ინვესტირებას გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის დაგროვების იმედით ვიწყებთ. როდესაც საფონდო ბირჟა კარგი წარმადობით ხასიათდება, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების ზრდა თავს კარგად გაგრძნობინებთ, მაგრამ რთულ პერიოდებში დანაკარგებთან გამკლავება შეიძლება ძალიან რთული იყოს.
არავის უყვარს ფულის დაკარგვა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საფონდო ბირჟის ნეგატიური წლები გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ bear market-ს მთლიანად გვერდი აუაროთ, ამ სტატიაში მოცემული 5 რჩევის გათვალისწინებით ფულის დაკარგვის თავიდან აცილებას შეძლებთ.
- იქონიეთ რეალისტური მოლოდინები
როდესაც ინვესტირებას იწყებთ, თქვენი მოლოდინები უნდა გააკონტროლოთ და ზოგჯერ ისეთმა მაჩვენებლებმა, როგორიცაა საშუალო ანაზღაურება, შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ.
მაგალითად, თუ 1926-დან 2020 წლამდე დიდი კაპიტალიზაციის აქციებში ჩადებდით ინვესტიციას, თქვენი საშუალო ანაზღაურება 10.2% იქნებოდა. თუ თქვენ ამ ანაზღაურებას 30 წლის განმავლობაში მიიღებდით, $100,000-იანი ინვესტიციის $1.84 მილიონამდე გაზრდას შეძლებდით.
თუმცა იმავე პერიოდის განმავლობაში, 1933 წელს დაფიქსირდებოდა ყველაზე მაღალი — 54%-იანი ანაზღაურება, ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი — -43%-ს 1931 წელს.
იმის გაგება, რომ თქვენი ანაზღაურება არ იქნება წრფივი, რთული პერიოდების გადატანაში დაგეხმარებათ.
- გაიაზრეთ განსხვავება რეალიზებულ და არარეალიზებულ დანაკარგებს შორის
როდესაც თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულებას უყურებთ და ხედავთ, რომ ის უფრო დაბალია, ვიდრე — წინა თვეში, შეიძლება იფიქროთ, რომ ფული დაკარგეთ. თუმცა სინამდვილეში ეს არარეალიზებული დანაკარგია (ზრდის შემთხვევაში — მოგება). ეს რიცხვები უკეთესობისკენ ან უარესისკენ იცვლება მთელი დღის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მიმდინარე აქტივობების შედეგად და რეალიზებულ დანაკარგებად ან მოგებად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც თქვენს მფლობელობაში არსებულ აქტივებს გაყიდით.
მაგალითად, თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება ამჟამად $9,000-ს შეადგენს, ხოლო გასულ თვეში ეს მაჩვენებელი $10,000 იყო თქვენ არარეალიზებული ზარალი განიცადეთ. თუმცა რეალურად ფულს მხოლოდ მაშინ დაკარგავთ, თუ პოზიციებს გაყიდით. გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მათი ღირებულება არა მარტო დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს, არამედ საგრძნობლად გადააჭარბოს მას.
- იქონიეთ შესაფერისი დროის ჰორიზონტი
თუ ინვესტიციებში ჩადებული ფული მომდევნო 25 წლის განმავლობაში არ დაგჭირდებათ და თქვენი პორტფელი 30%-იან ზარალს განიცდის, ეს ნაკლებად დამძაბველი იქნება. თუმცა თუ ამ ფულის მომავალ წელს გამოყენებას აპირებთ, შეიძლება პანიკაში ჩავარდეთ.
სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, თქვენი დროის ჰორიზონტზე დაფიქრდით — რაც უფრო ახლოს არის ის, მით უფრო კონსერვატიულად უნდა ჩადოთ ინვესტიცია.
- აკონტროლეთ ემოციები
ემოციების კონტროლი ადვილი ნამდვილად არ არის და როცა ფულს კარგავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მუდმივად გაგრძელდება. თუმცა საფონდო ბირჟის ვარდნა სამუდამოდ არასოდეს გაგრძელებულა. როდესაც გრძნობთ, თითქოს თქვენი გეგმები ინგრევა და საინვესტიციო პორტფელი ნადგურდება, შესაძლოა, პანიკისგან გათავისუფლებაში ბირჟის ისტორიული მონაცემების გადახედვა დაგეხმაროთ.
მაგალითად, 2000 წლიდან 2002 წლამდე, თუ ინვესტიციას მხოლოდ დიდი კაპიტალიზაციის აქციებში ჩადებდით, მთლიანობაში დაახლოებით 38%-ს დაკარგავდით. $100,000 დოლარი რომ დაგებანდებინათ, თქვენი ინვესტიციის ღირებულება დაახლოებით $62,000-მდე შემცირდებოდა. თუმცა 2006 წლისთვის თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება საწყის მდგომარეობას ოდნავ გადააჭარბებდა კიდეც.
- ინვესტიცია რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის შესაბამისად ჩადეთ
გაიაზრეთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონე და დაფიქრდით, როგორ იგრძნობდით თავს მთელი ინვესტირებული თანხა ან მისი ნაწილი რომ დაგეკარგათ. ახალბედა ინვესტორებს შორის გავრცელებული შეცდომა სწორედ ამ ფაქტორის არასწორად შეფასებაა. რეალურად, როდესაც მათი შედარებით სარისკო ინვესტიციების ღირებულება ეცემა, ისინი პანიკის საფუძველზე გაყიდვას იწყებენ. რისკისა და ანაზღაურებისადმი გააზრებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ, რომ ინვესტიციები რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონის შესაბამისად შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ რისკს შეიცავს — ეს ნაღდი ფულის შენახვასაც ეხება, რადგან, შესაძლოა, მისი მსყიდველობითი უნარი ინფლაციის გამო შემცირდეს.