საბაზრო მანიპულაცია არის ქცევა, რომლის მიზანიც არის ინვესტორების მოტყუება ფასიანი ქაღალდების ფასის კონტროლის ან მასზე ხელოვნურად ზემოქმედების საშუალებით. მანიპულირება უმეტეს შემთხვევაში უკანონოა, მაგრამ მარეგულირებელი და სხვა ორგანოებისთვის მისი აღმოჩენა და დამტკიცება შეიძლება რთული იყოს.
საბაზრო მანიპულაცია შეიძლება მოიცავდეს ფაქტობრივად ცრუ განცხადებებსაც, მაგრამ მისი მიზანი ყოველთვის არის ფასებზე ზემოქმედება, რათა შეცდომაში შეიყვანოს ბაზრის სხვა მონაწილეები.
მანიპულაციის მეთოდები
მანიპულირება უფრო რთულია მაღალლიკვიდური ან მაღალი ბრუნვის მქონე ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ბევრად უფრო მარტივად არის საქმე „penny აქციების“ (იაფი აქციები, რომელთა საბაზრო ფასიც $5-ზე ნაკლებია) შემთხვევაში, რომლებიც, როგორც წესი, მცირე ყოველდღიური სავაჭრო მოცულობით ხასიათდება.
მანიპულაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მიკრო კაპიტალიზაციის მქონე აქციების ფასის ხელოვნურად გასაბერად მის გაყიდვამდე. ნაკლებად გამოყენებულ სქემას წარმოადგენს დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება კონკრეტული კომპანიის შესახებ, მისი აქციების იაფად შესაძენად.
ერთ-ერთი გავრცელებული სქემაა „შეკვეთების გაყალბება“, რომელიც ყიდვის ან გაყიდვის დიდი რაოდენობის შეკვეთების განთავსებას (ფასის ცვლილების მიზნით), სხვა მოვაჭრეების მიერ შესაბამისი შეკვეთების განხორციელების შემდეგ კი მათ გაუქმებას გულისხმობს.
სავალუტო მანიპულაცია
სავალუტო მანიპულაცია არის ბრალდება, რომელიც ხშირად გამოიყენება სავაჭრო ან გაცვლითი კურსის დავების დროს, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ სავაჭრო პარტნიორების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, აშშ დოლართან მიმართებით თავიანთი ვალუტის გაცვლით კურსს ხელოვნურად ამცირებენ ექსპორტის გასაზრდელად. მთავრობები და ცენტრალური ბანკები შეიძლება დაადანაშაულონ სავალუტო მანიპულაციაში, თუ ისინი დაადგენენ გაცვლით კურსს ან, დროდადრო, საბაზრო ტრანზაქციების საშუალებით, მასზე ირიბად ზემოქმედებას შეეცდებიან. სავალუტო მანიპულაცია უფრო პოლიტიკური ტერმინია, ვიდრე იურიდიული, რადგან სავალუტო პოლიტიკას სუვერენული ქვეყნები ადგენენ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კონგრესისთვის ამზადებს ნახევარწლიურ ანგარიშს აშშ-ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მაკროეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის შესახებ 1988 წლის Omnibus Trade and Competitiveness Act-ის (ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის აქტი) შესაბამისად. ეს ანგარიში იყენებს შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც გაწერილია 2015 წლის Trade Facilitation and Trade Enforcement Act-ში (ვაჭრობის ხელშეწყობისა და აღსრულების აქტი). 2021 წლის დეკემბრის ანგარიშში ასახულია დასკვნა, რომ აშშ-ის არცერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს არ მიუმართავს სავალუტო მანიპულაციისთვის, რათა მოეპოვებინა არასამართლიანი კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო ვაჭრობაში. ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ ვიეტნამისა და ტაივანის შემთხვევები დამატებით შემოწმებას საჭიროებს.
სავალუტო მანიპულაციის სარჩელის მაგალითი
2019 წლის 5 აგვისტოს ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) დაადგინა ჩინური იუანის კურსი, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად აშშ დოლართან მიმართებით ჩინური ვალუტის გაუფასურებას და აშშ-ში ჩინეთის ექსპორტის გაიაფებას გულისხმობდა. კურსი დადგინდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ $300 მილიარდის ღირებულების ჩინურ იმპორტზე 10%-იანი ტარიფების დაანონსების შემდეგ, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 სექტემბერს შევიდა. ტრამპის ადმინისტრაციამ კი ჩინეთი სავალუტო მანიპულაციაში დაადანაშაულა.