უორენ ბაფეტი, რომელსაც ხშირად ომაჰას ორაკულს უწოდებენ, ლეგენდარული ინვესტორია, ამ სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამოცდილებით. მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, შესაძლოა, მრავალი დამწყები ინვესტორისთვის დიდ ინსპირაციად იქცეს. დღეს კი მის შესახებ დაწერილ საუკეთესო წიგნებს განვიხილავთ.
The Warren Buffett Way
თუ ეძებთ საინვესტიციო გაკვეთილებს იმ შთამბეჭდავი ჩანაწერებიდან, რომლებიც ბაფეტმა მოაგროვა, რობერტ ჰეგსტრომის ეს წიგნი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც გჭირდებათ. Warren Buffett Way ასახავს ყველა იმ წესს, რომელსაც ბაფეტი ინვესტირებისას იყენებს და მკითხველს ლეგენდარული ინვესტორის საინვესტიციო პორტფელზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.
წიგნი მოიცავს ცნობილ წესებს, როგორიცაა იმ ბიზნესში ინვესტირება, რომელშიც ერკვევით, Mr. Market-ის (წარმოსახვითი, ემოციური ინვესტორი, რომელიც ბენჟამინ გრეჰემის, ბაფეტის მენტორის მიერ არის გამოგონილი) იგნორირება და ასევე უფრო ღრმა გაკვეთილებს, რომლებიც ომაჰას ორაკულის რეალური ინვესტიციების მაგალითზე მიიღებთ. ეს არის შესანიშნავი წიგნი ინვესტორებისთვის, რომლებიც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამენ და შესაფერისი არჩევანია მაშინაც, როდესაც ფიქრობთ, რომ იცით, რას აკეთებთ.
The Essays of Warren Buffett: Lessons for Corporate America
გასაკვირია, რომ ბაფეტს თავად არასოდეს დაუწერია წიგნი. მთლიანობაში, აქციონერებისადმი განკუთვნილი მისი წერილები რამდენიმე წიგნის ტოლფასია, თუმცა ისინი რედაქტორის ნაკლებობას განიცდის. ლოურენს კანინგჰემმა ეს საკითხი გადაჭრა, მან ამ წერილების საფუძველზე სხვადასხვა საკითხების შესახებ ლეგენდარული ინვესტორის მოსაზრებები ჩამოაყალიბა.
The Warren Buffett CEO: Secrets from the Berkshire Hathaway Managers
The Warren Buffett CEO ომაჰას ორაკულის ინვესტორულ მხარეზე მეტად, მენეჯერულს განიხილავს. წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ ირჩევს ბაფეტი Berkshire-ის მრავალი შვილობილი კომპანიისთვის აღმასრულებელ დირექტორებს და როგორ აკონტროლებს მათ. The Warren Buffett CEO ამ ამბავს Berkshire-ის აღმასრულებლების დახმარებით მოგვითხრობს.
ეს წიგნი არ არის საინვესტიციო სახელმძღვანელო, მაგრამ აქ თქვენ შეიტყობთ ბევრ რამეს დიდი კომპანიებისა და შესანიშნავი მენეჯმენტის შესახებ — ეს ორი რამ ყველა ინვესტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღარაფერი ვთქვათ დამწყებ მენეჯერებსა და ბიზნეს პროფესიონალებზე. რაც მთავარია, წიგნში ნაჩვენებია უორენ ბაფეტის ის მხარე, რომელსაც ხშირად მისი საინვესტიციო პორტფელის წარმადობა ჩრდილავს. დიდ ინვესტორთან ერთად, ბაფეტი შესანიშნავი მენეჯერიცაა.
Dear Mr. Buffett: What an Investor Learns 1,269 Miles from Wall Street
ეს არის წიგნი, რომელიც ბაფეტის შესახებ არ არის, თუმცა ის აქ ერთ-ერთი მთავარი გმირია. ჯანეტ თავაკოლი არის სტრუქტურირებული ფინანსური ექსპერტი, რომლის წინა წიგნები ყურადღებას უზრუნველყოფილ სავალო ვალდებულებებზე ამახვილებს. იგი ბაფეტს შეხვდა და, 2009 წლის ფინანსური არეულობის შემდეგ, ინვესტორის ფილოსოფიასა და ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებაში მეტი მნიშვნელობა აღმოაჩინა. ეს წიგნი დაგეხმარებათ, უორენ ბაფეტი სხვაგვარად, სხვისი თვალით დაინახოთ.
The Snowball: Warren Buffett and the Business of Life და Buffett, Making of an American Capitalist
ეს ორი ბიოგრაფიული წიგნი უორენ ბაფეტის ცხოვრების საფუძვლიანი მიმოხილვაა. Buffett, Making of an American Capitalist პირველად 1995 წელს გამოქვეყნდა, თუმცა აუდიო წიგნის ვერსია შეიცავს რამდენიმე რევიზიას და განახლებებს ავტორის — როჯერ ლოვენშტეინის, The Wall Street Journal-ის ვეტერანი რეპორტიორის მიერ. ალის შრედერის The Snowball: Warren Buffett and the Business of Life დიდი (900-ზე მეტ გვერდიანი) წიგნია, რომელიც პირველად 2008 წელს გამოიცა და ბაფეტთან თანამშრომლობით დაიწერა. ეს წიგნები ბაფეტის ღირსშესანიშნავი ცხოვრებისა და მიღწევების უფრო ახლოს გაცნობაში დაგეხმარებათ.