სამწუხაროდ თქვენ არ შეგიძლიათ საბანკო ანგარიში სასწაულებრივად შეავსოთ, მაგრამ შესაძლებლობა გაქვთ დანერგოთ საინვესტიციო სტრატეგიები, რომელთა სწორად შესრულების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში იმავე შედეგს მიიღებთ. ფაქტი ასეთია, 1928 წლიდან პოპულარული ინდექსის – S&P 500-ის საშუალო წლიური შემოსავალი 11.9%-ს შეადგენს.
ამ სტატიაში მოცემულია სამი ჯადოსნური საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც თქვენი ფულის გაზრდაში დაგეხმარებათ.
- ნება მიეცით დროს თავისი ჯადოსნური სამუშაო შეასრულოს
ინვესტირებით სრულად სარგებლობისთვის, ინვესტორებმა დროის უზარმაზარი როლი უნდა გააცნობიერონ და რთულ პროცენტს თავისი სამუშაოს შესრულების ნება უნდა მისცენ. რთული პროცენტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ინვესტირებიდან მიღებული ფული თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. თუ თქვენ ერთჯერადად $10,000-ს დააბანდებთ ინვესტიციაში, რომლის ყოველწლიური ანაზღაურება 10%-ს შეადგენს, 25 წელიწადში, დამატებითი თანხების შეტანის გარეშე, $108,000-ზე მეტს დააგროვებთ.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, თუ დაახლოებით რამდენ თანხას დააგროვებდით ერთსა და იმავე ინვესტიციაში ყოველწლიურად $6,000-ის ჩადებით.
ინვესტირების წლების რაოდენობა | პერსონალური შენატანები | მთლიანი თანხა ანგარიშზე |
15 | $90,000 | $190,000 |
20 | $120,000 | $343,000 |
25 | $150,000 | $590,000 |
30 | $180,000 | $986,000 |
„მთლიანი თანხა ანგარიშზე“ სვეტში ნაჩვენები ზრდა ნათლად გვიჩვენებს რთული პროცენტის ძალას. 15 წლის შემდეგ თქვენს მიერ შეტანილ წვლილზე $100,000-ით მეტი გექნებათ ანგარიშზე. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ამ პროცესს, მით უფრო უკეთესია. 30 წლის განმავლობაში თქვენი პირადი შენატანების ჯამი $180,000 იქნება, მაგრამ ანგარიშის ჯამი ამ რიცხვს დაახლოებით $800,000-ით გადააჭარბებს.
- საშუალო და მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციების ფაქტორი
კომპანიების ზრდასთან ერთად, სივრცე მათი ექსპონენციური ზრდისთვის მცირდება. დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს შეიძლება მეტი სტაბილურობა გააჩნდეთ, მაგრამ მათი ჰიპერგანვითარების შანსი, სავარაუდოდ, არ არსებობს. მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები კი უფრო სარისკოა, რადგან მათ მაღალი ცვალებადობა და ფინანსური პრობლემების დიდი ალბათობა ახასიათებს, მაგრამ ასეთი კომპანიები ინვესტორებს უფრო დიდი შემოსავლის მიღების შანსს აძლევს.
რაც შეეხება ზრდის პოტენციალსა და სტაბილურობას, ამ თვალსაზრისით, საშუალო კაპიტალიზაციის მქონე აქციები ერთგვარი ოქროს შუალედია. ისინი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ექსპონენციური ზრდისთვის კვლავ ჰქონდეთ სივრცე და საკმარისად დიდი იმისთვის, რომ პატარა კომპანიებზე მეტი რესურსი გააჩნდეთ. გონივრული არ იქნება საინვესტიციო პორტფელში მცირე და საშუალო კაპიტალიზაციის აქციების დომინირება (რისკიანობის გამო), მაგრამ სოლიდური პორტფელი მათ გარკვეულ წილსაც უნდა მოიცავდეს.
უფრო დიდი და დამკვიდრებული კომპანიები, უმჯობესია საინვესტიციო პორტფელის ბირთვს შეადგენდეს, მაგრამ ჰიპერმზარდ კომპანიებში ინვესტირების შესაძლებლობაც უნდა განიხილოთ. თუ ზოგიერთი რისკის მინიმუმამდე შემცირება გსურთ, მცირე და საშუალო კაპიტალის საინდექსო ფონდები განიხილეთ, ამით თქვენ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებზე წვდომად მიიღებთ და დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგეცემათ.
- ფოკუსირდით დივიდენდ არისტოკრატებზე
დივიდენდების საშუალებით კომპანიები აქციონერებს თავიანთი მფლობელობების შენარჩუნებისთვის აჯილდოებენ. თუ ინვესტიციას დებთ ფინანსურად გამართულ დივიდენდების გამცემ კომპანიაში, თანმიმდევრული დივიდენდური შემოსავლების მიღების იმედი უნდა გქონდეთ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება კომპანიის აქციების ფასი.
დივიდენდ არისტოკრატები არიან კომპანიები, რომლებიც S&P 500-ს მიეკუთვნებიან და თავიანთი წლიური დივიდენდების გაზრდა ზედიზედ სულ მცირე 25 წლის განმავლობაში შეძლეს. ეს ინფორმაცია გვეუბნება, რომ კომპანიამ დროის გამოცდას გაუძლო, გადალახა კორექცია, ვარდნა და სხვა არაოპტიმალური ეკონომიკური პირობები.
ზემოაღნიშნული მაგალითის გათვალისწინებით, აი, როგორ გამოიყურება თქვენი მთლიანი თანხა ანგარიშზე, 2%-იანი დივიდენდური შემოსავლის რეინვესტირების შემთხვევაში:
ინვესტირების წლების რაოდენობა | პერსონალური შენატანები | მთლიანი თანხა ანგარიშზე (დივიდენდური შემოსავლის გარეშე) | მთლიანი თანხა ანგარიშზე (დივიდენდური შემოსავლის ჩათვლით) |
15 | $90,000 | $190,000 | $233,600 |
20 | $120,000 | $343,000 | $432,300 |
25 | $150,000 | $590,000 | $800,000 |
30 | $180,000 | $986,000 | $1.44 მილიონი |
ერთი შეხედვით დაბალი დივიდენდური სარგებელიც კი, შეიძლება, დროთა განმავლობაში დიდ შემოსავლად იქცეს, თუ ის რთულ პროცენტთან იქნება კომბინირებული. ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, შესაძლოა, დივიდენდებმა თქვენი საინვესტიციო შემოსავლის დიდი ნაწილი შეადგინოს.