გაცვლითი სავაჭრო ფონდი არის გაერთიანებული საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების ტიპი, რომელიც ოპერირებს ურთიერთდახმარების ფონდის მსგავსად. როგორც წესი, ETF მიჰყვება კონკრეტულ ინდექსს, სექტორს, საქონელს, ან აქტივს, მაგრამ ურთიერთდახმარების ფონდისგან განსხვავებით, ETF შეიძლება საფონდო ბირჟაზე ისე მიმოიქცეოდეს, როგორც ჩვეულებრივი აქცია. ETF შეიძლება ისე იყოს სტრუქტურირებული, რომ მიჰყვებოდეს კონკრეტული პროდუქტის ფასსა თუ ფასიანი ქაღალდების დიდ და მრავალფეროვან კოლექციებს. ასევე ETF, შესაძლოა, კონკრეტულ საინვესტიციო სტრატეგიას იზიარებდეს.
პირველი ETF იყო SPDR S&P 500 ETF (SPY), რომელიც მიჰყვება S&P 500 ინდექსს და რომელიც დღეს ბირჟაზე აქტიურად მიმოიქცევა.
გაცვლითი სავაჭრო ფონდების (ETF) გაგება
ETF-ს გაცვლითი სავაჭრო ფონდი ჰქვია, რადგან ის ბირჟაზე ისევე მიმოიქცევა, როგორც აქციები. ETF-ს აქციების ფასი სავაჭრო დღის განმავლობაში მათ ყიდვა-გაყიდვასთან ერთად იცვლება. ურთიერთდახმარების ფონდები კი, მისგან განსხვავებით, ბირჟაზე არ მიმოიქცევა და მისი ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ დღეში ერთხელ ხდება ბირჟის დახურვის შემდეგ. გარდა ამისა, ETF ურთიერთდახმარების ფონდებზე უფრო რენტაბელური და ლიკვიდურია.
ETF არის ფონდის ტიპი, რომელიც მრავალ აქტივს ფლობს და არა რომელიმე ერთს, როგორც ეს აქციის შემთხვევაშია. იქიდან გამომდინარე, რომ ETF მრავალ აქტივს მოიცავს, ის შეიძლება დივერსიფიკაციისთვის მიზნით პოპულარული არჩევანი იყოს. ამგვარად, ETF შეიძლება შეიცავდეს ინვესტიციის ბევრ ტიპს, ისეთებს, როგორებიც არის: აქციები, ობლიგაციები, საქონელი, ან საინვესტიციო ტიპების ნაზავი. ETF შეიძლება სხვადასხვა ინდუსტრიების მასშტაბით ასობით ან ათასობით აქციას ფლობდეს ან მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაში ან სექტორში იყოს იზოლირებული.
ETF არის საბაზრო ფასიანი ქაღალდი, ანუ მისი აქციების ფასი ნებას რთავს დღის განმავლობაში ბირჟაზე ადვილად მიმოიქცეოდეს. შეერთებულ შტატებში ETF-ების უმეტესობა იქმნება, როგორც ღია ფონდები და 1940 წლის საინვესტიციო კომპანიის აქტს ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემდგომმა წესებმა შეცვალა მათი მარეგულირებელი მოთხოვნები. ღია ფონდები არ ზღუდავს პროდუქტში ჩართული ინვესტორების რაოდენობას.
ETF-ებში ინვესტირებული ნაღდი ფული
მსოფლიო მასშტაბით გაცვლით სავაჭრო ფონდებში ჩადებული ინვესტიციები ($ ტრილიონებში)
ETF-ს ტიპები
ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომია მრავალი სახის ETF, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემოსავლების მისაღებად, სპეკულაციისთვის, ჰეჯირებისთვის ან ინვესტორის პორტფელში რისკის ნაწილობრივ კომპენსირებისთვის. აი, დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომი ზოგიერთი ETF-ს მოკლე აღწერა:
საობლიგაციო ETF
საობლიგაციო ETF გამოიყენება ინვესტორების რეგულარული შემოსავლით უზრუნველსაყოფად. მათ მიერ შემოსავლის გამომუშავება დამოკიდებულია მათ საფუძველში არსებული ობლიგაციების შემოსავლიანობაზე. საობლიგაციო ETF შეიძლება შეიცავდეს სახელმწიფო ობლიგაციებს, კორპორაციულ ობლიგაციებს, ასევე, შტატისა და ლოკალურ ობლიგაციებს, რომლებსაც მუნიციპალური ობლიგაციები ეწოდება. მის საფუძველში არსებული ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, საობლიგაციო EFT-ს არ აქვს დაფარვის ვადა. საობლიგაციო ETF, ძირითადად, რეალური ობლიგაციის ფასის პრემიით ან დისკონტით იყიდება.
სააქციო ETF
სააქციო ETF მოიცავს აქციების კალათას, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიას ან სექტორს მიჰყვება. მაგალითად, სააქციო ETF შეიძლება მიჰყვებოდეს ავტომობილების ან უცხოური კომპანიების აქციებს. მიზანი ერთ ინდუსტრიაში ისეთი დივერსიფიცირებული პორტფელის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რომელშიც გაერთიანებული იქნება მაღალ ეფექტური და ასევე ახალბედა კომპანიის აქციები ზრდის დიდი პოტენციალით. ურთიერთდახმარების ფონდებისგან განსხვავებით, სააქციო ETF-ს უფრო დაბალი საკომისიო გადასახადი აქვს და არ მოიცავს ფასიანი ქაღალდების ფაქტობრივ მფლობელობას.
ინდუსტრიის/სექტორის ETF
ინდუსტრიის ან სექტორის ETF არის ფონდი, რომელიც კონკრეტულ სექტორზე ან ინდუსტრიაზეა ფოკუსირებული. მაგალითად, ენერგეტიკული სექტორის ETF მოიცავს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ამ სექტორში ოპერირებენ. ინდუსტრიული ETF-ის არსი კონკრეტული ინდუსტრიის დადებითი მხარეებით სარგებლობაში მდგომარეობს. ამასთან, ინდუსტრიის ETF-ით აქციის მერყეობის დონეც შემცირებულია, რადგან ის ფასიანი ქაღალდების რეალურ მფლობელობას არ გვთავაზობს.
სასაქონლო ETF
სასაქონლო ETF ნიშნავს ფართო მოხმარების საგნებში ინვესტირებას, ნედლი ნავთობის ან ოქროს ჩათვლით. სასაქონლო ETF-ს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, ის პორტფელის დივერსიფიკაციას ახდენს და რეცესიის ჰეჯირების საშუალებას იძლევა. ასევე, სასაქონლო ETF-ის ფლობა უფრო იაფია, ვიდრე თავად საქონლის. ეს იმიტომ, რომ მისი ფლობა არ მოითხოვს დაზღვევისა და შენახვის ხარჯებს.
სავალუტო ETF
სავალუტო ETF არის გაერთიანებული საინვესტიციო საშუალებები, რომლებიც მიჰყვება სავალუტო წყვილების წარმადობას. სავალუტო წყვილები ეროვნული და უცხოური ვალუტისგან შედგება. სავალუტო ETF მრავალ მიზანს ემსახურება. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სავალუტო სპეკულაციებისთვის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე დაყრდნობით. ასევე, სავალუტო ETF პორტფელის დივერსიფიცირებისა და რყევის რისკების ჰეჯირებისთვის გამოიყენება, ზოგიერთი მათგანი კი ინფლაციის საფრთხის ჰეჯირებისთვისაც.
ინვერსიული ETF
ინვერსიული ETF ნიშნავს აქციების ფასების კლებისგან მოგების მიღების მცდელობას. ამ სტრატეგიას shorting ეწოდება და გულისხმობს აქციების გაყიდვას იმ ვარაუდით, რომ მათი ფასი კიდევ უფრო დაიკლებს და შემდეგ მათ ამ დაკლებულ ფასად შეძენას. ამისთვის ინვერსიული ETF დერივატივებს (წარმოებული ფასიანი ქაღალდები) იყენებს. არსებითად ეს არის ფსონი იმაზე, რომ ბაზარი დაეცემა. როდესაც ბაზარი ეცემა, ინვერსიული ETF ამის პროპორციულად იზრდება. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ბევრი ინვერსიული ETF სინამდვილეში არის ETN და არა ნამდვილი ETF. ETN არის ისეთი ობლიგაცია, რომელიც ბაზარზე აქციის მსგავსად მიმოიქცევა და ემიტენტის მიერაა მხარდაჭერილი. აუცილებლად გაიარეთ თქვენს ბროკერთან კონსულტაცია, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თუ რამდენად შეეფერება ETN თქვენს პორტფელს.
ლევერეჯული ETF
ლევერეჯული ETF ამრავლებს (მაგალითად, 2× ან 3×) საფუძველში არსებული ფასიანი ქაღალდების შემოსავლებს. იმ შემთხვევაში, თუ S&P 500 1%-ით გაიზრდება, 2× ლევერეჯული S&P 500 ETF 2%-იანი შემოსავალს მოიტანს და თუ ინდექსი 1%-ით შემცირდება, ETF 2%-იან დანაკარგს მოგვცემს. ეს პროდუქტები იყენებს დერივატივებს, როგორებიც არის ოფციონები და ფიუჩერსული კონტრაქტები. ასევე არსებობს ლევერეჯული ინვერსიული ETF, რომელსაც ინვერსიული მრავლობითი შედეგი აქვს.
როგორ დავიწყოთ ETF-ში ინვესტირება
ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი პლატფორმების სიმრავლის გამო, ETF-ში ინვესტირება საკმაოდ ადვილია გახდა. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ გამოკვეთილ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ETF-ში ინვესტირება დაიწყოთ.
- იპოვეთ საინვესტიციო პლატფორმა: ETF ხელმისაწვდომია უმეტეს ონლაინ საინვესტიციო პლატფორმებზე, საპენსიო ანგარიშების პროვაიდერ საიტებზე და ისეთ საინვესტიციო აპლიკაციებში, როგორიც არის ამ პლატფორმების უმეტესობაზე სავაჭროდ ინვესტორს ETF-ის ყიდვა-გაყიდვისას არ უწევს საკომისიოს გადახდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ETF-ის მომწოდებელი მის პროდუქტზე წვდომის უფლებას თანმხლები ხარჯების გარეშე მოგცემთ.
- გამოიკვლიეთ ETF-ები: მეორე და უმთავრესი ნაბიჯი ETF-ში ინვესტირებისთვის მათი გამოკვლევაა. ამჟამად ბაზარზე ETF-ის ფართო ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. კვლევის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ETF ინდივიდუალური ფასიანი ქაღალდებისგან (მაგ. აქციები და ობლიგაციები) განსხვავდება. ETF-ში ინვესტორებისას თქვენ ინდუსტრიის ან სექტორის მთელი სურათის ხედვა დაგჭირდებათ. აი რამდენიმე კითხვა, რომელიც კვლევის პროცესისას დაგეხმარებათ:
- რა არის თქვენი დროის ჩარჩო ინვესტირებისთვის?
- რისთვის აკეთებთ ინვესტიციას: შემოსავლისთვის თუ ზრდისთვის?
- არის რაიმე სექტორი ან ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ?
- განიხილეთ სავაჭრო სტრატეგია: თუ თქვენ დამწყები ინვესტორი ხართ, დანახარჯების გასაშუალოება ან თქვენი საინვესტიციო ხარჯების გარკვეულ პერიოდზე გადანაწილება კარგი სავაჭრო სტრატეგიაა. ეს კარგია, რადგან შემოსავლებს გარკვეული პერიოდების მიხედვით ალაგებს და ინვესტირებისადმი უფრო დისციპლინირებულ მიდგომას წარმოადგენს. ამასთან, ეს დამწყებ ინვესტორებს ETF-ში ინვესტორების ნიუანსების უკეთ გაგებაში ეხმარება.
როგორ ვიყიდოთ და გავყიდოთ ETF
ETF-ით ვაჭრობა შეიძლება როგორც ონლაინ ბროკერების, ასევე ტრადიციული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ ETF შეიძინოთ თქვენი საპენსიო ანგარიშითაც. სტანდარტული ბროკერების ერთ-ერთი ალტერნატივაა რობოტი მრჩევლები, როგორებიც არის Betterment და Wealthfront, რომლებიც ხშირად იყენებს ETF-ს თავიანთ საინვესტიციო პროდუქტებში.
პოპულარული EFT-ის მაგალითები
ქვემოთ მოცემულია ბაზარზე ამჟამად პოპულარული EFT-ები.
- The SPDR S&P 500 (SPY): The “Spider” არის ყველაზე ძველი და ფართოდ ცნობილი ETF, რომელიც S&P 500 ინდექსს მიჰყვება.
- The iShares Russel 2000 (IWM) მიჰყვება Russell 2000 small-cap ინდექსს.
- The Invesco QQQ (QQQ) („cubes”) მიჰყვება Nasdaq 100 ინდექსს, რომელიც ტიპურად ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს მოიცავს.
- The SPDR Dow Jones Industrial Average (DIA) (“diamonds”) წარმოადგენს DIA-ს 30 აქციას.
- სექტორული ETF-ები მიჰყვება ისეთ ინდუსტრიებსა და სექტორებს, როგორებიც არის ნავთობი (OIH), ენერგია (XLE), ფინანსური სერვისები (XLF), უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები (IYR) და ბიოტექნოლოგია (BBH).
- სასაქონლო ETF-ები წარმოადგენს სასაქონლო ბაზრებს, რომლებიც მოიცავს ოქროს (GLD), ვერცხლს (SLV), ნედლს ნავთობს (USO) და ბუნებრივ აირს (UNG).
- ქვეყნის ETF-ები მიჰყვება უცხო ქვეყნების ძირითად ინდექსებს. მაგალითად: ჩინეთი (MCHI), ბრაზილია (EWZ), იაპონია (EWJ) და ისრაელი (EIS).
ETF-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები:
- სხვადასხვა ინდუსტრიების მრავალ აქციაზე წვდომა
- ფონდების ოპერირებისთვის და მართვისთვის საჭირო დაბალი დანახარჯები და დაბალი საბროკერო საკომისიოები
- დივერსიფიცირების საშუალებით რისკის მართვა
- ისეთი ETF-ების არსებობა, რომლებიც მიზნობრივ ინდუსტრიებზეა ორიენტირებული
უარყოფითი მხარეები:
- აქტიურად მართულ ETF-ებს უფრო მაღალი საკომისიო აქვს
- ერთ ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ETF ლიმიტირებული დივერსიფიკაციის ხარისხით ხასიათდება
- ლიკვიდობის ნაკლებობა ტრანზაქციებს აფერხებს
აქტიურად მართული ETF
ასევე, არსებობს აქტიურად მართული ETF, რომელშიც პორტფელის მმართველები უფრო ჩართულები არიან კომპანიების აქციების ყიდვა-გაყიდვასა და ფონდში აქტივების ცვლილებაში. როგორც წესი, აქტიურად მართულ ფონდს უფრო მაღალი საკომისიო აქვს, ვიდრე პასიურად მართულ ETF-ს. იმისთვის, რომ ინვესტორმა გაიგოს ღირს თუ არა ETF-ში ინვესტირება, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმართება ფონდი, აქტიურად თუ პასიურად. ამით განისაზღვრება ხარჯების შემოსავალთან შეფარდების ხარისხი.
აქტიური ფონდები პასიური ფონდების პირისპირ
2008-2018 წლებში აქტიური და პასიური ფონდების შედარება ($ ტრილიონებში)
განსაკუთრებული მოსაზრებები
ინდექსირებული აქციების ETF
ინდექსირებული აქციების ETF ინვესტორს საინდექსო ფონდის დივერსიფიცირების და რაც შეიძლება ნაკლები აქციის შეძენის უფლებას აძლევს, რადგან დეპოზიტის ქვედა ზღვარი არ არსებობს. თუმცა, ყველა ETF თანაბრად დივერსიფიცირებული არ არის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ერთ ინდუსტრიაზე, აქციების მცირე ჯგუფსა ან ისეთ აქტივებზე იყოს ფოკუსირებული, რომლებიც ერთმანეთთან მაღალ კორელაციაშია.
დივიდენდები და ETF
გარდა იმისა, რომ ETF ინვესტორებს აქციის ფასების ზრდისა და შემცირებისგან სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს, ისინი დივიდენდების გამცემი კომპანიებისგანაც სარგებლობენ. ETF აქციონერები იღებენ წილს მოგებიდან – გამომუშავებულ პროცენტებს ან დივიდენდებს და ასევე, კომპანიის ლიკვიდაციის უფლება აქვთ ძირითადი კაპიტალის სანაშთო ღირებულებაზე.
ETF და გადასახადები
ETF, ურთიერთდახმარების ფონდებთან შედარებით, გადასახადების კუთხით უფრო ეფექტურია, რადგან ყიდვა-გაყიდვა ბირჟის მეშვეობით ხდება და ETF სპონსორებს არ სჭირდებათ აქციების გამოსყიდვა, როდესაც ინვესტორი აქციების ყიდვას ან გაყიდვას გადაწყვეტს. ურთიერთდახმარების ფონდების შემთხვევაში, როდესაც ინვესტორი ყიდის თავის აქციებს, ის ამ აქციებს მიჰყიდის ფონდს და საკუთარ თავზე იღებს გადასახადს, რომელიც აქციონერთა ფონდმა უნდა დაფაროს.
ETF-ს გავლენა ბაზარზე
გამომდინარე იქიდან, რომ ETF ინვესტორებში საკმაოდ პოპულარული გახდა, ბევრი ახალი ფონდი შეიქმნა. შედეგად კი ზოგიერთი მათგანის სავაჭრო მოცულობა დაბალია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ინვესტორები ვერ შეძლებენ ადვილად იყიდონ ან გაყიდონ დაბალი მოცულობის ETF აქციები.
ETF-ს ბაზარზე გავლენასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები გაჩნდა. კონკრეტულად კი საინტერესოა ამ ფონდებზე მოთხოვნა თუ გამოიწვევს აქციების ფასების შემცირებას. ზოგიერთი ETF ეყრდნობა ისეთი პორტფელის მოდელს, რომელიც გამოუცდელია ბაზრის განსხვავებულ პირობებში და შეიძლება რესურსების უზარმაზარი შედინება და გადინება გამოიწვიოს, რაც ბაზრის სტაბილურობაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ETF-ის გამოშვება
ETF აქციებით მომარაგება რეგულირებულია მექანიზმით, რომელიც ცნობილია, როგორც გამოშვება და გამოსყიდვა, რაც მსხვილ სპეციალიზებულ ინვესტორებს მოიცავს და მათ ავტორიზებულ მონაწილეებს (AP) უწოდებენ. როდესაც ETF-ს დამატებითი აქციების გამოშვება სურს, AP ყიდულობს აქციებს ინდექსებიდან, როგორიცაა S&P 500, რომელსაც აკონტროლებს ფონდი და ყიდის ან ცვლის მათ ETF-ში ETF აქციებისთვის თანაბარი ღირებულებით. თავის მხრივ, AP ETF აქიციებს ბაზარზე მოგებისთვის ყიდის. როდესაც AP ყიდის აქციებს ETF სპონსორზე ETF აქციების სანაცვლოდ ტრანზაქციაში გამოყენებული აქციების ბლოკს ეწოდება შექმნის ერთეული.
აქციის გამოშვება, როდესაც აქციები პრემიით იყიდება
წარმოიდგინეთ ETF რომელიც ინვესტიციას აკეთებს S&P 500-ის აქციებში და ფასი დახურულ ბაზარზე არის $101. თუ იმ აქციების ღირებულება, რომელსაც ETF ფლობს თითო აქციაზე $100 იყო, მაშინ ფონდის ფასი – $101 წმინდა აქტივების ღირებულებასთან (NAV) შედარებით პრემიით გაყიდვას ნიშნავს. NAV ბუღალტრული მექანიზმია, რომელიც ETF-ში საერთო აქტივების ან აქციების ფასს განსაზღვრავს.
AP-ს აქვს სტიმული, რომ ETF აქციის ფასი ფონდის NAV-თან წონასწორობაში დააბრუნოს. ამის გასაკეთებლად AP ბაზრისგან იყიდის იმ აქციებს, რომლის პორტფელში შენარჩუნებაც ETF-ს სურს, შემდეგ კი ამ აქციებს მიყიდის ფონდს ETF აქციების სანაცვლოდ. ჩვენს მაგალითში AP ღია ბაზარზე ისეთ აქციებს ყიდულობს, რომელთა ფასიც თითო აქციისთვის $100-ია და ETF-ს ისეთ აქციებში ცვლის, რომლებიც ღია ბაზარზე $101-ად იყიდება. ამ პროცესს შექმნა ჰქვია და ბაზარზე ETF აქციების რაოდენობას ზრდის. თუ არაფერი შეიცვლება, ბაზარზე ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობის ზრდა ETF-ის ფასს შეამცირებს და ფონდის NAV-სთან წონასწორობაში მოიყვანს.
ETF-ის გამოსყიდვა
პირიქით, AP ასევე ყიდულობს ETF აქციებს ღია ბაზარზე. შემდეგ AP უკან მიჰყიდის ამ აქციებს ETF სპონსორს იმ ინდივიდუალური აქციების სანაცვლოდ, რომელსაც შემდეგ ღია ბაზარზე გაყიდის. ამის შედეგად, ბაზარზე ETF აქციების რაოდენობა მცირდება.
აქციების გამოშვებისა და გამოსყიდვის მოცულობა არის ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და იმის ფუნქცია, რომ ETF აქციები იყიდება დისკონტით ან პრემიით ფონდის აქტივებთან მიმართებაში.
გამოსყიდვა როდესაც აქციები იყიდება დისკონტით
წარმოიდგინეთ ETF ფონდი, რომელიც ფლობს აქციებს Russes 2000 small-cap ინდექსში და სავაჭრო ფასი თითო აქციაზე $99-ია. თუ იმ აქციების ღირებულება, რომელსაც ETF ფლობს თითო აქციაზე $100-ია, მაშინ ETF აქცია NAV-სთან შედარებით დისკონტით იყიდება.
იმისთვის, რომ ETF აქციის ფასი NAV-ს დაუბრუნდეს, AP ETF აქციებს ღია ბაზარზე შეისყიდის და შემდეგ უკან მიჰყიდის ETF-ს ინდივიდუალური აქციების სანაცვლოდ. ამ მაგალითში, AP-ს შეუძლია $99 დოლარად შეძენილი აქცია $100-ის ღირებულების აქციაში გადაცვალოს. ამ პროცესს გამოსყიდვა ეწოდება და ის ბაზარზე ETF აქციების მიწოდებას ამცირებს. როდესაც ბაზარზე ETF აქციების რაოდენობა მცირდება, როგორც წესი, ფასი მოიმატებს და მის NAV-ს მიუახლოვდება.
ETF vs. ურთიერთდახმარების ფონდები vs. აქციები
ETF | ურთიერთდახმარების ფონდები | აქციები |
ETF არის საინდექსო ფონდების ტიპი, რომელიც ფასიანი ქაღალდების კალათას აკონტროლებს. | ურთიერთდახმარების ფონდები არის გაერთიანებული ინვესტიციები ობლიგაციებში, ფასიან ქაღალდებში და სხვა ინსტრუმენტებში, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოსავალ. | აქციები არის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც წარმადობის საფუძველზე ანაზღაურებას უზრუნველყოფენ. |
ETF შეიძლება ბაზარზე NAV-თან შედარებით პრემიით ან დისკონტით მიმოიქცეოდეს. | ურთიერთდახმარების ფონდების ბაზარზე მიმოქცევა მიმდინარეობს მთლიანი ფონდების წმინდა აქტივების ღირებულებით. | შემოსავალი აქციებიდან ბაზარზე მათ რეალურ წარმადობას ეფუძნება. |
ETF ბაზარზე ჩვეულებრივ სავაჭრო დროს მიმოიქცევა, ისევე, როგორც აქციები. | ურთიერთდახმარების ფონდების გამოსყიდვა მხოლოდ სავაჭრო დღის ბოლოს შეიძლება. | აქციები ბირჟაზე რეგულარულ სავაჭრო საათებში მიმოიქცევა. |
ზოგიერთი ETF-ის შეძენა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე და უფრო იაფია, ვიდრე ურთიერთდახმარების ფონდები, რადგან ისინი არ საჭიროებენ მარკეტინგულ საფასურს. | ზოგიერთი ურთიერთდახმარების ფონდი არ იხდის დატვირთვის საკომისიოებს, მაგრამ უმეტესობა უფრო ძვირია, ვიდრე ETF, რადგან ისინი ადმინისტრაციულ და მარკეტინგულ გადასახადებს საჭიროებენ. | აქციების შეძენა ზოგიერთ პლატფორმაზე საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი და როგორც წესი, მათ შეძენის შემდეგი გადასახადი არ ახასიათებს. |
ETF არ გულისხმობს ფასიანი ქაღალდების რეალურ საკუთრებას. | ურთიერთდახმარების ფონდები საკუთარ კალათაში რეალურ ფასიან ქაღალდებს ფლობენ. | აქციები გულისხმობს ფასიანი ქაღალდების რეალურ ფლობას. |
ETF იძლევა რისკის დივერსიფიკაციის საშუალებას, სექტორის ან ინდუსტრიის სხვადასხვა კომპანიების ერთ ფონდში გაერთიანებით. | ურთიერთდახმარების ფონდები რისკის დივერსიფიკაციას ახდენენ ისეთი პორტფელის შექმნით, რომელიც მოიცავს აქტივების მრავალ კლასსა და უსაფრთხოების ინსტრუმენტებს. | რისკი აქციების წარმადობაშია კონცენტრირებული. |
ETF ვაჭრობა ხდება ნატურით, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოსყიდვა შეუძლებელია ნაღდი ფულით | ურთიერთდახმარების ფონდების აქციების გამოსყიდვა შესაძლებელია იმ დღისთვის ფონდის წმინდა აქტივების ღირებულებით. | აქციების ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ფულის საშუალებით ხდება. |
იმის გამო, რომ ETF ვაჭრობა ხდება ნატურით, ETF ამ სამ ფინანსურ ინსტრუმენტს შორის საგადასახადო კუთხით ყველაზე ეფექტურია | ურთიერთდახმარების ფონდები გვთავაზობენ საგადასახადო შეღავათებს, როდესაც ისინი დააბრუნებენ კაპიტალს ან შეიცავენ გარკვეული ტიპის გადასახადებისგან გათავისუფლებულ ობლიგაციებს თავიანთ პორტფელში. | აქციები იბეგრება ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადის ან კაპიტალის ზრდის განაკვეთებით. |
პირველი ETF
ხშირად პირველ ETF-ად მოიხსენიებენ SPDR S&P 500 ETF-ს (SPY), რომელიც State Street Globa Advisors-მა 1993 წლის 22 იანვარს ჩაუშვა. თუმცა, არსებობდა მისი ზოგიერთი წინამორბედი, განსაკუთრებით ფასიანი ქაღალდები სახელწოდებით – Index Participation Units, რომელიც ტორონტოს საფონდო ბირჟის (TSX) ლისტინგში იყო და Toronto 35 Index-ს მიჰყვებოდა, რომელიც 1990 წელს გამოჩნდა.
რით განსხვავდება ETF საინდექსო ფონდისგან?
საინდექსო ფონდი ხშირად მოხსენიებულია, როგორც ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც ინდექსს მიჰყვება. საინდექსო ETF დაახლოებით ანალოგიურად არის აგებული და ფლობს ინდექსის აქციებს. თუმცა, ETF უფრო რენტაბელური და ლიკვიდურია, ვიდრე საინდექსო ურთიერთდახმარების ფონდი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ETF დღის განმავლობაში პირდაპირ ბირჟაზე შეიძინოთ, როდესაც ურთიერთდახმარების ფონდებით ვაჭრობა მხოლოდ ბროკერების მეშვეობით, ყოველი სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ არის შესაძლებელი.
რამდენი ETF არსებობს?
ETF-ების რიცხვი, ისევე, როგორც მათ მიერ კონტროლირებული აქტივების რაოდენობა, ბოლო ორი დეკადის განმავლობაში დრამატულად გაიზარდა. 2020 წელს გლობალური მასშტაბით ინდივიდუალური EFT-ების რაოდენობა 7,602 იყო, 2019 წელს – 7,083 და 2003 წელს მხოლოდ – 276.