ტერმინი პერსონალური ფინანსური ანგარიშგება აღნიშნავს დოკუმენტს ან ცხრილს, რომელიც დროის მოცემულ მომენტში ინდივიდის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. ანგარიშგება მთლიანი აქტივებისა და ვალდებულებების განხილვასთან ერთად, როგორც წესი, მოიცავს ზოგად ინფორმაციას ინდივიდის შესახებ, როგორიცაა სახელი და მისამართი. ეს დოკუმენტი შეიძლება ინდივიდს საკუთარი ფინანსური მიზნებისა და სიმდიდრის კონტროლში დაეხმაროს და გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც იგი კრედიტის აღებას გადაწყვეტს.
პერსონალური ფინანსური ანგარიშგების გააზრება
ფინანსური ანგარიშგება შეიძლება მომზადდეს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ინდივიდუალური, ანუ პერსონალური, ფინანსური ანგარიშგება კორპორატიული ანგარიშგების უფრო მარტივ ვერსიას წარმოადგენს. ორივე მათგანი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს.
პერსონალური ფინანსური ანგარიშგება გვიჩვენებს ინდივიდის წმინდა ქონებას (აქტივებს – ვალდებულებები). ეს იქნება ნაღდი ფული, რომელსაც ინდივიდი მთელი თავისი აქტივების გაყიდვისა და ვალდებულებების გადახდის შემდეგ მიიღებს. თუ ეს უკანასკნელი ინდივიდის აქტივების ღირებულებას აღემატება, ფინანსური ანგარიშგება უარყოფით წმინდა ქონებაზე მიუთითებს და პირიქით, თუ ადამიანს უფრო მეტი აქტივი აქვს, ვიდრე — ვალდებულება, მისი წმინდა ქონების ღირებულება დადებითი იქნება.
უახლეს მონაცემებთან შესაბამისობაში არსებული პირადი ფინანსური ანგარიშგება საშუალებას მოგცემთ, თვალყური ადევნოთ, თუ როგორ უმჯობესდება ან უარესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა დროთა განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს ფასდაუდებელი ინსტრუმენტი, როდესაც გსურთ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა შეცვალოთ ან სესხი აიღოთ. იმის ცოდნა, თუ ფინანსურად რა მდგომარეობაში იმყოფებით ახლა, საშუალებას მოგცემთ მომავალი უფრო გააზრებულად დაგეგმოთ და თქვენი მიზნისკენ უფრო სწორი ნაბიჯები გადადგათ.
გარდა ამისა, პერსონალური ფინანსური ანგარიშგება საკრედიტო ოფიცრებს საშუალებას აძლევს, ადვილად შეიქმნან შთაბეჭდილება განმცხადებლის ფინანსურ მდგომარეობის შესახებ, რათა ინფორმირებული საკრედიტო გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ინდივიდს სესხის ნაწილზე პერსონალური გარანტია ან კრედიტისთვის დამატებითი უზრუნველყოფა მოსთხოვონ.
მნიშვნელოვანი საკითხები
პერსონალური ფინანსური ანგარიშგება აქტივებად და ვალდებულებებად იყოფა. აქტივები მოიცავს ფასიანი ქაღალდებისა და ფონდების ღირებულებას (მიმდინარე ან შემნახველ ანგარიშებში, საპენსიო ანგარიშების ნაშთებში, სავაჭრო ანგარიშებში ისახება), ასევე უძრავ და მოძრავ ქონებას მოიცავს. ვალდებულებებში იგულისხმება ნებისმიერი ვალი, რომელიც შეიძლება ინდივიდს ჰქონდეს, მათ შორის პერსონალური სესხები, საკრედიტო ბარათებზე არსებული დავალიანება, სტუდენტური სესხები, გადაუხდელი გადასახადები და იპოთეკური სესხები. ამაში ასევე შედის ერთობლივ საკუთრებაში არსებული ვალები. დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ, მათი აქტივებისა და ვალდებულებების გაერთიანებით, ერთობლივი პერსონალური ფინანსური ანგარიშგება შექმნან.
თუ ეს დოკუმენტი კრედიტის აღების მიზნით ან ინდივიდის საერთო ფინანსური მდგომარეობის საჩვენებლად გამოიყენება, მასში შემოსავალი და ხარჯებიც არის გათვალისწინებული. ეს მონაცემები შეიძლება პერსონალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ან ცალკე დოკუმენტში — შემოსავლის ანგარიშგებაში იყოს ასახული. დოკუმენტი მოიცავს ყველა სახის შემოსავალსა და ხარჯს, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვიური ან წლიური თანხების სახით არის გამოხატული.
პერსონალურ ფინანსურ ანგარიშგებაში არ შედის შემდეგი ინფორმაცია:
- ბიზნესთან დაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები: ეს არ გამოირიცხება, თუ ინდივიდი უშუალოდ და პირადად არის მათზე პასუხისმგებელი. ასე რომ, თუ ვინმე პირადად ხდება თავისი ბიზნესისთვის გაცემული სესხის გარანტი, ეს ვალდებულება მის პერსონალურ ფინანსურ ანგარიშგებაშიც აისახება.
- დაქირავებული ნივთები: ისინი დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული, რადგან ინდივიდის საკუთრებას არ წარმოადგენს. ეს შეიცვლება, თუ თქვენ ფლობთ ქონებას და მას აქირავებთ. ამ შემთხვევაში, ქონების ღირებულება თქვენი აქტივების სიაში შედის.
- პირადი საკუთრების ნაწილი: ისეთი ნივთები, როგორებიც არის ავეჯი და საყოფაცხოვრებო საქონელი, როგორც წესი, პერსონალურ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის გათვალისწინებული, რადგან, სესხის დასაფარად, მათი მარტივად გაყიდვა შეუძლებელია. მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე პირადი საკუთრება, როგორიცაა სამკაულები და ანტიკვარიატი, შეიძლება დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნას, თუ მათი ღირებულება შეფასების საფუძველზე დადასტურდება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საკრედიტო ანგარიში და საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ახალი კრედიტის მიღებას ეხება და ამ მიმართულებით ყველა კრედიტორს განსხვავებული მიდგომები გააჩნია. ასე რომ, მაშინაც კი, თუ თქვენი წმინდა ქონება დადებითია, ცუდი საკრედიტო ისტორიის არსებობის შემთხვევაში, მაინც შეიძლება ვერ აიღოთ სესხი.
პერსონალურ ფინანსურ ანგარიშგების მაგალითი
დავუშვათ, რომ წყვილს სურს, თვალი ადევნოს საკუთარ წმინდა ღირებულებას, რადგან მალე ისინი პენსიაზე გავლენ. ისინი იხდიან ვალებს, ზოგავენ ფულს, დებენ ინვესტიციებს. ოჯახი დოკუმენტის მონაცემებს ყოველწლიურად აახლებს, რათა მიღწეული პროგრესი თვალსაჩინო იყოს.
აი, მათი აქტივები: ავტომობილი — $20,000, სახლი — $200,000, ინვესტიციები — $300,000, ნაღდი ფული და ეკვივალენტები — $50,000. გარდა ამისა, ისინი ფლობენ ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა საერთო ღირებულებაც $20,000-ს შეადგენს. შესაბამისად, მათი მთლიანი ქონება $590,000-ს აღწევს. რაც შეეხება ვალდებულებებს, მათ ავტომობილის კრედიტის გადასახდელად დარჩენილი აქვთ $5,000, ხოლო სახლისთვის — $50,000. გარდა ამისა, მათ საკუთარი ქალიშვილისთვის გამოყვეს სესხი სწავლის საფასურის გადასახდელად და დარჩენილი გადასახადი $10,000-ს შეადგენს. გამოდის, რომ მთლიანობაში ოჯახის ვალდებულებები $65,000-ს აღწევს.
თუ ამ ოჯახის აქტივებს მათ ვალდებულებებს გამოვაკლებთ გამოვა, რომ მათი წმინდა ქონება $525,000-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ამ დოკუმენტს ფინანსური მდგომარეობის გასაკონტროლებლად აწარმოებს, მათ შეუძლიათ ეს ინფორმაცია კრედიტის აღების დროსაც გამოიყენონ.