არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც დამწყები ინვესტორები აუცილებლად უნდა მოერიდონ, რათა საქმიანობიდან სასურველი შედეგების მიღება შეძლონ.
ინვესტირების სამყაროში დაუფიქრებლად „გადაშვება“
ინვესტირების საფუძვლები თეორიულად საკმაოდ მარტივია — იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად. თუმცა, პრაქტიკაში უნდა იცოდეთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში „იაფი“ და „ძვირი“.
ნებისმიერ ტრანზაქციაში, ის, რაც გამყიდველისთვის „ძვირია“ (საკმარისად), მყიდველისთვის „იაფია“ (საკმარისად). როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ორმა ადამიანმა განსხვავებული დასკვნა გამოიტანოს. ბაზრის ფარდობითი ბუნებიდან გამომდინარე, ამ ასპექტის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია.
დაუთმეთ დრო ფინანსურ განათლებას. იკითხეთ წიგნები პერსონალური ფინანსებზე, ინვესტირებაზე; თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ. რაც უფრო მეტი ცოდნა გექნებათ, მით უფრო მომგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას და მუდმივად ცვალებად ფინანსურ ლანდშაფტთან ადაპტირებას შეძლებთ.
„პენი“ (იაფი) აქციებზე ფოკუსირება
ერთი შეხედვით, პენი აქციების შეძენა შესანიშნავი იდეაა. სულ რაღაც $100-ით საკმაოდ ბევრი ასეთი აქციის შეძენას შეძლებთ, ლურჯი ჩიპის ერთი აქცია კი შეიძლება $50 ან მეტი ღირდეს. ამასთან, პენი აქციების საშუალებით (მათი ზრდის შემთხვევაში) გაცილებით მეტი მოგების მიღების შანსი გაქვთ.
თუმცა, ზოგიერთი ადამიანი შეცდომით მიიჩნევს, რომ დაბალფასიანი აქციების შემთხვევაში, დასაკარგიც ნაკლებია. სინამდვილეში, პენი აქციები, როგორც წესი, ბევრად უფრო სარისკოა, ვიდრე ძვირადღირებული აქციები, რადგან ისინი ნაკლებად რეგულირდება და ხშირად მეტი მერყეობით ხასიათდება.
მთელი ფულის ერთ ინვესტიციაში ჩადება
თქვენი კაპიტალის 100%-ის ერთ კომპანიაში დაბანდება, როგორც წესი, გონივრული გადაწყვეტილება არ არის. საუკეთესო ფირმებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე, რის შედეგადაც მათი აქციების ფასი მკვეთრად შემცირდება.
ინვესტორებს გაცილებით მეტი უპირატესობით უზრუნველყოფს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ფლობა. დივერსიფიკაცია არსებითად საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივსა და მათ კატეგორიებს შორის სტრატეგიულად განაწილებას გულისხმობს, რისი მიზანიც რისკის დაბალანსება და მართვაა. თუ თითოეული აქციის თავად შესარჩევად საკმარისი დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ინვესტიცია სხვადასხვა საინდექსო ფონდებში ჩადოთ. ეს გონივრული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით დამწყები ინვესტორებისთვის. საინდექსო ფონდებში ინვესტირება მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას მოგცემთ. ისინი უზრუნველყოფს წვდომას მრავალ აქციაზე და ცალკეულ კომპანიებში ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.
ნასესხები ფულით ინვესტირება
ინვესტირების მიზნით ფულის სესხება შეიძლება ცუდი გადაწყვეტილება იყოს, რადგან ეს თქვენს ფინანსურ რისკს ზრდის. ასეთი ნაბიჯი პოტენციურად მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს, თუ თქვენი ინვესტიციები არ გაამართლებს ან თუ საპროცენტო განაკვეთები მაღალია. ამან შეიძლება წარმოქმნას სტრესი დამატებითი ფინანსური ტვირთისა და გაურკვევლობის გამო.
იმ ფულის ინვესტირება, რომლის დაკარგვასაც ვერ გასწვდებით
ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში ინფლაცია ფულის მსყიდველუნარიანობას ამცირებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ნაღდი ფული აქციებში უნდა დააბანდოთ.
ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა და ის ფული, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, აქციებში არ უნდა დააბანდოთ. თუ ასეთი ფულით აქციებს შეიძენთ და საფონდო ბირჟის კრახის წინაშე აღმოჩნდებით, თქვენი ფულის ინვესტიციებიდან გამოტანა დაგჭირდებათ, რაც ძალიან საზიანოა, რადგან ამ დროს აქციების ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
ამიტომ, სანამ ინვესტირებით დაკავდებით, სარეზერვო ფონდი შექმენით. ბევრი ფინანსური დამგეგმავი გეტყვით, რომ გჭირდებათ 3 თვის საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი თანხა და ეს მხოლოდ მინიმუმია. უკეთეს შემთხვევაში, სჯობს ორიენტირად 6 თვე ან უფრო დიდი ვადა აიღოთ. ეს ფონდი იმოქმედებს, სწორედ როგორც „უსაფრთხოების ბადე“ ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, როგორიც არის, მაგალითად, სამუშაოს დაკარგვა.
სიახლეების საფუძველზე ინვესტირება
კომპანიის მხოლოდ საინვესტიციო სიახლეებზე დაყრდნობით შერჩევა საშინელი იდეაა. წყაროს მიუხედავად, თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებას სხვის რეკომენდაციაზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ. ყოველთვის თავად ჩაატარეთ კომპანიის ანალიზი, სანამ მასში თქვენი შრომით გამომუშავებულ ფულს დააბანდებთ. გახსოვდეთ, რომ გრძელვადიანი წარმატება საფუძვლიან კვლევას მოითხოვს.