განვითარებული და განვითარებადი ბაზრების დიფერენცირებისთვის სტანდარტული მეტრიკა არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ მთელი რიგი იდენტიფიცირებადი მახასიათებლებისა, რომლებიც მათი ერთმანეთისგან განსხვავებაში გვეხმარება.
მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს უფრო განვითარებული ეკონომიკა, უკეთ ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურა, უფრო მომწიფებული კაპიტალის ბაზრები, მარეგულირებელი ორგანოები, შინამეურნეობების მაღალი შემოსავლები და ცხოვრების მაღალი სტანდარტები. ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითებს წარმოადგენს: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია.
მეორეს მხრივ, განვითარებადი ბაზრები სწრაფი ზრდისა და განვითარების პროცესშია, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია შინამეურნეობების უფრო დაბალი შემოსავალი და კაპიტალის ბაზრები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად მომწიფებულია.
გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებს, როგორც წესი, ახასიათებს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოწვეულია მოხმარების მაღალი დონით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციითა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციით. ამასთან, განვითარებადი ქვეყნები პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მაღალ დონეს განიცდის. განვითარებადი ქვეყნების მაგალითებს წარმოადგენს: ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, პორტუგალია, იტალია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საქართველო და ა. შ.
საფონდო ბირჟა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში. დღეს პირველ მათგანზე ვისაუბრებთ და მისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან თვისებებს გამოვყოფთ.
- მასშტაბი: როგორ უკვე აღვნიშნეთ, განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, გერმანია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, კარგად ჩამოყალიბებული და მომწიფებული საფონდო ბირჟები აქვს. ისინი ხასიათდება დიდი საბაზრო კაპიტალიზაციით, ვაჭრობის მაღალი მოცულობით და ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრით.
- ბაზრის ეფექტურობა: განვითარებული საფონდო ბირჟები ზოგადად განიხილება, როგორც უფრო ეფექტური, ვიდრე განვითარებადი ბირჟები. ეფექტური ბაზრები სწრაფად ასახავს ახალ ინფორმაციას აქციების ფასებში, რაც ამცირებს შესაძლებლობას, რომ ინვესტორებმა, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით, მუდმივად აჯობონ ბაზარს.
- ბაზრის ლიკვიდურობა: განვითარებულ ბაზრებს ახასიათებს მაღალი ლიკვიდურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სავაჭრო აქტივობის მნიშვნელოვანი მოცულობა და მყიდველებისა და გამყიდველების დიდი რაოდენობაა. მაღალი ლიკვიდურობა ინვესტორებს საშუალებას აძლევს, აქციები შედარებით მარტივად იყიდონ და გაყიდონ.
- ლისტინგის მოთხოვნები: განვითარებულ საფონდო ბირჟებზე ლისტინგისთვის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. ეს მოთხოვნები, როგორც წესი, მოიცავს მინიმალურ საბაზრო კაპიტალიზაციას, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, კორპორატიული მართვის რეგულაციებს და ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებებთან შესაბამისობას.
- ბაზრის ცვალებადობა: მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ბაზრები, განვითარებადთან შედარებით, ზოგადად უფრო ნაკლებ მერყეობას ავლენს, მათაც შეიძლება განიცადოს არასტაბილურობის პერიოდები. აქციების ფასების ცვალებადობას შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკურმა ინდიკატორებმა, გეოპოლიტიკური მოვლენებმა, პოლიტიკური კურსის ცვლილებებმა, ინვესტორების განწყობამ და ა. შ.
- ბაზრის ურთიერთკავშირი: განვითარებული საფონდო ბირჟები ხშირად ურთიერთკავშირშია გლობალურ ფინანსურ სისტემებთან. ერთი ქვეყნის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება სწრაფად იმოქმედოს მსოფლიო ბაზრებზე საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების და ფინანსური ინსტიტუტების ურთიერთკავშირების გამო.
- მარეგულირებელი ჩარჩო: განვითარებულ ქვეყნებს, როგორც წესი, გააჩნია ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩო სამართლიანი და გამჭვირვალე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. მარეგულირებელი ორგანოები, როგორიცაა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC — Securities and Exchange Commission) შეერთებულ შტატებში, ფინანსური ქცევის ორგანო (FCA — Financial Conduct Authority) დიდ ბრიტანეთში და ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (BaFin — Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht) გერმანიაში, საფონდო ბირჟების ფუნქციონირებას ზედამხედველობენ, იცავენ ინვესტორებს და აღასრულებენ რეგულაციებს.
- საბაზრო ინდექსები: განვითარებულ ქვეყნებს აქვთ პოპულარული საბაზრო ინდექსები, რომლებიც წარმოადგენს ორიენტირს საერთო ბაზრის წარმადობის საჩვენებლად. ასეთი ინდექსების მაგალითებია: Dow Jones Industrial Average (DJIA) და S&P 500 შეერთებულ შტატებში, DAX გერმანიაში და Nikkei 225 იაპონიაში.
- ბაზრის მონაწილეები: ინსტიტუციური ინვესტორები, როგორიცაა საპენსიო ფონდები, ურთიერთდახმარების ფონდები და სადაზღვევო კომპანიები, ცალკეულ ინდივიდუალურ ინვესტორებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ განვითარებული ქვეყნების საფონდო ბირჟების ფუნქციონირებაში. გარდა ამისა, ეს ბაზრები იზიდავს უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი.
- ტექნოლოგია და სავაჭრო ინფრასტრუქტურა: განვითარებულ საფონდო ბირჟებზე მოწინავე ტექნოლოგიები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა გამოიყენება. ბაზრის ფუნქციონირებას ამარტივებს ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც ვაჭრობის პროცესის სწრაფ და ეფექტურ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.