ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა ინვესტირება სულ რაღაც 11 წლის ასაკში დაიწყო და 30 წლისთვის მისი ქონება $1 მილიონს შეადგენდა. 50 წლის ასაკში ეს მაჩვენებელი $300 მილიონამდე გაიზარდა, 15 წელიწადში კი — $3 მილიარდამდე.
დღეს უორენ ბაფეტი 93 წლისაა და იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-7 ადგილს იკავებს — მისი ქონება $119.2 მილიარდს შეადგენს.
ახლა კი უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ბაფეტმა ჩვეულებრივად იცხოვრა, გამოიცვალა რამდენიმე სამსახური მანამ, სანამ მიხვდებოდა, რა სურდა ცხოვრებაში, 30 წლის ასაკისთვის კი შეძლო, ინვესტირების მიზნით, $25,000 დაეზოგა.
დავუშვათ, რომ ბაფეტმა მოახერხა თავის ინვესტიციებზე იგივე (როგორც რეალურად) წლიური ანაზღაურება გამოემუშავებინა (თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას არ ექნებოდა შესაბამისი განათლება და გამოცდილება) და პენსიაზე დაახლოებით 60 წლის ასაკში გავიდა, რაც მისი თაობის ადამიანებისთვის შესანიშნავი ვარიანტია.
რამდენი იქნებოდა ამ შემთხვევაში ბაფეტის ქონება დღეს? დაახლოებით $4 მილიარდი. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, თუმცა $115.2 მილიარდით ჩამოუვარდება მის ამჟამინდელ ქონებას.
თუ ვივარაუდებთ, რომ ჩვენს მაგალითში ბაფეტს შენარჩუნებული ჰქონდა ფინანსური ცოდნის იგივე დონე, საინვესტიციო უნარები, დისციპლინა, ძალისხმევა და ფოკუსირება, რამ გამოიწვია ასეთი უზარმაზარი სხვაობა შედეგებში? დრომ.
რთული პროცენტის ძალა
ელის შრედერის წიგნის — The Snowball: Warren Buffett and the Business of Life — მიხედვით, ახალგაზრდა ბაფეტი ხანდახან საკუთარ თავს ეჩურჩულებოდა — „ნამდვილად მსურს თმის შეჭრისთვის $300,000-ის დახარჯვა?“
უორენ ბაფეტს აშკარად არასდროს დაუხარჯავს $300,000 თმის შეჭრაზე. ეს ფრაზა ეხება დროთა განმავლობაში რთული პროცენტის ძალას, რასაც ბაფეტმა მოგვიანებით „მათუსალას ტექნიკა“ უწოდა: ხანგრძლივი ცხოვრების ფინანსური უპირატესობები, მაღალი ანაზღაურება და ამ ორივეს კომბინაცია.
რა თქმა უნდა, იგი მართალია: როდესაც საქმე სიმდიდრის დაგროვებას ეხება, დრო თქვენი მეგობარია. დავუშვათ, რომ $5,000-ის ოდენობით ინვესტიციას ახორციელებთ და წლიურად შედარებით კონსერვატიულ — 6%-იან ანაზღაურებას იღებთ. დროთა განმავლობაში თქვენი ინვესტიციის ღირებულება ასე გაიზრდება:
- 5 წელში: $6,691
- 10 წელში: $8,954
- 15 წელში: $11,982
- 20 წელში: $16,035
- 25 წელში: $21,459
- 30 წელში: $28,717
- 35 წელში: $38,430
- 40 წელში: $51,428
ცხადია, დრო თქვენი მეგობარია. და ასევე — ძალისხმევა.
ახლა დაწყების ძალა
უმეტესობა ჩვენგანი უორენ ბაფეტი არ არის. ჩვენ შედარებით მცირე კონტროლი გვაქვს საკუთარი ინვესტიციების ანაზღაურების მაჩვენებლებზე. თუმცა შეგვიძლია იმის გაკონტროლება, თუ რამდენს დავზოგავთ — რაც უფრო სწრაფად ვფოკუსირდებით დაზოგვასა და ინვესტირებაზე, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ მიზანს.
დროის ძალა
ეს პრინციპი მოქმედებს ბევრ გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, შესანიშნავი თანამშრომლის დაქირავებაც ინვესტირების ფორმაა, რომელსაც შეუძლია, წლების განმავლობაში დივიდენდები მოგიტანოთ.
ასევეა მნიშვნელოვანია სწორი ლოკაციის პოვნა. სწორი ბიზნეს პარტნიორის მოძიება. სწორი გამყიდველებისა და მომწოდებლების პოვნა. ცოტა მეტის დახარჯვა აღჭურვილობაზე, რომელიც შეასრულებს სამუშაოს როგორც ახლა, ისე მომავალი წლების განმავლობაში.
ხანდახან საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ შეძლებისდაგვარად იფიქრეთ რთული პროცენტის ეფექტზე. როგორია გრძელვადიანი სარგებელი? როგორი იქნება თქვენი ინვესტიციის ანაზღაურება არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალში?
საკვანძო ნაბიჯია ახლავე დაწყება — ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დროს თქვენს მეგობრად აქცევს და სულ უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.
გააკეთეთ ეს და არ დაკმაყოფილდებით სამუშაოსთვის კარგი კანდიდატის დაქირავებით; თქვენ განაგრძობთ ძებნას მანამ, სანამ არ იპოვით საუკეთესო კადრს.
გააკეთეთ ეს და ახალი სერვისის შემუშავებას მომავლისთვის არ გადადებთ. დაიწყებთ დღეს, რადგან ლოდინი იმას ნიშნავს, რომ ამ სერვისიდან შემოსავლის გამომუშავებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
ეს არის დროის ჭეშმარიტი ძალა — ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, სარგებელს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგიტანთ.
ამიტომ, დაიწყეთ დღეს!