მელოდი ჰობსონი არის ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ფინანსური განმანათლებელი, რომელიც სიღარიბეში დაიბადა. მისი მისია ამ მოცემულობიდან გაქცევა, წარმატების მიღწევა და ფულის უკეთ მართვაში სხვების დახმარება გახდა. ჰობსონი საინვესტიციო მენეჯმენტ ფირმის — Ariel Investments-ის თანა-აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს, რამდენიმე დიდი კომპანიისა და ორგანიზაციის საბჭო წევრია, ხშირად ჩნდება მედიაში და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.
ადრეული ცხოვრება და განათლება
მელოდი ჰობსონი 1969 წლის 3 აპრილს ჩიკაგოში დაიბადა. დედამისი მარტოხელა დედა იყო და მელოდის დაბადებისას უკვე ჰყავდა კიდევ ხუთი შვილი, რომლებიც მასზე ბევრად უფროსები იყვნენ.
ინვესტორმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დედამისი „ცუდ ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებდა“, რაც იწვევდა ოჯახის გამოსახლებას, უკეთეს შემთხვევაში კი მათ ელექტროენერგიის ან სატელეფონო მომსახურების გარეშე ტოვებდა. მელოდის თქმით, სწორედ ამ გამოცდილებამ აიძულა იგი, ფულის სწორად მართვით შეპყრობილი გამხდარიყო. საბოლოოდ კი ამან ინვესტორი ფინანსურ კარიერამდე მიიყვანა.
მელოდი რთულმა გამოცდილებამ ასევე წაახალისა, განათლებაზე ორიენტირებულიყო. შრომამ და კარგმა შეფასებებმა საბოლოოდ მელოდი „აღთქმულ მიწამდე“ — პრინსტონის უნივერსიტეტამდე მიიყვანა, სადაც იგი საერთაშორისო ურთიერთობებს და საჯარო პოლიტიკას სწავლობდა, ამასთან ბევრ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, მან დიდი დრო დაუთმო სხვადასხვა საინვესტიციო ფირმაში სტაჟირებების გავლას და მუშაობას.
1991 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, მელოდიმ მუშაობა დაიწყო Ariel Investments-ში, რომელსაც მისი მეგობარი, ასევე პრინსტონის კურსდამთავრებული — ჯონ როჯერს უმცროსი მართავდა. მან ამ ფირმაში კარიერული საფეხურები სწრაფად გაიარა, 2000 წელს Ariel Investments-ის პრეზიდენტი, ხოლო 2019 წელს თანა-აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
Ariel Investments არის ჩიკაგოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც მართავს ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორების აქტივებს საკუთარი ურთიერთდახმარების ფონდებისა და ცალკე მართული ანგარიშების მეშვეობით. მელოდის თქმით კი, მისი დამფუძნებელი — ჯონ როჯერსი „ვუნდერკინდია“ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ამ ფირმაში მუშაობის დაწყება.
კარიერული მიღწევები
მელოდი ჰობსონი დაკავებული ქალბატონია. გარდა იმისა, რომ იგი Ariel Investments-ს მმართველობის ქვეშ არსებული აქტივების (AUM — 2023 წლისთვის დაახლოებით $16 მილიარდს შეადგენს) გაზრდაში ეხმარება, იგი აქტიურად არის ჩართული უამრავ სხვა პროექტში.
ფინანსური წიგნიერების წამყვანი ხმა
მელოდი ფინანსური წიგნიერებისა და განათლების დიდი მომხრეა. წლების განმავლობაში ის ატარებდა კურსებს, გამოდიოდა ღონისძიებებზე და მუშაობდა მედიაში, რათა გაეზიარებინა თავისი ცოდნა ABC-ის Good Morning America-ს, CBS News-ის, Black Enterprise-ის მკითხველებთან და მაყურებლებთან.
მისი სტატიები და ვიდეოები მილიონობით ამერიკელს ფინანსური განათლების მიღებაში ეხმარება.
დაკრედიტების ექსპერტი
ჰობსონი თავის გამოცდილებას ამერიკის ზოგიერთი უმსხვილესი კომპანიის საბჭოსაც უზიარებს. 2021 წელს იგი Starbucks-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მელოდი ასევე იკავებს ადგილს JPMorgan Chase & Co.-ს საბჭოში და იგი ადრე რამდენიმე სხვა მსხვილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მათ შორის DreamWorks-ისა და Estée Lauder-ის.
ჰობსონი წლების განმავლობაში არაერთი სამოქალაქო, არაკომერციული და პროფესიული ორგანიზაციის საბჭოებშიც მუშაობდა. მათ შორისაა ჩიკაგოს ეკონომიკური კლუბი, ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმი და ჯორჯ ლუკასის განათლების ფონდი.
საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილი
ჩიკაგოში დაბადებული მელოდი აქტიურ როლს თამაშობს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა After School Matters-ის თავმჯდომარედ — ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ჩიკაგოს მოზარდებს მაღალი ხარისხის, სკოლის შემდგომ პროგრამებს სთავაზობს. იგი ასევე ჩიკაგოს საჯარო განათლების ფონდის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ამ ფონდის მოვალეობას წარმოადგენს ის, რომ ჩიკაგოში ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა მსოფლიო დონის საჯარო განათლებაზე.
აღიარება და ჯილდოები
მელოდი ჰობსონის შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და წლების განმავლობაში მან მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო დაიმსახურა. ბოლო დროის მისი მნიშვნელოვანი მიღწევებია:
- 2015 წელს ჟურნალ Time-მა იგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.
- გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც ჩიკაგოს ეკონომიკური კლუბის თავმჯდომარედ დასახელდა.
- მიიღო ლინკოლნის ორდენი, რომელიც ილინოისის შტატის უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენს.
- მიიღო ვუდრო ვილსონის ჯილდო — ის გადაეცემა პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომლის კარიერაც სახელმწიფო სამსახურისადმი ერთგულებას განასახიერებს.