სიტყვა „მოგება“ მომდინარეობს ლათინური არსებითი სახელიდან “profectus”, რაც პროგრესს ნიშნავს და ზმნიდან “proficere”, რაც ითარგმნება, როგორც „წინსვლა“.
მოგება წარმოადგენს ფინანსურ სარგებელს, რომელიც მიიღწევა მაშინ, როდესაც ბიზნეს აქტივობიდან მიღებული შემოსავალი აღემატება იმ ხარჯებს და გადასახადებს, რომლებიც ამ საქმიანობის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული.
მიღებული ნებისმიერი მოგება უბრუნდება ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც გადაწყვეტენ ის ნაღდი ფულის სახით ამოიღონ, აქციონერებზე დივიდენდების სახით გაანაწილონ, თუ ბიზნესში რეინვესტირებისთვის გამოიყენონ.
მოგების გააზრება
მოგება არის ფული, რომელსაც ბიზნესი ყველა ხარჯის გაწევის შემდეგ იღებს. იქნება ეს ლიმონათის სტენდი თუ საჯარო ვაჭრობის მრავალეროვნული კომპანია, ნებისმიერი ბიზნესის უპირველესი მიზანი ფულის გამომუშავებაა, ამიტომ ბიზნესის წარმადობა ეფუძნება მომგებიანობას, მის სხვადასხვა ფორმებში.
ზოგიერთი ანალიტიკოსი დაინტერესებულია ბიზნესის შემოსავლიანობით, ზოგი — მოგებით გადასახადების გადახდამდე და სხვა ხარჯების გაწევამდე. სხვები კი ბიზნესის მომგებიანობას აფასებენ მას შემდეგ, რაც ყველა ხარჯი იქნება გადახდილი.
მოგების სამი ძირითად ტიპს წარმოადგენს მთლიანი მოგება, საოპერაციო მოგება და წმინდა მოგება — მათ შესახებ ინფორმაციის ნახვა კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაშია შესაძლებელი. თითოეული მაჩვენებელი ანალიტიკოსებს აძლევს მეტ ინფორმაციას კომპანიის წარმადობის შესახებ, განსაკუთრებით, წარსულ შედეგებთან ან კონკურენტებთან შედარების შემთხვევაში.
მთლიანი, საოპერაციო და წმინდა მოგება
მომგებიანობის პირველი დონე არის მთლიანი მოგება, რომელიც ასე გამოითვლება:
მთლიანი მოგება = შემოსავლები – COGS
COGS — გაყიდული საქონლის წარმოების დანახარჯები
მაგალითად, თუ კომპანია A-ს გაყიდვებმა $100,000 შეადგინა, ხოლო COGS-მა — $60,000, ეს ნიშნავს, რომ მთლიანი მოგება ($100,000-$60,000) $40,000-ია. მთლიანი მოგების მარჟის გამოსათვლელად, მთლიანი მოგება გაყიდვებზე უნდა გაყოთ და 100%-ზე გაამრავლოთ. ანუ $40,000/$100,000 x 100% = 40%.
საოპერაციო მოგების გამოსათვლელად უნდა გაითვალისწინოთ საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა ზედნადები და სხვა არაპირდაპირი ხარჯები, ისევე როგორც სააღრიცხვო ხარჯები, როგორიც არის ცვეთა და ამორტიზაცია. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც EBIT-ს, ანუ მოგებას ვალის მომსახურების ხარჯების და გადასახადების გამოკლებამდე.
საოპერაციო მოგება = შემოსავალი – COGS – საოპერაციო ხარჯები – ცვეთა და ამორტიზაცია
წმინდა მოგება კი ბიზნესის ვალის მომსახურების ხარჯებს და გადასახადებს ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ ის მოგება-ზარალის ანგარიშგების ბოლოშია მოცემული, მას ზოგჯერ კომპანიის „ქვედა ხაზადაც“ მოიხსენიებენ (შემოსავალს კი „ზედა ხაზს“ უწოდებენ).
წმინდა მოგება = EBIT – ვალის მომსახურების ხარჯები – გადასახადები
წმინდა მოგება გვეუბნება, თუ რამდენად მომგებიანი იყო კომპანია მოცემული პერიოდის განმავლობაში. ეს ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას ვალების დასაფარად, პროექტების დასაფინანსებლად, დივიდენდების გადასახდელად, აქციების გამოსასყიდად ან კომპანიაში რეინვესტირებისთვის.