შესყიდვა არის პროცესი, როდესაც ერთი კომპანია ყიდულობს სხვა ფირმის ყველა აქციას ან მათ უმეტესობას, მასზე კონტროლის მოსაპოვებლად. სამიზნე ფირმის აქციებისა და სხვა აქტივების 50%-ზე მეტის შეძენა საშუალებას იძლევა, კომპანიის შესახებ გადაწყვეტილებები სხვა აქციონერების თანხმობის გარეშე იქნას მიღებული. შესყიდვის პროცესი, რომელიც ძალიან ხშირია ბიზნეს სამყაროში, შეიძლება სამიზნე კომპანიის თანხმობით ან მისი წინააღმდეგობის მიუხედავად განხორციელდეს.
ჩვენ ძირითადად მსხვილი, ცნობილი კომპანიების შესყიდვების შესახებ გვესმის ამბები, რადგან ეს უზარმაზარი და მნიშვნელოვანი გარიგებები, როგორც წესი, სიახლეებში დომინირებს. სინამდვილეში, შერწყმისა და შესყიდვების (M&A) გარიგებები უფრო რეგულარულად მცირე და საშუალო ზომის ფირმებს შორის იდება.
შესყიდვის გააზრება
შესყიდვების მიზეზები განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს მასშტაბის ეკონომია, დივერსიფიკაცია, ბაზრის მეტი წილის მოპოვება, გაზრდილი სინერგია, ხარჯების შემცირება ან ახალი ნიშების ათვისება. შეძენის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
უცხოურ ბაზარზე შესვლა
თუ კომპანიას სურს თავისი ოპერაციების სხვა ქვეყანაში გაფართოება, ამ ტერიტორიაზე არსებული კომპანიის შეძენა შეიძლება მიზნის მისაღწევად უმარტივესი გზა იყოს. შესყიდული ბიზნესი უკვე უზრუნველყოფილი იქნება პერსონალით, ბრენდის სახელით და სხვა არამატერიალური აქტივებით, რაც შემსყიდველ კომპანიას საშუალებას მისცემს, ახალ ბაზარზე საქმიანობა მყარი საფუძვლით დაიწყოს.
ზრდის სტრატეგია
შესაძლოა კომპანიას ფიზიკური ან ლოჯისტიკური შეზღუდვები წარმოეშვა ან თავისი რესურსები ამოეწურა. ასეთ შემთხვევაში, ხშირად არსებული კომპანიის გაფართოებას ახალი ფირმის შეძენა სჯობს. კომპანიამ შეიძლება მოიძიოს პერსპექტიული ახალგაზრდა ფირმა, რათა ის შეიძინოს და ჩართოს შემოსავლების ნაკადში, როგორც მოგების ახალი გზა.
ჭარბი საწარმოო სიმძლავრის ან კონკურენციის შემცირება
თუ კომპანიას ძალიან დიდი კონკურენციის ან მიწოდების პირობებში უწევს ოპერირება, მისმა მენეჯმენტმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა ფირმის შეძენა, რათა შეამციროს ჭარბი საწარმოო სიმძლავრე, აღმოფხვრას კონკურენცია და ფოკუსირდეს ყველაზე პროდუქტიულ პროვაიდერებზე.
ახალი ტექნოლოგიის მოპოვება
ზოგჯერ შეიძლება კომპანიისთვის უფრო ეკონომიური იყოს სხვა, ისეთი ფირმის შეძენა, რომელმაც უკვე დანერგა ახალი ტექნოლოგია წარმატებით, ნაცვლად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის თავად განვითარებაზე დრო და ფული დახარჯოს.
შესყიდვა, შთანთქმა თუ შერწყმა?
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად, სიტყვები „შეძენა“ და „შთანთქმა“ თითქმის ერთსა და იმავეს ნიშნავს, უოლ სტრიტზე მათ განსხვავებული ნიუანსები ახასიათებს.
ზოგადად, „შეძენა“ აღწერს ძირითადად მეგობრულ გარიგებას, სადაც ორივე ფირმა თანამშრომლობს; „შთანთქმა“ კი მიგვანიშნებს, რომ სამიზნე კომპანია არ არის თანახმა შესყიდვის შეთავაზებაზე ან კატეგორიულად ეწინააღმდეგება მას; ტერმინი „შერწყმა“ გამოიყენება მაშინ, როდესაც შემსყიდველი და სამიზნე კომპანიები ერთიანდებიან და სრულიად ახალ ორგანიზაციას ქმნიან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული შესყიდვა, შთანთქმა და შერწყმა უნიკალური შემთხვევაა, თავისი თავისებურებებითა და ტრანზაქციის განხორციელების მიზეზებით, პრაქტიკაში ამ ტერმინების მნიშვნელობები ხშირად გარკვეულწილად ერთმანეთში იკვეთება.
შესყიდვა: ძირითადად კეთილგანწყობილი
კეთილგანწყობილი შესყიდვა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც სამიზნე ფირმა თანახმაა შეთავაზებაზე, მისი დირექტორთა საბჭო შესყიდვას ადასტურებს. ასეთ გარიგებებს ხშირად სარგებელი მოაქვს როგორც შემსყიდველი, ისე სამიზნე კომპანიისთვის. ორივე ფირმა შეიმუშავებს სტრატეგიას იმაში დასარწმუნებლად, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ შესაბამისი აქტივები შეიძინოს. ამასთან მხარეები განიხილავენ ფინანსურ ანგარიშგებასა და სხვა შეფასებებს ნებისმიერ იმ ვალდებულებაში გასარკვევად, რომელიც შეიძლება ამ აქტივებს მოჰყვეს. როგორც კი ორივე მხარე დათანხმდება პირობებს და დააკმაყოფილებს სამართლებრივ ნორმებს, შესყიდვის პროცესი გაგრძელდება.
შთანთქმა: როგორც წესი, არამეგობრული, ხშირად მტრული
არამეგობრულ შესყიდვებს, საყოველთაოდ ცნობილს, როგორც „მტრული შთანთქმა“, ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სამიზნე კომპანია არ თანხმდება შესყიდვის წინადადებას. ამ შემთხვევაში ფირმებს შორის შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ შემსყიდველმა უნდა შეიძინოს სამიზნე კომპანიის დიდი წილი, რათა მისი საკონტროლო პაკეტი მოიპოვოს. მაშინაც კი, თუ შთანთქმა მტრული არ არის, ეს პროცესი ნიშნავს, რომ ფირმები არ არის თანაბარი ერთი ან რამდენიმე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით.
შერწყმა: ორმხრივი, მაგრამ იქმნება ახალი ორგანიზაცია
შერწყმა უფრო კეთილგანწყობილი პროცესია. ზოგადად, ასეთი შეთანხმება იდება ისეთ კომპანიებს შორის, რომლებიც დაახლოებით თანაბარია მათი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით — ზომა, მომხმარებლების რაოდენობა, ოპერაციების მასშტაბი და ა. შ. შერწყმისას ორივე მხარეს მტკიცედ სწამს, რომ კომპანიების გაერთიანებით ჩამოყალიბებული ორგანიზაცია უფრო ღირებული იქნება ყველა მხარისთვის, განსაკუთრებით აქციონერებისთვის.
კანდიდატების შეფასება კომპანიის შეძენისას
შესყიდვის დაწყებამდე აუცილებელია კომპანიის მენეჯმენტმა შეაფასოს, არის თუ არა სამიზნე ფირმა კარგი კანდიდატი.
- რამდენად გამართლებულია მისი ფასი? მეტრიკები, რომლებსაც ინვესტორები შესყიდვის კანდიდატის შესაფასებლად იყენებენ, ინდუსტრიების მიხედვით განსხვავებულია. შესყიდვის გარიგების ჩაშლის მიზეზი ხშირად ის არის, რომ კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ფასი ამ მეტრიკებს აღემატება.
- რამდენად არის კომპანია ვალით დატვირთული? კანდიდატის უჩვეულოდ მაღალი დავალიანება უნდა განიხილებოდეს, როგორც გაფრთხილება მომავალი პოტენციური პრობლემების შესახებ.
- არასათანადო სამართალწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სამყაროში სასამართლო დავა ჩვეული მოვლენაა, კარგ კანდიდატს არ უნდა უწევდეს ისეთ სარჩელთან გამკლავება, რომელიც აღემატება გონივრულ დონეს მისი ზომისა და ინდუსტრიის გათვალისწინებით.
- ფინანსური მდგომარეობა. კარგ კანდიდატს ახასიათებს სათანადოდ ორგანიზებული ფინანსური ანგარიშგება, რაც შესყიდვით დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს, ანალიზი შეუფერხებლად ჩაატაროს. სრულყოფილი და გამჭვირვალე ფინანსური მონაცემების უზრუნველყოფა ასევე ხელს უწყობს შეძენის დასრულების შემდეგ არასასურველი სიურპრიზების თავიდან აცილებას.
შესყიდვის ტიპები
ხშირად, შესყიდვა ან შერწყმა შეიძლება ოთხ ტიპად დაიყოს:
- ვერტიკალური: დედა კომპანია ყიდულობს ფირმას, რომელიც მისი მიწოდების ჯაჭვის „გასწვრივ“ ოპერირებს — ზემოთ (მაგ. მიმწოდებელი) ან ქვემოთ (მაგ. საცალო მოვაჭრე).
- ჰორიზონტალური: დედა კომპანია ყიდულობს კონკურენტს ან სხვა ფირმას, რომელიც იმავე ინდუსტრიულ სექტორში მოღვაწეობს.
- კონგლომერატი: დედა კომპანია ყიდულობს ფირმას, რომელიც სრულიად სხვა ინდუსტრიაში ან სექტორში, პერიფერიულ ან დაუკავშირებელ ბიზნესში ოპერირებს.
- კონგენერიული: ასევე ცნობილია, როგორც ბაზრის გაფართოება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დედა კომპანია ყიდულობს ფირმას, რომელიც იმავე ან მჭიდროდ დაკავშირებულ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, მაგრამ მას განსხვავებული ბიზნეს ხაზი ან პროდუქტი გააჩნია.