შესაძლოა ინვესტირება რთულად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ. თუმცა, დღევანდელ რეალობაში ინვესტიციების ჩადება საკმაოდ მარტივი პროცესია, მთავარია სურვილი. დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც ინვესტირების სამყაროში შებიჯებაში დაგეხმარებათ.
- დარწმუნდით, რომ მყარი ფინანსური საფუძველი გაქვთ
სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, მყარი ფინანსური საფუძველი ჩამოაყალიბეთ. მნიშვნელოვანია, რომ შექმნათ გადაუდებელი დახმარების ფონდი, რომელიც 3-დან 6 თვემდე საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარისი იქნება. ეს საშუალებას მოგცემთ, გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს, ინვესტიციების გაყიდვის ნაცვლად, ფონდში არსებული თანხა გამოიყენოთ. ასევე გადაიხადეთ მაღალპროცენტიანი სესხები, როგორიც არის საკრედიტო ბარათის დავალიანება.
- განსაზღვრეთ მიზნები
მიზნების დასადგენად, გარკვეული დრო დაუთმეთ იმის გარკვევას, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. მიზანი შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, დაწყებული ახალი ავტომობილის ან სახლის შეძენით, დამთავრებული პენსიაზე უზრუნველად გასვლით. გირჩევთ, ჩამოწეროთ მიზნები და ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას განათავსოთ.
როდესაც მიზნებს დაისახავთ, შეეცადეთ თითოეული მათგანის ღირებულება და ვადები განსაზღვროთ. ამ ინფორმაციისა და რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონის საფუძველზე, შეგიძლიათ თითოეული ინდივიდუალური მიზნისთვის საინვესტიციო სტრატეგია შეადგინოთ.
- შეისწავლეთ ინვესტირების საფუძვლები
გახსოვდეთ, რომ ოდესღაც ყველა ინვესტორმა დაიწყო იქიდან, სადაც ახლა თქვენ ხართ. გირჩევთ, პირველ რიგში შეისწავლოთ საფუძვლები და უფრო სიღრმისეულ საკითხებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეხოთ. ამ თემატიკასთან დაკავშირებით მოუსმინეთ პოდკასტებს და იკითხეთ ფინანსური ლიტერატურა. რაც უფრო მეტს გაიგებთ ინვესტიციების შესახებ, მით უფრო სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ.
- მცირედით დაწყება პრობლემა არ არის
მიუხედავად იმისა, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებთ, თქვენი ფულის დაბანდება იქ, სადაც მას ზრდის პოტენციალი გააჩნია, შეიძლება არა მხოლოდ სიმდიდრის გაზრდაში, არამედ იმ ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ, რომლებიც მთლი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ. წილადობრივი ინვესტირების (კომპანიის ერთი სრული აქციის გარკვეული წილის, მაგალითად 1/2 ნაწილის შეძენა) საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩადოთ კომპანიაში, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა სრული აქციის შეძენისთვის საკმარისი ფული.