ღია ბაზარი არის ეკონომიკური სისტემა თავისუფალი ბაზრის აქტივობისთვის მცირე ბარიერებით (ან საერთოდ მათ გარეშე). ღია ბაზარს ახასიათებს ტარიფების, გადასახადების, ლიცენზირების მოთხოვნების, სუბსიდიების და ნებისმიერი იმ სხვა რეგულაციებისა თუ პრაქტიკების არარსებობა, რომლებიც თავისუფალი ბაზრის საქმიანობას ხელს უშლის. ღია ბაზრებს შეიძლება ახასიათებდეს შესვლის კონკურენტული, მაგრამ არა მარეგულირებელი, ბარიერები.
როგორ მუშაობს ღია ბაზარი?
ღია ბაზარზე საქონლისა და მომსახურების ფასის დადგენა ძირითადად განპირობებულია მიწოდებისა და მოთხოვნის პრინციპებით, შეზღუდული ჩარევით ან გავლენით დიდი კონგლომერატების ან სამთავრობო უწყებების მხრიდან.
ღია ბაზარი შეესაბამება თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას, რომელიც იმპორტისა და ექსპორტის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად არის შექმნილი. მყიდველებსა და გამყიდველებს სხვადასხვა ეკონომიკიდან შეუძლიათ ნებაყოფლობით ივაჭრონ მთავრობის მიერ ტარიფების, კვოტების, სუბსიდიების ან აკრძალვების პოლიტიკის გატარების გარეშე.
ღია ბაზრები vs დახურული ბაზრები
ღია ბაზარი მიჩნეულია უაღრესად ხელმისაწვდომად, თუ არსებობს მხოლოდ მცირე რაოდენობის წინაღობები, რომლებიც ფიზიკურ პირს ან კომპანიას მონაწილეობაში ხელს უშლის. აშშ-ის საფონდო ბირჟები ღია ბაზრებად არის მიჩნეული, რადგან მასში ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია მონაწილეობა და ყველა მონაწილისთვის ერთი და იგივე ფასია შეთავაზებული. ფასები განსხვავდება მხოლოდ მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილებების მიხედვით.
ღია ბაზარს შეიძლება კონკურენტული ბარიერები ახასიათებდეს. აქ, შესაძლოა, ძირითადი მოთამაშეები იმდენად კარგად იყვნენ პოზიციონირებულნი, რომ ახალი კომპანიებისთვის ბაზარზე შეღწევა რთული იყოს. თუმცა ღია ბაზარზე შესვლის მარეგულირებელი ბარიერები არ არსებობს.
ღია ბაზარი დახურული ბაზრის საპირისპიროა. ამ უკანასკნელს ახასიათებს ამკრძალავი რეგულაციები, რომლებიც თავისუფალი ბაზრის აქტივობას ზღუდავს. დახურულ ბაზარზე შეიძლება აკრძალული იყოს კონკრეტული მხარეების მონაწილეობა, ასევე შესაძლოა განისაზღვროს ფასები ნებისმიერი მეთოდით, რომელიც მიწოდებისა და მოთხოვნის მიღმაა. ბაზრების უმეტესობა არც ღიაა და არც — დახურული, ისინი ამ ორ უკიდურესობას შორის არის.
მაგალითად, აშშ, კანადა, დასავლეთ ევროპა და ავსტრალია შედარებით ღია ბაზრებია, ხოლო ბრაზილია, კუბა და ჩრდილოეთ კორეა — შედარებით დახურული.
დახურული ბაზარი, რომელსაც ასევე პროტექციონისტულ ბაზარს უწოდებენ ცდილობს, თავისი შიდა მწარმოებლები საერთაშორისო კონკურენციისგან დაიცვას. ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში უცხოურ ფირმებს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ კომპანიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ბიზნესს ჰყავს „სპონსორი“, რომელიც ადგილობრივი სუბიექტი ან მოქალაქეა და იგი ბიზნესის გარკვეულ წილს ფლობს. ქვეყნები, რომლებშიც ეს წესი დაცულია, სხვებთან შედარებით ღიად არ ითვლება.