• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება?

ივნისი 26, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება?
გაზიარება

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება არის საინვესტიციო სტილი და სტრატეგია, რომელიც ყურადღებას ინვესტორის კაპიტალის გაზრდაზე ამახვილებს. ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები („ზრდის ინვესტორები“), როგორც წესი, ინვესტიციებს დებენ მზარდი პოტენციალის აქციებში, ანუ ახალგაზრდა ან მცირე კომპანიებში, რომელთა შემოსავლები, სავარაუდოდ, საშუალოზე მაღალი ტემპით გაიზრდება, მათ სექტორთან ან მთლიან ბაზართან შედარებით.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება ძალიან მიმზიდველია მრავალი ინვესტორისთვის, რადგან განვითარებადი კომპანიების აქციების შეძენას შთამბეჭდავი ანაზღაურების მოტანა შეუძლია (თუ ეს კომპანიები წარმატებას მიაღწევს). თუმცა, ასეთი ბიზნესები გამოუცდელია და, შესაბამისად, ხშირად საკმაოდ მაღალ რისკს შეიცავს.

ამ მიდგომის საპირისპირო სტრატეგიად შეგვიძლია ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება მივიჩნიოთ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მეთოდს, რომელიც ბაზარზე მოცემულ მომენტში დაუფასებელი აქციების შეძენას გულისხმობს.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების გააზრება

„ზრდის ინვესტორები“, როგორც წესი, დაინტერესებულნი არიან ინვესტირებით სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში (ან თუნდაც მთელ ბაზრებზე), სადაც ახალი ტექნოლოგიები და სერვისები ვითარდება. ზრდის ინვესტორები ორიენტირებულნი არიან კაპიტალის ნამატით მიღებულ მოგებაზე — ეს არის მოგება, რომელსაც ისინი აქციების გაყიდვით მიიღებენ.

ეს კომპანიები, როგორც წესი, არის პატარა, ახალგაზრდა ორგანიზაციები შესანიშნავი პოტენციალით. მათ რიგებში ასევე შეიძლება იყოს ფირმები, რომელთა აქციებიც საჯარო ბაზარზე ახლახან გახდა ხელმისაწვდომი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი კომპანია წარმატებას მიაღწევს, გაფართოვდება და შემოსავლების ან მოგების მატება საბოლოოდ აქციების ფასს გაზრდის. შესაბამისად, მზარდი პოტენციალის აქციებს შეიძლება მაღალი ფასი/მოგების (P/E) კოეფიციენტი ახასიათებდეს. შესაძლოა, ისინი მოცემულ მომენტში მომგებიანი არ იყოს, მაგრამ ეს მოსალოდნელია მომავალში. ეს შეიძლება იქიდან გამომდინარეობდეს, რომ ასეთი კომპანიები ფლობს პატენტებს ან მათ გააჩნია წვდომა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ინდუსტრიაში ლიდერული პოზიციის დაკავებაში ეხმარება. ასეთი კომპანიები, კონკურენტული პოზიციების გასაძლიერებლად, თავიანთი მოგების რეინვესტირებაზე აკეთებს აქცენტს და, გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად, ცდილობს პატენტები დაიცვას.

იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ინვესტორები ცდილობენ, თავიანთი კაპიტალური მოგება მაქსიმალურად გაზარდონ, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება ასევე ცნობილია, როგორც კაპიტალის ზრდის სტრატეგია ან კაპიტალის ნამატის სტრატეგია.

კომპანიის ზრდის პოტენციალის შეფასება

ზრდის ინვესტორები ფოკუსირებულნი არიან კომპანიის ან ბაზრის ზრდის პოტენციალზე, რომლის შეფასების აბსოლუტური ფორმულა არ არსებობს. ის მოითხოვს ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე, ასევე ინდივიდუალურ მსჯელობაზე. ზრდის ინვესტორებმა შეიძლება გამოიყენონ გარკვეული მეთოდები ან კრიტერიუმები, როგორც მათი ანალიზის ჩარჩო, მაგრამ ისინი კომპანიის კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა იქნას პროცესში ჩართული: კონკრეტულად, კომპანიის ამჟამინდელი პოზიციის შეპირისპირება მის წარსულ ინდუსტრიულ წარმადობასთან და ისტორიულ ფინანსურ მაჩვენებლებთან.

ზოგადად, ზრდის ინვესტორები, იმ კომპანიების შერჩევისას, რომლებმაც შეიძლება მათი კაპიტალის ზრდა უზრუნველყოს, ხუთ ძირითად ფაქტორს აკვირდებიან. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

შემოსავლების ძლიერი ზრდის ისტორია

კომპანიებს ბოლო 5-10 წლის განმავლობაში შემოსავლების ზრდის ისტორია უნდა გააჩნდეს. EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) მინიმალური ზრდა დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე: მაგალითად, თქვენ შეიძლება ფოკუსირებული იყოთ მინიმუმ 5%-იან ზრდაზე იმ კომპანიებისთვის, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია $4 მილიარდს აჭარბებს; 7% — $400 მილიონი $4 მილიარდი; 12% — $400 მილიონზე ნაკლები. ძირითადი იდეა არის ის, რომ თუ კომპანია ახლო წარსულში კარგი ზრდით ხასიათდება, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

Investor

მომავალი მოგების ძლიერი ზრდა

„მოგების განცხადება“ არის ოფიციალური საჯარო ანგარიში კომპანიის მომგებიანობის შესახებ კონკრეტული პერიოდისთვის — ჩვეულებრივ, კვარტლისთვის ან წელიწადისთვის. ამ განცხადებებს წინ უსწრებს ანალიტიკოსების პროგნოზები და სწორედ მათ აქცევენ ინვესტორები ყურადღებას, როდესაც ცდილობენ დაადგინონ, რომელი კომპანიები გაიზრდება საშუალოზე მაღალი ტემპებით ინდუსტრიასთან შედარებით.

ძლიერი მოგების მარჟა

კომპანიის მოგების მარჟა გადასახადების გადახდამდე ასე გამოითვლება: გაყიდვები — ყველა ხარჯი (გადასახადების გარდა)/ გაყიდვები. ეს მაჩვენებელი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან კომპანიის შემოსავალი შეიძლება ფანტასტიკური ზრდით ხასიათდებოდეს, თუმცა მოგების თვალსაზრისით საპირისპირო მდგომარეობა იყოს, რაც, შესაძლოა, მენეჯმენტის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების არასათანადო კონტროლზე მიუთითებდეს. ზოგადად, თუ კომპანიის მოგების მარჟა (გადასახადების გადახდამდე) საკუთარ (ასევე ინდუსტრიის) წინა ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს აღემატება, მას შეიძლება შესანიშნავი ზრდის პოტენციალი გააჩნდეს.

ძლიერი კაპიტალის რენტაბელობა

კომპანიის კაპიტალის რენტაბელობა (ROE) ზომავს მის მომგებიანობას იმის გამოვლენით, თუ რამდენ მოგებას გამოიმუშავებს კომპანია აქციონერების მიერ ჩადებული ფულით. ის წმინდა შემოსავლის აქციონერულ კაპიტალზე გაყოფით გამოითვლება. კარგი წესია კომპანიის ამჟამინდელი ROE-ის შედარება მის და ინდუსტრიის საშუალო ხუთწლიან ROE-სთან. სტაბილური ან მზარდი ROE მიუთითებს იმაზე, რომ მენეჯმენტი აქციონერების ინვესტიციებიდან ფულის გამომუშავების კუთხით კარგ სამუშაოს ასრულებს და ბიზნესს ნაყოფიერად უძღვება.

აქციების ძლიერი წარმადობა

ზოგადად, თუ აქციების ფასი რეალობაში ხუთ წელიწადში ვერ გაორმაგდება, თქვენ, ალბათ, მზარდი პოტენციალის აქციასთან არ გაქვთ საქმე. გაითვალისწინეთ, რომ 7 წელიწადში აქციების ფასის გასაორმაგებლად მხოლოდ 10%-იანი ზრდის ტემპია საჭირო, ხოლო ეს მაჩვენებელი 5 წელიწადში რომ გაორმაგდეს, ზრდის ტემპი 15% უნდა იყოს. ეს კი, რა თქმა უნდა, სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში მოღვაწე ახალგაზრდა კომპანიისთვის სრულიად შესაძლებელია.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება vs ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება ღირებულებაზე ფოკუსირებული სტრატეგიის დიამეტრულად საპირისპირო მიდგომად ითვლება. ღირებულების ინვესტორები ეძებენ ღირებულებით აქციებს, რომელთა ფასიც მათ შინაგან ღირებულებაზე ნაკლებია, მაშინ, როდესაც ზრდის ინვესტორები — მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებას ითვალისწინებენ — უგულებელყოფენ სტანდარტულ ინდიკატორებს, რომლებიც, შესაძლოა, აქციების გადაჭარბებულ შეფასებაზე მიუთითებდეს.

ღირებულების ინვესტორები ეძებენ აქციებს, რომლებიც დღეს მათ შინაგან ღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება, ზრდის ინვესტორები კი ყურადღებას ამახვილებენ კომპანიის მომავალ პოტენციალზე, გაცილებით ნაკლები აქცენტით აქციების ამჟამინდელ ფასზე. ღირებულების ინვესტორებისგან განსხვავებით, ზრდის ინვესტორებმა შეიძლება შეიძინონ აქციები, რომელთა ფასი მათ შინაგან ღირებულებას აღემატება იმ ვარაუდით, რომ ეს უკანასკნელი გაიზრდება და საბოლოოდ გადააჭარბებს მიმდინარე ფასს.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების გურუები

ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია თომას როუ პრაისი უმცროსი, რომელიც ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების მამად ითვლება. 1950 წელს თომასმა შექმნა T. Rowe Price Growth Stock Fund, პირველი ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც საზოგადოებას მისმა საკონსულტაციო ფირმამ — T. Rowe Price Associates-მა შესთავაზა. ამ ფონდის ანაზღაურება 22 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 15%-ს შეადგენდა. დღეს T. Rowe Price Group მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური მომსახურების ფირმაა.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების სფეროში ასევე ცნობილი სახელია ფილიპ ფიშერი. მან თავისი სტილი 1958 წელს გამოცემულ წიგნში — “Common Stocks and Uncommon Profits” — აღწერა. ნაშრომი, რომელიც ხაზს უსვამს კვლევის მნიშვნელობას, დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად ითვლება.

პიტერ ლინჩმა, Fidelity Investments-ის ლეგენდარული Magellan Fund-ის მენეჯერმა, შეიმუშავა ზრდასა და ღირებულებაზე ფოკუსირებული ინვესტირების ჰიბრიდული მოდელი, რომელსაც ახლა GARP-ს (ზრდა გონივრულ ფასად) უწოდებენ.

წინა

საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟიდან

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved