ფულთან დაკავშირებულ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებს, ალბათ, ყოველ დღე იღებთ: ყიდულობთ სურსათს, იწერთ ნივთებს „ონლაინ“, იხდით გადასახადებს. თუმცა, ეს ფინანსური ცხოვრების ძალიან მცირე ნაწილია. როგორც წესი, ამ ყველაფერზე ბევრს არ ფიქრობთ, კომუნალური გადასახადები და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები ხომ დიდ გავლენას არ ახდენს თქვენს აწმყოზე და მით უმეტეს – მომავალზე.
თუმცა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს თქვენს კომფორტულ და იდეალურ შემთხვევაში, მდიდრულ ცხოვრებას. ამისთვის, როგორც ექსპერტები ამბობენ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა ინვესტირებაა. ინვესტიციით, საკუთარი კაპიტალის გაზრდა შეგიძლიათ.
ინვესტირება მებაღეობას ჰგავს
ოდესმე თუ გიცდიათ, მაგალითად, პომიდვრის მოყვანა. ამ საქმეს დიდი მოთმინება სჭირდება. გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდებათ: მავნებელი მწერები, ამინდი, შეიძლება, ვერც სასუქის საჭირო რაოდენობა გათვალოთ, ან ნარგავების მორწყვა დაგაგვიანდეთ. მოკლედ, ძალიან ბევრი დაბრკოლება და ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ ნელ-ნელა ამ საქმეს ალღოს აუღებთ, პრაქტიკაში ყველაფერს ისწავლით და თქვენი შრომა ბოლოს ნაყოფს გამოიღებს. აი, ასე – თანმიმდევრული ნაბიჯებით, ზრუნვით და შრომით ძალიან კარგი მოსავალი მიიღებთ.
ფული შესაძლებლობაა
თქვენი გეგმების რა ნაწილი უკავშირდება ფულს? ისეთ საკითხებზე თუ ფიქრობთ, როგორებიცაა: სახლის ყიდვა, ბავშვების საზაფხულო ბანაკში გაგზავნა, მათი სწავლის საფასურის გადახდა. იქნებ, მოგზაურობას, ან სულაც, საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავთ? კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გინდოდეთ და ამ ყველაფრის რეალობად ქცევაში ინვესტიციები დაგეხმარებათ.
ინვესტიციით პენსიის დაზოგვაც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, მაგალითად, საინვესტიციო ფონდს მიანდოთ საპენსიო დანაზოგი და მშვიდად დაელოდოთ ასაკს, როცა მუშაობას თავს დაანებებთ, იმოგზაურებთ და მთელი დროს თქვენს ჰობისა და გატაცებებს დაუთმობთ.
მოკლედ, ინვესტიცია ეს არის რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში.
ინვესტიციის საიდუმლო: მოგება
ინვესტიციისგან მიღებულ მოგებას, ზოგჯერ, მსოფლიოს მე-8 საოცრებასაც უწოდებენ.
მოდით, ისევ მებაღეობის მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოიდგინეთ, რომ ფორთოხლის ერთი ხე გაქვთ, რომელიც ყველაზე ტკბილ ნაყოფს გაძლევთ, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ. ერთი ხე ძალიან კარგია, ორი – უკეთესი და ასეთი ფორთოხლის ბაღი ხომ საერთოდ, იდეალური იქნება.
ფორთოხლის ხე ნაყოფს ყოველწლიურად გაძლევთ. აქედან შეგიძლიათ სხვა ხეები დარგოთ, მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი ნერგი გაახაროთ და საბოლოო ჯამში, ფორთოხლის ვენახები გააშენოთ.
ინვესტირებაშიც ასეთივე კონცეფციაა. გაქვთ გარკვეული თანხა. ფულის ფასიან ქაღალდებში ან სხვა მიმართულებით დაბანდებით, იღებთ მოგებას და შემდეგ, რეინვესტირების საშუალებით, ეს მოგებაც მუდმივად იზრდება.
რას ნიშნავს იყო ინვესტორი?
როცა ფულს აბანდებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თანხა ჯადოსნურ ყუთში ინახავთ და თვითონ გამრავლდება. საფონდო ბირჟაზე ან სავაჭრო ფონდის დახმარებით რომ აქციებს ყიდულობთ, ჩათვალეთ, იმ კონკრეტული ბიზნესის ნაწილს იძენთ. ეს შეიძლება იყოს ობლიგაციები ან სხვა აქტივები. მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ერთი მთლიანობის ნაწილის მფლობელი ხდებით.
როგორც აქციონერს, შეგეხებათ ამ კომპანიის ყველა ფინანსური სირთულე თუ პირიქით, აღმავალი პერიოდი. სწორედ ამის მიხედვით შემცირდება ან გაიზრდება თქვენი მოგება.
მაშ, ყველა ინვესტორი რატომ არ არის?
ბევრი ადამიანი, უბრალოდ, მზად არ არის ინვესტირებისათვის და ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები უფრო მეტად პასიურობენ. მაგალითად, ამერიკელების 55% ფლობს აციებს და მათ შორის ახალგაზრდების წილი ძალიან მცირეა.
როცა მზაობაზე ვსაუბრობთ, აქ მაინცდამაინც ფინანსური ფაქტორი არ იგულისხმება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამერიკელი მილიონერების 60%, საფონდო ბირჟაზე, საერთოდ არანაირ ინვესტიციას არ დებს.
რატომ საინვესტიციო ბირჟა?
საერთო ჯამში, ინვესტირება რისკსა და მოგებას უკავშირდება. თანხის შენახვა საბანკო ანაბარზეც კი შეგიძლიათ, რისთვისაც საპროცენტო სარგებელსაც მიღებთ. მაგრამ ინვესტიციის შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მეტი ანაზღაურება გერგებათ.
სად და როგორ შეგიძლიათ ფულის დაბანდება, ანუ ინვესტიციის გზები
ინდივიდუალური აქციები – შეგიძლიათ, ინვესტიცია ინდივიდუალურ აქციებში ჩადოთ, თუ გაქვთ დრო და სურვილი, მუდმივად დააკვირდეთ, გააანალიზოთ, შეაფასოთ სიტუაცია. მაგრამ თუმათემატიკური გამოთვლები, მოგებისა და ხარჯების ანგარიში არ შეგიძლიათ, ეს აქციები სათქვენო არარის.
საინდექსო ფონდები (ფონდი, რომლის ფასიც მიმაგრებულია ფასიანი ქაღალდების გარკვეულ ინდექსზე) – თუ საქმე ინვესტიციების პასიურ მართვაზე მიდგება, ალბათ, ამ უკანასკნელს გირჩევთ. ასეთ ფონდებს, როგორც წესი, ნაკლები ხარჯები აქვს, მაგალითად, SPDR S&P 500 ETF ფონდის აქციების ფასი მიბმულია S&P 500-ის ინდექსზე, რომელიც ზომავს ამერიკულ ბირჟაზე 500 დიდი კომპანიების აქციების საშუალო ფასს.
რობო – კონსულტანტი – ეს ვარიანტი ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. ეს არის საბროკერო კომპანია, რომელიც თქვენს მაგივრად, თქვენს ფულს სხვადასხვა ფონდის პორტფელში დებს, იმის მიხედვით, რამდენი წლის ხართ, როგორ უყურებთ და ეგუებით რისკებს. ინვესტიციების განკარგვის გარდა, მას საგადასახადო მიმართულებით კონსულტაცია და მთელი რიგი, სხვა ფინანსური საკითხების მოგვარება შეუძლია.
რაც შეეხება კლასიფიკაციას, ინვესტიცია შეგიძლიათ ჩადოთ ისეთ აქტივებში, როგორებიცაა: აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება, ვადიანი გარიგება, დეპოზიტური სერტიფიკატები, კრიპტოვალუტა, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და ა.შ.
როგორ მუშაობს ეს სისტემა?
მოდით, S&P 500-ინდექსის მაგალითი განვიხილოთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, S&P 500-ინდექსის საინვესტიციო წლიურმა ანაზღაურებამ, დაახლოებით, 7.5% შეადგინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1990 წლის იანვრიდან 2020 წლის აგვისტომდე, იმ $1 000-იანმა ინვესტიციებმა, რომელსაც S&P 500 ინდექსი შეისწავლიდა, $9 300-მდე მოიმატა, ხარჯებისა და გადასახადების გარეშე.
თუმცა, ეს 30 წელი არ ყოფილა დანაკარგების გარეშე. და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. შესაბამისად, იცვლება S&P 500 ინდექსის მაჩვენებლებიც, მაგალითად, გაცილებით ნაკლები იყო 2008 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზის დროს.
თქვენ როგორც ინვესტორი მზად უნდა იყოთ ასეთი რყევებისთვის.
ინვესტირება VS. დანაზოგი
ინვესტირებასა და დანაზოგს შორის არსებითი სხვაობა რომ დაინახოთ, ასეთი მაგალითი განვიხილოთ.
წარმოიდგინეთ, რომ ახლა 25 წლის ხართ და პენსიაზე გასვლას 40 წლის შემდეგ, 65 წლის ასაკში გეგმავთ.
გაქვთ $1 200 და არ იცით, ანაბარზე შეინახოთ, თუ საფონდო ბირჟაზე, ნებისმიერ აქციაში ჩადოთ.
ანაბარზე შენახული დანაზოგი, ყოველ წელს მხოლოდ 6%-ით გაიზრდება. თუ ინვესტიციას ჩადებთ $1,200 40 წლის შემდეგ ეს თანხა დაახლოებით $200,000 იქნება.
როგორ იზრდება ინვესტიცია?
არსებობს ინვესტიციის ზრდის ორი საშუალება: შემოსავალი და დივიდენდები.
შემოსავალი არის თანხა, რომელსაც აქციებზე ფასის ზრდისას იღებთ. ან თუ სხვა სახის ინვესტიციაზეა საუბარი, მაგალითად უძრავ ქონებაზე, მისი ღირებულება იზრდება და ეს არის თქვენი, როგორც ინვესტორის მოგება.
დივიდენდი კი საერთო შემოსავლიდან მიღებული წილია. მაგალითად, შეიძინეთ აქციები, რომლებსაც მოაქვთ მოგება. კომპანიის ხელმძღვანელობა, როგორც აქციონერს, კვარტალში, ან წელიწადში ერთხელ, ამ მოგებიდან გარკვეულ პროცენტს გიხდით.