იცით, როგორია თქვენი საინვესტიციო სტილი? თუ ინვესტორების უმრავლესობის მსგავსად ამ საკითხზე ბევრი არ გიფიქრიათ? ძირითადი საინვესტიციო სტილების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, გააზრებული ინვესტირების დასაწყებად.
ძირითადი საინვესტიციო სტილები შეიძლება სამ განზომილებად დაიყოს: აქტიური vs პასიური, ზრდაზე vs ღირებულებაზე ფოკუსირება და მცირე vs დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები. თითოეული მათგანის გააზრება და საკუთარი პრეფერენციების შეფასება მოგცემთ სწრაფ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო სტილი შეესაბამება თქვენს პიროვნებას.
აქტიური vs პასიური მართვა
აქტიური ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დიდი მოგების მიღებისკენ ისწრაფვიან. ისინი თავად ირჩევენ ფასიან ქაღალდებს. აქტიურ ინვესტორებს ერთი მიზანი აქვთ: აჯობონ ბაზრის საშუალო ანაზღაურებას. ისინი ამას სხვადასხვა სტრატეგიის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ მთავარი საფუძველს მოკლევადიანი რყევებით და გრძელვადიანი ტენდენციებით სარგებლობა წარმოადგენს.
აქტიური ინვესტირება დიდ დროსა, ძალისხმევას მოითხოვს და საინვესტიციო პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ღრმა ანალიზს მოიცავს. ამრიგად, ბევრი აქტიური ინვესტორი ყოველდღიურ ვაჭრობას მიმართავს, თუმცა ყველა მათგანი არა, რადგან ზოგიერთ აქტიურ ინვესტორს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგების მიღება სურს.
პასიური ინვესტორები, ფასიანი ქაღალდების ან სხვა პროდუქტების ყიდვისას მიჰყვებიან სტრატეგიას „იყიდე და შეინარჩუნე“. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი პოზიციები შემდეგი შესაძლებლობისთანავე გაყიდონ, ასეთი ინვესტორები წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი იცდიან.
პასიური ინვესტორები ეთანხმებიან პასიური ინვესტიციის ძირითად დაშვებას იმის შესახებ, რომ ფართო ბაზარი, საბოლოოდ, ყოველთვის გაიზრდება.
პასიური ინვესტორების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ საინვესტიციო ხარჯები და რისკები, ხოლო ანაზღაურება მაქსიმალურად გაზარდონ. ბაზრის საფუძვლიანად გამოკვლევის ნაცვლად, ასეთი ინვესტორები კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ასეთი პორტფელი, ცალკეულ აქციებთან ერთად, ხშირად მოიცავს გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF) და ურთიერთდახმარების ფონდებს.
პასიური ინვესტორები, ხშირად უგულებელყოფენ ტექნიკურ ინდიკატორებს და ამის ნაცვლად გრძელვადიან ტენდენციაზე ორიენტირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიის მოკლევადიანი მოგება შეიძლება მცირე იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ზრდაზე ორიენტირებული vs ღირებულებაზე ორიენტირებული სტრატეგია
ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება არის საინვესტიციო სტილი და სტრატეგია, რომელიც ყურადღებას ინვესტორის კაპიტალის გაზრდაზე ამახვილებს. ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები („ზრდის ინვესტორები“), როგორც წესი, ინვესტიციებს დებენ მზარდი პოტენციალის აქციებში, ანუ ახალგაზრდა ან მცირე კომპანიებში, რომელთა შემოსავლები, სავარაუდოდ, საშუალოზე მაღალი ტემპით გაიზრდება, მათ სექტორთან ან მთლიან ბაზართან შედარებით. ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება ძალიან მიმზიდველია მრავალი ინვესტორისთვის, რადგან მზარდი კომპანიების აქციების შეძენას შთამბეჭდავი ანაზღაურების მოტანა შეუძლია (თუ ეს კომპანიები წარმატებას მიაღწევს). თუმცა, ასეთი ბიზნესები გამოუცდელია და, შესაბამისად, ხშირად საკმაოდ მაღალ რისკს შეიცავს. ამ მიდგომის საპირისპირო სტრატეგიად შეგვიძლია ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება მივიჩნიოთ.
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც, მათი აზრით, მათ რეალურ ღირებულებასთან შედარებით, უფრო ნაკლებად არის შეფასებული. როდესაც ბაზარი ასეთი აქციის რეალურ ფასს „დაინახავს“ ინვესტორები მოგების მიღებას შეძლებენ.
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ირწმუნებიან, რომ ბაზარი ირაციონალურია. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ფასდაკლებით შეძენილი აქციებისგან მომავალში ინვესტორმა სარგებელი მიიღოს.
შედეგად, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორების უმეტესობა, გრძელვადიან მიდგომას იყენებს, რადგან ბაზარმა შეიძლება ფასები წლების განმავლობაში არ დააკორექტიროს. იმისათვის, რომ წარმატებული ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი იყოთ, მნიშვნელოვანია უამრავი კვლევა ჩაატაროთ და არა მხოლოდ თქვენთვის სასურველი აქციები, არამედ მთლიანად ბაზრები შეისწავლოთ. შესაბამისად, ბევრი, ვინც ამ სტრატეგიას ამჯობინებს, პროფესიონალ პორტფელის მენეჯერებს მიმართავს. მათ შეუძლიათ ასეთ ინვესტორებს დიდი დახმარება გაუწიონ, რადგან მსგავსი კვლევების ჩატარება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
დიდი კაპიტალიზაცია vs მცირე კაპიტალიზაცია
საბაზრო კაპიტალიზაცია – ეს არის კომპანიის მიერ ბრუნვაში ჩაშვებული აქციების ღირებულების საერთო საბაზრო შეფასება ფულად ერთეულში. ამ მაჩვენებლის მისაღებად, აქციების საერთო რაოდენობა უნდა გაამრავლოთ მათ ფასზე.
კაპიტალიზაციის თვალსაზრისით დახარისხება შეიძლება სხვადასხვა საბროკერო კომპანიებში განსხვავებული იყოს, ამ მომენტისათვის არსებული მიახლოებითი განმარტებები შემდეგია:
- Mega-cap (მეგა კაპიტალი): $200 მილიარდი და მეტი
- Big-cap (დიდი კაპიტალი): $10 მილიარდი და მეტი
- Mid-cap (საშუალო კაპიტალი): $2-დან $10 მილიარდამდე
- Small-cap (მცირე კაპიტალი): $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე
- Micro-cap (მიკრო კაპიტალი): $50 მილიონიდან $300 მილიონამდე
- Nano-cap (ნანო კაპიტალი): $50 მილიონზე ნაკლები
ზოგიერთი ინვესტორი თვლის, რომ მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში ინვესტირება უფრო მომგებიანია, რადგან მათ ზრდის უფრო დიდი შესაძლებლობა და მოქნილობა გააჩნია. თუმცა, უფრო დიდი შემოსავლის პოტენციალი დიდი რისკის შემცველიცაა. გარდა ამისა, მცირე ფირმებს ნაკლები რესურსები და, ხშირად, ნაკლებად დივერსიფიცირებული ბიზნეს მიმართულებები აქვს. მათი აქციების ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც, შესაბამისად, დიდ მოგებას ან ზარალს იწვევს.
სხვა, ნაკლებად რისკიანი ინვესტორები კი შეიძლება ფოკუსირდნენ უფრო საიმედო, მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებზე, როგორებიც არის, მაგალითად GE, Microsoft, Exxon Mobil და ა. შ. ასეთი კომპანიები, უკვე მიღწეული მასშტაბებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან სწრაფად ვერ გაიზარდოს. თუმცა ასევე ნაკლები შანსია, რომ ისინი მოულოდნელად ბიზნესიდან გავიდნენ. ასეთ კომპანიებზე ორიენტირებით ინვესტორებს შეუძლიათ ელოდონ უფრო დაბალ შემოსავალს, მაგრამ, ამავდროულად, — ნაკლებ რისკს.