რამდენიმე თვის წინ საფონდო ბირჟა ოფიციალურად bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. და როდესაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მზად არის საპროცენტო განაკვეთების აგრესიული ზრდა განაგრძოს, გაურკვეველია, როდის დასრულდება ეს bear market.
ამ ეტაპზე მოსამზადებლად რაიმეს გაკეთება უკვე გვიანია. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ახლავე შეგიძლიათ, რათა თქვენს საინვესტიციო პორტფელს ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროთ. ამ სტატიაში მოცემულია სამი რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები თავიანთი პორტფელების გასამყარებლად აკეთებენ.
- წინააღმდეგობა გაუწიეთ საუკეთესო ანაზღაურების მქონე აქტივთა კლასის დევნის სურვილს
თუ აქციებში ინვესტიციები გაქვთ ჩადებული, დიდი შანსია, რომ ამ წელს სერიოზულად დაზარალდით. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების წმინდა ქონებაც კი მკვეთრად შემცირდა. უორენ ბაფეტმაც, რომელიც უპირატესობას „მოსაწყენ“ და პროგნოზირებად ბიზნესებს ანიჭებს, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2022 წლის მეორე კვარტალში Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელმა $63 მილიარდზე მეტი (21%-იანი კლება) დაკარგა.
თუმცა ამ წელს კარგი წარმადობით ხასიათდება, მაგალითად, ფართო მოხმარების საგნები და ენერგეტიკული რესურსები. რა თქმა უნდა, თუ ფიქრობთ, რომ ინფლაცია რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მაღალი იქნება, თქვენი პორტფელის ნაწილის ინვესტირება ტოპ სასაქონლო და ენერგეტიკულ კომპანიებში, შეიძლება, კარგი იდეა იყოს. მიუხედავად ამისა, ინვესტიციის ჩადება მას შემდეგ, რაც ღირებულება უკვე გაიზარდა, თქვენი პორტფელის კიდევ ერთ ვარდნას განაპირობებს. მაგალითად, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც ამ წლის დასაწყისში დაფიქსირდა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლანდელი ნიშნულიდან ნავთობის ფასები აუცილებლად დაეცემა. თუმცა, პრინციპი ასეთია: თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, მოკლევადიან ტენდენციებს ნუ აჰყვებით.
- გაყიდეთ ცუდი ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიების აქციები
ერთ-ერთი რამ, რასაც ბაზარი bear market-ის დროს აკეთებს, არის ცუდი ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიების გამოვლენა. ახლა, როდესაც ყველაფერი გართულდა, ზოგიერთი ბიზნესი შეიძლება არ იყოს ბაზარზე ისე ძლიერად პოზიციონირებული, როგორც ადრე გვეგონა.
მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რომელი კომპანიის ბიზნესის საფუძვლებია სუსტი? შემოსავლისა და მომგებიანობის შემცირება წითელი დროშა სულაც არ არის. ამ ბიზნესებიდან ბევრი მზად იქნება ძლიერი აღდგენისთვის. თუმცა, თუ გაყიდვებისა და მოგების შემცირებას სუსტი ბალანსი ემატება, ეს უკვე სხვა ისტორიაა. მაგალითად, კომპანიებს, რომლებსაც ბევრი დავალიანება და ცოტა ნაღდი ფული გააჩნია, შეიძლება პრობლემები შეექმნას.
კერძოდ, შეამოწმეთ ბიზნესის ბოლო ანგარიშგება ფულადი სახსრების ნაკადების შესახებ და გამოთვალეთ მისი თავისუფალი ფულადი ნაკადები (საოპერაციო შემოსავალს მინუს კაპიტალური ხარჯები). ახლა ეს მაჩვენებელი შეადარეთ იმ ნაღდ ფულსა და ინვესტიციებს, რომლებიც კომპანიას ბალანსზე გააჩნია. თუ კომპანია აწარმოებს ნეგატიურ თავისუფალ ნაკადს ისეთი ტემპით, რომელიც მის ლიმიტს ერთ ან ორ წელიწადში ამოწურავს, ეს ბიზნესი შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
თუ სიტუაცია განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება, შეიძლება უბრალოდ დროა შეამციროთ თქვენი ზარალი და ეს თანხები გადაანაწილოთ ინდუსტრიის სხვა კომპანიებზე, რომლებიც bear market-ის შემდეგ აღდგენისთვის უკეთეს პოზიციაში იმყოფება.
- დარწმუნდით, რომ გაქვთ ნაღდი ფული, რომელიც მომდევნო ერთი ან ორი წლისთვის დაგჭირდებათ
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება აქციები გაყიდოთ, არის ნაღდი ფულის საჭიროება. ამის გასაკეთებლად კი ყველაზე ცუდი პერიოდი სწორედ bear market-ია. ამიტომ მნიშვნელოვანია მეტად ლიკვიდური აქტივების ფლობა.
მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევისთვის, როდესაც შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში მეტი ნაღდი ფული დაგჭირდეთ, აუცილებელია იქონიოთ საგანგებო ფონდი 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი ფულადი სახსრებით. Bear ბაზრები შეიძლება იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე მოველოდით. მათი საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 10-12 თვეს შეადგენს, მაგრამ ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია.
დაიწყეთ იმ ბიზნესების აქციების გაყიდვით, რომელთა რწმენაც დაკარგეთ. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოერიდოთ ხარისხიანი აქციების გაყიდვას, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საკმარისი ნაღდი ფული არ გაქვთ. სწორედ ასეთი ბიზნესები დაგეხმარებათ საბოლოოდ bear market-ის გადალახვაში და მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებაში.