სტენლი დრაქენმილერი ცნობილი ინვესტორია. მან წარმატებული საინვესტიციო ფირმა — Duquesne Capital Management დააარსა, რომელიც 2010 წლის აგვისტოში დახურა. ამჟამად, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემები ამ სფეროს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რის შედეგადაც დრაქენმილერი და სხვები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. დღეს კი ინვესტორის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.
- იგი University of Michigan-იდან წამოვიდა
სტენლი თავდაპირველად Bowdoin College-ში სწავლობდა. მოგვიანებით, მან University of Michigan-ში ჩააბარა დოქტორის ხარისხის მისაღებად. თუმცა, მან მეორე სემესტრში სწავლა შეწყვიტა, რათა პიტსბურგის ეროვნულ ბანკში ნავთობის ანალიტიკოსის თანამდებობა დაეკავებინა. თუ ვიმსჯელებთ იმ რეპუტაციით, რომელიც მან შეიქმნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დოქტორანტურის პროგრამის შეწყვეტას მისი გრძელვადიანი პერსპექტივები არ დაუზარალებია.
- მან 1981 წელს Duquesne Capital Management დააარსა
1981 წელს სტენლიმ დააარსა საინვესტიციო ფირმა — Duquesne Capital Management, რომელსაც ისეთი ოსტატობით მართავდა, რომ არსებობის 30 წლის განმავლობაში ვარდნის ერთი წელიც კი არ ჰქონია. უნდა აღინიშნოს, რომ სტენლი ფინანსურ ინდუსტრიაში მრავალი სხვა გზითაც იყო ჩართული, მაგალითად, 1986 წელს იგი Dreyfus Fund-ის ხელმძღვანელად დაინიშნა.
- სტენლიმ საინვესტიციო ფირმა სტრესის გამო დახურა
მიუხედავად დიდი წარმატებისა, სტენლი დრაქენმილერმა განაცხადა, რომ უზარმაზარი კაპიტალით მუშაობა, ამავდროულად, ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის შენარჩუნების მცდელობა ძალიან სტრესული იყო. საბოლოოდ, 2010 წლის აგვისტოში მან Duquesne Capital Management დახურა.
- იგი მაკრო ტრეიდინგის ერთ-ერთი პიონერია
სტენლი დრაქენმილერი შეიძლება მაკრო ტრეიდინგის ერთ-ერთ პიონერად ჩაითვალოს. არსებითად, მაკრო ტრეიდინგი ფართომასშტაბიანი მოვლენების პროგნოზირებისთვის მაკროეკონომიკური და სხვა ასეთივე დონის ფაქტორების გათვალისწინებას ნიშნავს. სტენლი ფუნდამენტური ანალიზის გამოყენებითაც არის ცნობილი.
- სტენლი არ არის უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების გულშემატკივარი
აღსანიშნავია, რომ სტენლი უარყოფითი საპროცენტო განაკვეთებით მოხიბლული არ არის. უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს, რომ ადამიანები ფულადი სახსრების ბანკში შესანახად, საპროცენტო შემოსავლის მიღების ნაცვლად, პირიქით, საფასურს იხდიან. შედეგად, უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები მათ უფრო მეტ სტიმულს აძლევს, რომ, დაზოგვის ნაცვლად, ფული დახარჯონ და ეს ცენტრალური ბანკების პოტენციურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ზოგჯერ უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები ნომინალურია. თუმცა, საინტერესოა აღინიშნოს, რომ საპროცენტო განაკვეთები შეიძლება იყოს უარყოფითი მაშინაც კი, როდესაც მათ დადებითი ნომინალური ღირებულება გააჩნია, რადგან რეალური საპროცენტო განაკვეთი = ნომინალური საპროცენტო განაკვეთი – ინფლაციის განაკვეთი. ცენტრალური ბანკები მიდრეკილნი არიან გამოიყენონ უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები მაშინ, როდესაც მათ დეფლაციის (ფასების შემცირება) ეშინიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ რადიკალური ინსტრუმენტის გამოყენებას თავს არიდებენ.