გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა ყოველთვიურად გამომუშავებული შემოსავლის მთლიანად დახარჯვა — ყველა სასურველი ნივთის შეძენა მომავალზე ფიქრის გარეშე. როდესაც საქმე ფულს ეხება, პრობლემა არის ის, რომ ხშირად არ გვაქვს სამოქმედო გეგმა და მომავლისთვის საკმარის თანხას არ ვზოგავთ.
ეს სამწუხაროა, რადგან მომავლისთვის დაზოგვის უამრავი მიზეზი არსებობს. მომავალი მხოლოდ პენსიაზე გასვლას არ გულისხმობს, ხვალინდელი დღეც მომავალია. ამიტომ შეიძლება დაზოგვა მრავალი სხვადასხვა მიზეზით დაიწყოთ, მაგალითად, მანქანის ან სახლის შესაძენად, შვებულების პერიოდში სამოგზაუროდ და ა. შ.
სასურველი მომავლისთვის დაზოგვა არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ჩვენი შრომით გამომუშავებული ფულით შეგვიძლია.
- შექმენით ბიუჯეტი
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ბიუჯეტის შექმნა და მის მიხედვით მოქმედება. ეს ნაბიჯი გულისხმობს, რომ ობიექტურად შეხედოთ თქვენი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. დაახარისხეთ ხარჯები, თითოეული კატეგორიისთვის რეალისტური ლიმიტები დააწესეთ და ისინი რეგულარულად აკონტროლეთ
- გაიაზრეთ ფულადი ნაკადების კონცეფცია
თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ, თუ რა არის ფულადი ნაკადები, როგორ მუშაობს ისინი და როგორია თქვენი საოჯახო ხარჯები. გადახედეთ თქვენს შემოსავალსა და ხარჯებს, განსაზღვრეთ, როგორია თქვენი ხარჯვის ჩვევები.
- ამ საკითხზე თქვენს პარტნიორთან ერთად იმუშავეთ
თუ დაქორწინებული ხართ ან ვინმესთან ერთად ცხოვრობთ გაითვალისწინეთ, რომ საოჯახო ფინანსებთან დაკავშირებით კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა გადამწყვეტია. დაზოგვის მიზნით, მნიშვნელოვანია, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ორივე ადამიანი იაზრებდეს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამდეს.
- საჭიროებები და სურვილები ერთმანეთისგან განასხვავეთ
გაიაზრეთ განსხვავება საჭიროებებსა და სურვილებს შორის, განსაზღვრეთ თითოეულის როლი თქვენს ცხოვრებაში. შეძელით რაღაცაზე უარის თქმა, როდესაც ის თქვენს ფინანსურ მიზნებს არ შეესაბამება.
- ჩაატარეთ მიმოხილვა და განიხილეთ ხარჯების შემცირების მიმართულებები
ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რა ოდენობის თანხას ვხარჯავთ ყოველთვიურად, სანამ ხარჯებს კარგად არ გავაანალიზებთ. მიმოიხილეთ ყველაფერი, რაშიც ფულს იხდით. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ესა თუ ის ნივთი და აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში რამდენად არსებობს მისი უფრო იაფად შეძენის შესაძლებლობა. ამასთან, განიხილეთ, რა მიმართულებით შეგიძლიათ ხარჯების შემცირება და მეტი ფულის დაზოგვა.
- გაითვალისწინეთ შვილები
წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ შვილებს ხარჯვის და დაზოგვისა შესახებ ასწავლოთ. ასევე აუცილებელია მაგალითის მიცემა — ისინი თქვენს ქცევებს გაიმეორებენ. მათ ცხოვრებაში ფულის როლის განსაზღვრაში სწორედ თქვენ უნდა დაეხმაროთ.
- დაიწყეთ ახლავე
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, დაიწყეთ ახლავე. ხელისშემშლელი ფაქტორები ყოველთვის იარსებებს და საუკეთესო სიტუაციას ნუ დაელოდებით. დაზოგვა მომავლისთვის უნდა დარჩეს თქვენი გონებისა და ფინანსური ცხოვრების წინა პლანზე.
- ცხოვრებით დატკბით
დიახ, დღეს ჩვენ მეტი დისციპლინის, ხარჯების შემცირების და სხვა ასეთი საკითხების შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აწმყოში ცხოვრებით ტკბობა უნდა შეწყვიტოთ და ყველაფერი მომავლისთვის გადადოთ. შეგიძლიათ ფული გართობისთვის, დასვენებისთვის, დღესასწაულების აღსანიშნად გამოიყენოთ, თუმცა ამასთან დაზოგვის აუცილებლობაც არ უნდა დაივიწყოთ და თქვენი მომავლის შენება უნდა განაგრძოთ.