მაკრო მენეჯერი არის უფროსი ან ზედამხედველი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი სამუშაო მინიმალური პირდაპირი ზედამხედველობის პირობებში შეასრულონ. ლიდერობის ამ სტილს მაკრო მენეჯმენტს უწოდებენ. ზოგიერთმა თანამშრომელმა შეიძლება მაკრო მენეჯერი აღიქვას, როგორც ზედამხედველი, რომელიც მას საკმარისი მხარდაჭერით და უკუკავშირით არ უზრუნველყოფს, ხოლო ზოგიერთ ადამიანისთვის ასეთი მიდგომა მეტ თავისუფლებასთან და ნდობასთან ასოცირდება.
მაკრო მენეჯერი მიკრო მენეჯერის საპირისპიროა. ეს უკანასკნელი ხშირად მაკონტროლებლად და ზედმეტად კრიტიკულად აღიქმება.
მაკრო მენეჯერების მიდგომის გააზრება
მაკრო მენეჯმენტის სტილის ათვისება შეიძლება მოიცავდეს უფლებამოსილების და პასუხისმგებლობების დელეგირებას, მენეჯერის მიერ გუნდის საერთო სტრატეგიის შემუშავებასა და შესრულებაზე ფოკუსირებას.
ტერმინი „მაკრო მენეჯერი“ ასევე შეიძლება აღწერდეს ადამიანს, რომელიც გლობალურ მაკრო ჰეჯ-ფონდს მართავს. ასეთ მენეჯერებს უნდა ჰქონდეთ ფართო ცოდნის ბაზა, რათა ინვესტიციების წარმადობაზე გლობალური მოვლენების ზემოქმედების გააზრება შეძლონ. ასეთი გავლენა მოიცავს პოლიტიკურ მოვლენებს, მთავრობის პოლიტიკას და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ფუნქციონირებას. ჯორჯ სოროსი, ჯულიან რობერტსონი და მაიკლ სტეინჰარდტი ცნობილი გლობალური მაკრო მენეჯერები არიან.
მაკრო მენეჯმენტის უპირატესობები და ნაკლოვანებები
მაკრო მენეჯმენტი შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც მომგებიანი და შესაფერისი ორგანიზაციის იერარქიის ზედა ფენებისთვის, რადგან ის თანამშრომლებს მეტი თავისუფლებით მოქმედების საშუალებას აძლევს. მაგალითად, ორგანიზაციის განყოფილების აღმასრულებელმა ლიდერმა შეიძლება დაქვემდებარებულებს საერთო სტრატეგიული გეგმის დაცვა დაავალოს, მაგრამ ამ დავალების შესრულების შესახებ გადაწყვეტილებები თავად თანამშრომლებმა უნდა მიიღონ. ანალოგიურად, კომპანიის პრეზიდენტმა შეიძლება აღმასრულებელ გუნდს ზოგადი იდეები წარუდგინოს, მაგრამ უმცირეს დეტალებზე გათვლილი მითითებების გაცემის ნაცვლად, ამ დავალების შესრულებაში, გუნდის წევრების ინდივიდუალურ გამოცდილებას დაეყრდნოს.
მაკრო მენეჯერთან მუშაობას შეიძლება ნაკლოვანებებიც გააჩნდეს. ისინი შეიძლება უშუალოდ არ იყვნენ ინფორმირებულები იმ ყოველდღიური საკითხების შესახებ, რომლებსაც გუნდი აწყდება. შესაძლოა, საკმაო დრო დასჭირდეს მათ მიერ იმ გამოწვევების გაცნობიერებას, რომლებსაც გუნდი უნდა გაუმკლავდეს.
გარდა ამისა, მაკრო მენეჯერი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ბიუროკრატიის დამატებით ფენად, შეზღუდული აქტივობით. მათი მინიმალური პირდაპირი ჩართულობა შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც იმ სამუშაოს გააზრების ნაკლებობა, რომლის შესრულებასაც ისინი თითოეულ თანამშრომელს ავალებენ. ამან შეიძლება გუნდის მიერ დასახული მიზნების მიღწევაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.