ინვესტირება ეფექტური გზაა იმისთვის, რომ თქვენს მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსებით კიდევ უფრო მეტი ფული გამოიმუშაოთ და სიმდიდრე დააგროვოთ. ნაღდი ფული და საბანკო შემნახველი ანგარიშები უსაფრთხო სტრატეგიად ითვლება, მაგრამ ინვესტირება საშუალებას გაძლევთ, რთული პროცენტის ეფექტისა და გრძელვადიანი ზრდის წყალობით, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ.
მიუხედავად იმისა, ფულს აქციებში, ობლიგაციებში, ურთიერთდახმარების ფონდებში, ოფციონებში, ფიუჩერსებში, ძვირფას ლითონებში, უძრავ ქონებაში თუ მცირე ბიზნესში აბანდებთ, ინვესტირება მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი შემოსავლისა და კაპიტალის გასაზრდელად, სიმდიდრის დასაგროვებლად.
რატომ არის ინვესტირება მნიშვნელოვანი ნებისმიერ ასაკში?
ინდივიდის მიზნები დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ასაკს, შემოსავალს და რისკის პროფილებს. ასაკი შეიძლება შემდეგ სამ კატეგორიად დაიყოს:
- ახალგაზრდა — კარიერის დასაწყისი
- საშუალო ასაკი — ოჯახის დაგეგმვა
- საპენსიო ასაკი — საკუთარ თავზე ფოკუსირება
ამ სეგმენტების წარმომადგენლები ხშირად სხვადასხვაგვარად იქცევიან — საშუალო ასაკის ადამიანები ინვესტირების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იმყოფებიან, საპენსიო ასაკის წარმომადგენლები კი იძულებულნი არიან ბიუჯეტის შედგენა დაიწყონ და გამოიყენონ დისციპლინა, რომელიც მათ ახალგაზრდობაში აკლდათ.
ინვესტირების დაგეგმვისთვის შემოსავალი ბუნებრივ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს, რადგან ვერ დააბანდებთ იმას, რაც არ გაქვთ. ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანისთვის პირველი სამსახური შეიძლება შესანიშნავი საწყისი წერტილი აღმოჩნდეს, რათა ფულის დაზოგვა დაიწყოს და საინვესტიციო სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგას.
პერსპექტივა განსაზღვრავს მოედანს, რომელზეც „ვთამაშობთ“ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და არჩევანს, რომელიც სიმდიდრის მართვაზე ზემოქმედებს. მრავალი ადამიანისთვის ამ სიის სათავეშია ოჯახის დაგეგმვა — წყვილები განსაზღვრავენ, თუ რამდენი შვილის ყოლა სურთ, სად უნდათ ცხოვრება და რამდენი ფულია საჭირო ამ მიზნების მისაღწევად. კარიერის მოლოდინი ხშირად ართულებს ამ გამოთვლებს, ისინი, ვინც მაღალანაზღაურებადი უნარების განვითარებაზე ზრუნავს, უკეთესი შემოსავლით სარგებლობს, ხოლო დაბალანაზღაურებადი სამსახურის მქონეები იძულებულნი არიან, ბევრ რამეზე უარი თქვან.
არასდროს არის გვიან, გახდეთ ინვესტორი. შესაძლოა, უკვე შუა ხნის ასაკში იყოთ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ დრო სწრაფად გადის და საპენსიო ასაკისთვის სათანადო გეგმის ქონა აუცილებელია. თუ საინვესტიციო მიზნების დასახვას ძალიან დიდხანს მოანდომებთ, შეიძლება თქვენზე შიშმა მოიპოვოს კონტროლი, მაგრამ, როგორც წესი, ის მაშინ ქრება, როდესაც გეგმების ამოქმედებას დაიწყებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა ინვესტიცია იწყება პირველი ლარით, მიუხედავად თქვენი ასაკისა, შემოსავლისა თუ პერსპექტივისა. მას, ვინც ინვესტირებას ადრე იწყებს, შეუძლია რთული პროცენტის ეფექტი მაქსიმალურად გამოიყენოს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სარგებელი დააგროვოს. იმის ნათლად აღსაქმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირებაში დრო, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ფოტოს დააკვირდეთ.