საკანონმდებლო რისკი წარმოადგენს პოტენციალს, რომ რეგულაციებმა ან კანონმდებლობამ შეიძლება ერთი ან მეტი კომპანიის ბიზნეს პერსპექტივა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ამ ცვლილებებმა შეიძლება კონკრეტულ კომპანიაში ჩადებულ ინვესტიციაზე ნეგატიურად იმოქმედოს. საკანონმდებლო რისკი, შესაძლოა, წარმოიშვას მთავრობის მოქმედების პირდაპირი შედეგით ან კომპანიის მომხმარებლების მოთხოვნის შაბლონების შეცვლით.
ერთ კანონს შეუძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკისმომგვრელი ტალღები გააგზავნოს, კომპანიები და მთელი ინდუსტრიები გაანადგუროს. ამ მიზეზით, ბევრი ინვესტორი, აქციების შეფასებისას, საკანონმდებლო რისკს უზარმაზარ ფაქტორად მიიჩნევს.
საკანონმდებლო რისკის განმარტება
საკანონმდებლო რისკი წარმოადგენს ჰიპოთეტურ ურთიერთობას მთავრობებსა და ბიზნესს შორის. კერძოდ, ეს არის რისკი იმისა, რომ მთავრობის ქმედებები შეზღუდავს კორპორაციას ან ინდუსტრიას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ინვესტორის ინვესტიციაზე ამ კომპანიაში ან ინდუსტრიაში. ფაქტობრივი რისკი შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე გზით, მათ შორის არის ანტიმონოპოლიური სარჩელი, ახალი რეგულაციები ან სტანდარტები, სპეციფიკური გადასახადები, სუბსიდიები და ა. შ. საკანონმდებლო რისკი შეიძლება ინდუსტრიების მიხედვით განსხვავებული იყოს.
თეორიულად, მთავრობა მოქმედებს როგორც ბუფერი, რომლის მიზანიც ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესების დაპირისპირების თავიდან აცილებაა. მთავრობის როლია მოქმედებაში ჩართვა მაშინ, როდესაც ინდუსტრია საზოგადოებას საფრთხეს უქმნის და, როგორც ჩანს, საკუთარი თავის რეგულირება არ სურს. პრაქტიკაში, მთავრობა ზედმეტი კანონების გამოცემისკენ არის მიდრეკილი. შესაბამისად, საკანონმდებლო რისკი იმაზე მეტად იზრდება, ვიდრეს ეს რეალურად საჭიროა.
საკანონმდებლო რისკის რეალური მაგალითები
მაღალი საკანონმდებლო რისკის მქონე ინდუსტრიის მაგალითია ჯანდაცვა. მედიკამენტების მწარმოებლებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს უწევთ ბევრ მიმდინარე იურიდიულ საკითხთან შეგუება, რომლებიც დაკავშირებულია მკურნალობასთან, სადაზღვევო უზრუნველყოფასთან და გადახდის სხვა საკითხებთან.
კიდევ ერთი მაგალითი ეხება Walmart-ს. კომპანიამ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შესატან თავის ყოველწლიურ 10-K დოკუმენტში გამოავლინა გარკვეული პოლიტიკური რისკები, რომლებსაც ის აწყდება. თავის მარეგულირებელ, შესაბამისობის, რეპუტაციის და სხვა რისკების განყოფილებაში კომპანია ხაზს უსვამს საკანონმდებლო, სასამართლო, მარეგულირებელ და პოლიტიკურ/ეკონომიკურ რისკებს. აღნიშნულ რისკ ფაქტორებში შედის:
- პოლიტიკური არასტაბილურობა
- სამართლებრივი და მარეგულირებელი შეზღუდვები
- ადგილობრივი პროდუქტის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კანონები
- საგადასახადო რეგულაციები
- ადგილობრივი შრომის კანონები
- სავაჭრო პოლიტიკა
- სავალუტო რეგულაციები.
მომწოდებლებთან დაკავშირებულ რისკებში Walmart-ის მენეჯმენტი ხაზს უსვამს პოტენციურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას იმ ქვეყნებში, სადაც უცხოელი მომწოდებლები ოპერირებენ. კომპანიის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ შრომით პრობლემებს, საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკას და ტარიფების დაწესებას. მენეჯმენტი კონკრეტულად ხაზს უსვამს ბრაზილიასა და ჩინეთს, მათი ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი კანონების სირთულეს.