თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების ვარდნის ყურება, შეიძლება, ძალიან რთული იყოს. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ბაზარი (და/ან თქვენი პორტფელი) ხვდება bear ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც განისაზღვრება, როგორც აქციების ფასების ბოლო მაჩვენებლებიდან მინიმუმ 20%-ით კლების გახანგრძლივებული პერიოდი.
მიუხედავად ამისა, bear ბაზარი პანიკისა და აქტივების გაყიდვის დასაწყებად შესაფერის დროდ არ უნდა აღიქვათ. ინვესტორებისთვის, რომლებსაც ბაზრის მიმართ გრძელვადიანი დამოკიდებულება აქვთ, bear ბაზრები რეალურად დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს. მოდით, საკითხს უფრო ჩავუღრმავდეთ.
თქვენ შეგიძლიათ საბაზისო ღირებულება შეამციროთ
როდესაც ბაზრები ცვალებადი ხდება და ინვესტორები განიხილავენ, თუ როგორ მოიქცნენ, ხშირად ისმის ფრაზა „გამოიყენე ვარდნა და იყიდე იაფად“. ეს არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელსაც, სწორად შესრულების შემთხვევაში, თქვენი მთლიანი შემოსავლის გაზრდა შეუძლია. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ და ფლობთ წილს კომპანიაში, რომლის ზრდის პოტენციალშიც დარწმუნებული ხართ, გეძლევათ შესაძლებლობა, რომ აქციების იაფად შეძენით თქვენი ინვესტიციის საბაზისო ღირებულება შეამციროთ. საბაზისო ღირებულება ფაქტობრივად არის თქვენ მიერ შეძენილი აქციების საშუალო ფასი, რაც ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე აქცია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასად შეიძინეთ.
თუ კომპანიის 10 აქცია $200-ად (თითო) შეიძინეთ, ინვესტიციის საბაზისო ღირებულება $200 იქნება. თუ აქციის ფასი $150-მდე შემცირდა და კიდევ 10 აქცია შეიძინეთ, საბაზისო ღირებულება $175-მდე დაიკლებს. აი, როგორ მუშაობს მათემატიკა:
- 10 აქცია X $200 = $2,000
- 10 აქცია X $150 = $1,500
- $3,500 / 20 აქცია = $175 თითო აქციაზე
ინვესტიციის საბაზისო ღირებულების მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, თუ რამდენ მოგებას მიიღებთ აქციების საბოლოო გაყიდვისას. თქვენ და ვინმე ინვესტორმა, შეიძლება, ერთი კომპანიის ერთი და იმავე რაოდენობის აქცია იმავე ფასად გაყიდოთ, მაგრამ დაბალი საბაზისო ღირებულების მქონე პირი უფრო მაღალ მოგებას მიიღებს. თუ ზემოაღნიშნული აქციის ფასი $300-მდე გაიზარდა და 20 აქცია გაყიდეთ, თითო აქციაზე $125-ის ტოლ მოგებას მიიღებთ. თუ სხვა ინვესტორის საბაზისო ღირებულება $200-ს შეადგენდა, მისი თითო აქციიდან მიღებული მოგება $100 იქნებოდა.
ასე რომ, bear ბაზარზე ფასის მოკლევადიანი ვარდნა იმ აქციაზე, რომელში ინვესტირებასაც გეგმავდით, შეიძლება განიხილოს, როგორც ფასდაკლება.
ფულადი სახსრების საჭიროება
bear ბაზრით ვერ ისარგებლებთ, თუ ფასდაკლებული აქციების შესაძენად ნაღდი ფული არ გაგაჩნიათ. არ არსებობს ერთი უნივერსალური პასუხი იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ფული უნდა გქონდეთ ხელმისაწვდომი, მაგრამ საზრიანი ინვესტორების სამოქმედო გეგმებში ნაღდი ფული მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
წარმოიდგინეთ, რომ ინვესტორი ხართ და Microsoft-ის მტკიცედ გწამთ. 2020 წლის მარტში, პანდემიის დასაწყისში, ამ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით $137-მდე დაეცა. ამ ფასის გათვალისწინებით, $1,370-ად 10 აქციის შეძენას შეძლებდით. 2022 წლის 9 მაისის მდგომარეობით ამ 10 აქციის ფასი $2,650-ზე მეტი იყო. თუმცა, ფულადი სახსრების არ ქონის შემთხვევაში, ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლებდით.
შეგიძლიათ ერთი ინვესტიცია მეორის შესაძენად გამოიყენოთ, მაგრამ ეს კარგი ვარიანტი არ არის და უმჯობესია თავიდან აიცილოთ. ამ შესაძლებლობებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრები (არა საგანგებო ფონდი) მნიშვნელოვანია.
ფოკუსირდით მიზანზე
საზრიანი გრძელვადიანი ინვესტორები აქციების ფასების ყოველდღიურ რყევებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. არასტაბილურობა არის და იქნება ინვესტირების განუყოფელი ნაწილი, ეს უბრალოდ გარდაუვალია.
ისტორიამ გვიჩვენა, რომ ფუნდამენტურად ჯანსაღი კომპანიები კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა, მაშინაც კი, თუ ისინი მოკლევადიან ვარდნას განიცდის. მოკლევადიან პერსპექტივაში ბაზრებს აღმასვლა და დაღმასვლა ახასიათებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ისინი იზრდება. საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ამ ცნებას ეფუძნება – მომგებიანია.