეიძლებოდა ის სხვა გამსესხებელთან სხვა კრედიტში გაეცვალა. ეს კრედიტორები სახელმწიფო სავალო ვალდებულებებსაც ყიდულობდნენ. როდესაც მათი ბიზნესის ბუნებრივი ევოლუცია გაგრძელდა, გამსესხებლებმა სავალო ვალდებულებების პირველ ინდივიდუალურ ინვესტორებზე გაყიდვა დაიწყეს. ამ სფეროში ვენეციელები ლიდერობდნენ და პირველებმა სწორედ მათ წამოიწყეს სხვა მთავრობების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.
რაც შეეხება პირველ საფონდო ბირჟას, ბელგიაში, ანტვერპში, ის ჯერ კიდევ 1531 წელს არსებობდა. ბროკერები და ფულის გამსესხებლები ხვდებოდნენ იქ, რათა ბიზნესთან, მთავრობასთან და თუნდაც ინდივიდუალურ ვალთან დაკავშირებულ საკითხებს გამკლავებოდნენ. უცნაურია წარმოვიდგინოთ საფონდო ბირჟა, რომელზეც ექსკლუზიურად თამასუქები და ობლიგაციები მიმოიქცეოდა, მაგრამ 1500-იან წლებში რეალური აქციები არ არსებობდა, იყო ბიზნეს-ფინანსისტების პარტნიორობის მრავალი სახე, რომელსაც მოჰქონდა შემოსავალი, როგორც დღეს აქციებს, მაგრამ არ არსებობდა ოფიციალური წილობრივი საკუთრება, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
1600-იან წლებში ჰოლანდიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა კორპორაციის წესდება მიანიჭა კომპანიებს, რომლებსაც სახელწოდებებში East India (აღმოსავლეთ ინდოეთი) ჰქონდა. იმპერიალიზმის ეპოქაში, როგორც ჩანს, ყველას ჰქონდა წილი აღმოსავლეთ ინდოეთისა და აზიის მოგებაში, გარდა იქ მცხოვრები ადამიანებისა.
აღმოსავლეთიდან საქონლის გადმოსაზიდი საზღვაო მოგზაურობები უკიდურესად სარისკო იყო — მეკობრეების თავდასხმის საშიშროებასთან ერთად, ცუდი ამინდისა და არასწორი ნავიგაციის რისკები არსებობდა. დაკარგული გემის მიერ ქონების განადგურების რისკის შესამცირებლად, გემის მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ინვესტორებს, რომლებიც მოგზაურობისთვის ფულს დახარჯავდნენ გემის ასაშენებლად და მისი ეკიპაჟით უზრუნველსაყოფად შემოსავლის პროცენტის სანაცვლოდ, თუ მოგზაურობა წარმატებული იქნებოდა. ეს ადრეული შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ხშირად მხოლოდ ერთი მოგზაურობის განმავლობაში არსებობდა, შემდეგ ისინი იშლებოდა და მომდევნო მოგზაურობისთვის ახალი ფირმები იქმნებოდა. ინვესტორები რისკს რამდენიმე სხვადასხვა საწარმოში ერთდროულად ინვესტირების საშუალებით ანაწილებდნენ, რითაც წარმატების შანსებს ზრდიდნენ, რადგან ყველა მათგანის კატასტროფით დასრულება ნაკლებად სავარაუდო იყო.
აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიების ჩამოყალიბებამ ბიზნესის წარმოების გზა შეცვალა. ყოველ მოგზაურობაზე ახალი ფირმის შექმნის ნაცვლად ეს კომპანიები გამოსცემდა აქციებს, რომლებიც იხდიდა დივიდენდებს ყველა იმ მოგზაურობიდან, რომელსაც კომპანია ახორციელებდა. ამან ფირმებს საშუალება მისცა, თავიანთი აქციებისთვის მეტი მოეთხოვა და უფრო დიდი ფლოტი აეშენებინა. ასეთი კომპანიები და წესდება, რომელიც კრძალავდა კონკურენციას, ინვესტორებისთვის უზარმაზარ მოგებას ნიშნავდა.
იქიდან გამომდინარე, რომ აღმოსავლეთ ინდოეთის სხვადასხვა კომპანიების აქციები ქაღალდების სახით იყო გამოშვებული, მფლობელებს მათი სხვა ინვესტორებზე გაყიდვა შეეძლოთ. სამწუხაროდ, საფონდო ბირჟა არ არსებობდა, ამიტომ ინვესტორს, ვაჭრობის განსახორციელებლად, ბროკერის მოძებნა უწევდა. ინგლისში ბროკერებისა და ინვესტორების უმეტესობა საქმიანობას ლონდონის სხვადასხვა კაფეში აწარმოებდა. სავალო ვალდებულებები და გასაყიდი აქციები მაღაზიების კარებზე იკვრებოდა ან ფოსტით იგზავნებოდა საინფორმაციო ბიულეტენის სახით.
საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორიის პირველი თავი აქ სრულდება, შემდეგ ნაწილში ლონდონისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟების, ასევე სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ვისაუბრებთ.