მიზანზე დაფუძნებული ინვესტირება (GBI) არის შედარებით ახალი მიდგომა სიმდიდრის მენეჯმენტში, რომელიც ხაზს უსვამს ინვესტირებას კონკრეტული ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად. GBI გულისხმობს სიმდიდრის მენეჯერის ან საინვესტიციო ფირმის მომხმარებლების მიერ ცხოვრებისეული მიზნებისკენ სწრაფვაში საკუთარი პროგრესის შეფასებას, ნაცვლად პორტფელის მაქსიმალურ ანაზღაურებაზე ან ბაზრის დამარცხებაზე ფოკუსირებისა.
მიზანზე დაფუძნებული ინვესტირების გააზრება
მიზანზე დაფუძნებული ინვესტირება განსხვავდება ტრადიციული მიდგომისგან, რადგან მისი წარმატების საზომია ის, თუ რამდენად შეუძლია ინვესტორს პირადი ცხოვრებისეული მიზნების მიღწევა და არა მოცემულ პერიოდში მისი ინვესტიციების წარმადობა.
განვიხილოთ ინვესტორი, რომელიც პენსიაზე გასვლას ერთი წლის ვადაში აპირებს და მას, შესაბამისად, თავისი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების 10%-ის დაკარგვაც კი არ სურს. თუ მოცემულ წელს საფონდო ბირჟა 30%-ით დაეცემა და ინვესტორის პორტფელის ღირებულება „მხოლოდ“ 20%-ით შემცირდება, ფაქტი, რომ მისმა პორტფელმა ბაზარს 10 პროცენტული პუნქტით აჯობა, ინვესტორს მწირ კომფორტს შესთავაზებს. თავისი პირადი მიზნის — ერთ წელიწადში პენსიაზე გასვლის მისაღწევად ამ ინვესტორს მეტი ფოკუსირება სჭირდება სიმდიდრის შენარჩუნებაზე და არა მის ზრდაზე.
მიზანზე დაფუძნებული ინვესტირება ახლებურად წარმოაჩენს წარმატებას, კლიენტების საჭიროებებსა და მიზნებზე დაყრდნობით. თუ მომხმარებლის მთავარი მიზანი ახლო მომავალში პენსიაზე გასვლა ან ჯერ კიდევ მცირეწლოვანი შვილიშვილების უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებაა, საინვესტიციო სტრატეგია პირველი შემთხვევისთვის უფრო კონსერვატიული იქნება, ხოლო მეორისთვის — შედარებით აგრესიული.
მაგალითად, საპენსიო ინვესტიციებისთვის აქტივთა განაწილება შეიძლება ასეთი იყოს: აქციები — 10%; ობლიგაციები — 90%. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ განათლების დაფინანსებისთვის: აქციები — 50%; ობლიგაციები — 50%. ამ შემთხვევაში საინვესტიციო გადაწყვეტილებებს განაპირობებს ინდივიდუალური საჭიროებები, მიზნები და არა რისკისადმი ტოლერანტობა.
მიზანზე დაფუძნებული ინვესტირების უპირატესობებში შედის:
- ინვესტორების მაღალი ერთგულება მათი ცხოვრებისეული მიზნებისადმი, რაც მათ საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ ხელშესახებ პროგრესს და მასში მონაწილეობა მიიღონ.
- ბაზრის რყევებით განპირობებული იმპულსური გადაწყვეტილების მიღების და გადაჭარბებული რეაქციის შემცირება.
მიზანზე დაფუძნებული ინვესტირება დიდი რეცესიის შემდეგ
მიზანზე დაფუძნებული ინვესტირების პოპულარობა 2008-09 წლების დიდი რეცესიის შემდეგ გაიზარდა, რადგან ინვესტორებმა გააცნობიერეს, რომ მაღალი შემოსავლის დევნამ, შეიძლება გრძელვადიანი სიმდიდრის დაგროვებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. მილიონობით ინვესტორი აღმოჩნდა ქონების მკვეთრად დაცემის პრობლემის წინაშე, რაც თითქმის ყველა ძირითადი ბაზრის ვარდნასთან და აშშ-ში საცხოვრებლის ფასების მკვეთრ კორექციასთან იყო დაკავშირებული.
ბოლო წლებში რამდენიმე გუნდმა იმუშავა უფრო ჰოლისტიკური საინვესტიციო მიდგომების შემუშავებაზე. მაგალითად, სტარტაპი Ellevest ყურადღებას ამახვილებს მიზნებზე დაფუძნებულ საინვესტიციო სტრატეგიებზე, რომლებიც ქალებზეა მორგებული.
Ellevest-მა დროთა განმავლობაში სიმდიდრის მართვისთვის შეიმუშავა ალგორითმები, რომლებიც ითვალისწინებს ქალთა შემოსავლების რყევებს კარიერული წინსვლისას, ისევე როგორც ხელფასების სხვაობას მამაკაცებსა და ქალებს შორის. Ellevest, პირველ რიგში, ინვესტორებს სთხოვს, ახსნან თავიანთი ინდივიდუალური თავისებურებანი და ცხოვრებისეული მიზნები. ამის შემდეგ კი გუნდი თითოეული მიზნისთვის კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე მუშაობს.