კარლ აიკანი უოლ სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურაა. 1980-იან წლებში ეს „კორპორატიული თავდამსხმელი“ ცნობილი გახდა, როგორც vulture (მტაცებელი) კაპიტალისტი, ყიდულობდა საჯარო კომპანიების დიდი რაოდენობით აქციებს იმისთვის, რომ კორპორატიული ლიდერობისა და მართვის სტილში ექსტრემალური ცვლილებების შეტანის მოთხოვნის უფლება ჰქონოდა.
XX საუკუნის ბოლოს მისი რეპუტაცია შეიცვალა, რადგან კარლი აქტივისტი ინვესტორი1 გახდა. ინვესტორები მის კვალს მიჰყვებოდნენ და ყიდულობდნენ იმ კომპანიების აქციებს, რომლებზეც აიკანი ყურადღებას ამახვილებდა. აქციების ფასის ზრდა, რომელიც გამოწვეული იყო იმ მოლოდინით, რომ კარლ აიკანი კომპანიის ფარულ აქციონერულ ფასეულობას2 გამოავლენდა, ცნობილი გახდა როგორც “Icahn Lift”.
ადრეული ცხოვრება და განათლება
კარლ აიკანი 1936 წლის 16 თებერვალს ფარ როკავეიში, ქუინსში, ნიუ-იორკში დაიბადა. იგი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. დედამისი მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო მამას რამდენიმე პროფესია ჰქონდა — მასწავლებელი, ადვოკატი და რეგენტი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კარლი სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში, სადაც 1957 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში.
პრინსტონში სწავლის დასრულების შემდეგ, კარლი, მედიცინის შესასწავლად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თუმცა ორწლიანი სწავლის შემდეგ იგი შეერთებული შტატების არმიის რეზერვს შეუერთდა. საბოლოოდ აიკანი გახდა საფონდო ბირჟის ბროკერი, მუშაობდა რამდენიმე კომპანიაში, სანამ ბიძისგან აღებული $400,000-იანი სესხით თავის საბროკერო ფირმას — Icahn and Company-ს დააარსებდა.
მნიშვნელოვანი მიღწევები
აიკანმა პირველი გამარჯვება 1979 წელს Tappan Company-ში მოიპოვა. კომპანიის დირექტორთა საბჭოში ადგილის მოპოვებიდან მალევე, მან სამზარეულოს ღუმელის მწარმოებლის გაყიდვის გარიგებას მიაღწია და ამ ტრანზაქციისგან $3 მილიონი გამოიმუშავა.
ავიაკომპანია Trans World Airlines (TWA) აიკანის ადრეული მცდელობების მწვერვალი იყო. 1985 წელს მან ინვესტიცია ჩადო კომპანიაში, რომელსაც ოდესღაც ჰოვარდ ჰიუზი აკონტროლებდა. მალევე TWA-მ რამდენიმე მცირე რეგიონული ავია გადამზიდი კომპანია შეიძინა, რადგან აიკანი ცდილობდა, ავიაკომპანიის გაფართოებული მასშტაბი მისი მომგებიანობის გაზრდისთვის გამოეყენებინა. 1988 წელს მან კომპანია კერძო საკუთრებაში მოაქცია $650 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმის საშუალებით, რამაც ინვესტორს დაახლოებით $469 მილიონი მოუტანა.
საინვესტიციო ფილოსოფია
ერთხელ კარლ აიკანმა თქვა: „ჩემი საინვესტიციო ფილოსოფია, ზოგადად, გამონაკლისების გარდა, წარმოადგენს რაღაცის შეძენას მაშინ, როდესაც ის არავის სურს“. უფრო კონკრეტულად, როგორც “contrarian” ინვესტორი3, იგი ეძებს აქციებს დაბალი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით ან საბალანსო ღირებულებით4, რომელიც მიმდინარე საბაზრო შეფასებას აღემატება.
ამის შემდეგ აიკანი აგრესიულად ყიდულობს მნიშვნელოვან წილს კორპორაციაში, მოითხოვს სრულიად ახალი დირექტორთა საბჭოს არჩევას, ან აქტივების დივესტირებას (კაპიტალდაბანდებების ამოღება), რათა აქციონერები მეტი ფასეულობით უზრუნველყოს. კარლ აიკანი ხშირად საჯაროდ აკრიტიკებს კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს (CEO) და ამტკიცებს, რომ ბევრი ტოპ CEO-ს ანაზღაურება არ შეესაბამება აქციონერების მიერ მიღებულ სარგებელს.
[1] ინდივიდუალური ან ინსტიტუციონალური ინვესტორი, რომელიც ცდილობს, შეიძინოს საკმარისი წილი საჯარო კომპანიაში, რათა მის მმართველობაზე იქონიოს გავლენა.
[2] კომპანიის მიერ მიწოდებული ღირებულება იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც კომპანიაში აქციებს ფლობენ. აქციონერთა ფასეულობა იქმნება მაშინ, როდესაც კომპანიის მმართველი გუნდი იღებს ისეთ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპანიას საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი მოგება, დივიდენდები ან აქციების ფასი.
[3] ინვესტორი, რომელიც ინვესტიციებს საბაზრო ტენდენციების საწინააღმდეგოდ ახორციელებს.
[4] სხვაობა კომპანიის წმინდა აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.