ლეგალური მონოპოლია არის მდგომარეობა, როდესაც კონკრეტულ კომპანიას მონოპოლისტის უფლება მთავრობის მიერ აქვს მინიჭებული. ლეგალური მონოპოლია გვთავაზობს კონკრეტულ პროდუქტს ან მომსახურებას რეგულირებულ ფასად. ის შეიძლება იყოს დამოუკიდებლად მართული და მთავრობის მიერ რეგულირებული, ან ამ უკანასკნელის მიერ მართული და რეგულირებული. ლეგალური მონოპოლია ასევე ცნობილია, როგორც „დაკანონებული მონოპოლია“.
როგორ მუშაობს ლეგალური მონოპოლია?
ლეგალური მონოპოლია დადგენილია გამომდინარე იქიდან, რომ ის აღიქმება საუკეთესო ვარიანტად როგორც მთავრობისთვის, ასევე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, ტელეკომუნიკაციების კომპანია — AT&T 1982 წლამდე მოქმედებდა, როგორც ლეგალური მონოპოლია, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იაფი და საიმედო სერვისის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში რკინიგზა და ავიახაზები ასევე მოქმედებდნენ, როგორც ლეგალური მონოპოლიები.
გაბატონებული იდეა ლეგალური მონოპოლიების დაარსების უკან არის ის, რომ თუ მიწოდების საკუთარ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას ძალიან ბევრი კონკურენტი განახორციელებს, ფასები მთლიანობაში, მოცემულ ინდუსტრიაში, არაგონივრულად მაღალ ნიშნულამდე აიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეაში ლოგიკა დევს, ის განუსაზღვრელი ვადით არ მოქმედებს, რადგან უმეტეს შემთხვევაში კაპიტალიზმი ლეგალურ მონოპოლიებზე საბოლოოდ იმარჯვებს. ტექნოლოგიების წინსვლისა და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, „სათამაშო მოედნები“, როგორც წესი, თავისთავად თანაბრდება. შესაბამისად, ხარჯები მცირდება და ბაზრებზე შესვლის ბარიერები სუსტდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის კონკურენციას მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე — ლეგალურ მონოპოლიებს.
ლეგალური მონოპოლიის მაგალითები
ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა მთავრობა აწესებდა ლეგალურ მონოპოლიებს განსხვავებულ საქონელზე, მათ შორის მარილზე, რკინასა და თამბაქოზე. ლეგალური მონოპოლიის ყველაზე ადრეულ მაგალითს წარმოადგენს 1623 წლის მონოპოლიების დებულება, რომელიც ინგლისის პარლამენტმა გამოსცა. ამ წესდების თანახმად, პატენტები წარმოიშვა „პატენტის წერილებისგან“, რომლებიც მონარქის მიერ გაცემული წერილობითი ბრძანებები იყო და ინდივიდს ან კორპორაციას საკუთრების უფლებას ანიჭებდა.
Dutch East India Company-ს, British East India Company-სა და მსგავს ეროვნულ სავაჭრო კომპანიებს მიენიჭათ ექსკლუზიური სავაჭრო უფლებები მათი შესაბამისი ეროვნული მთავრობების მიერ. ამ ორი კომპანიის ფარგლებს გარეთ მოქმედი კერძო თავისუფალი მოვაჭრეები ექვემდებარებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, XVII საუკუნეში ამ კომპანიებს უწევდათ ბრძოლა, რათა განესაზღვრათ და დაეცვათ თავიანთი მონოპოლიური ტერიტორიები.