მამაკაცთა I დივიზიონის საკალათბურთო ტურნირი ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული შეჯიბრი აშშ-ში. ოთხი წინასწარი თამაშის გამართვის შემდეგ, 64 გუნდი ერთმანეთთან მართავს თამაშებს, რომელში დამარცხებულიც შეჯიბრს ეთიშება.
ტურნირს თან უსიამოვნებები, დრამა, გულისტკივილი, გმირები და ემოციების ზღვა ახლავს. ეს ყველაფერი კი სამ კვირაზე ნაკლებ დროში დასრულდება.
2014 წელს ლეგენდარულმა ინვესტორმა და Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – უორენ ბაფეტმა გამოაცხადა, რომ გადაუხდიდა $1 მილიარდს ყველას, ვინც სრულყოფილ სატურნირო ბადეს შეადგენდა – ეს კი ყველა თამაშის შედეგის სწორ წინასწარმეტყველებას გულისხმობს. ეს მარტივი, მაგრამ თითქმის შეუძლებელი გამოწვევაა.
მას შემდეგ, ბაფეტმა განაგრძო ტრადიცია და დაამატა მცირე პრიზები ტურნირის პირველ ან მეორე ტურებში გამარჯვებულების სწორად არჩევისთვის. აი რა ხდის სატურნირო ბადის გამოწვევას ასე რთულს და რაც მთავარია, რას გვასწავლის ის გრძელვადიანი ინვესტირების შესახებ.
თითქმის განუხორციელებელი შანსები
ტურნირის პირველ რაუნდში ქვეყნის მონაწილეობს 64 საუკეთესო გუნდი, რომელიც ოთხ სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონად ნაწილდება: დასავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და ცენტრალური დასავლეთი. თითოეულ რეგიონულ ჯგუფში გუნდები 1-დან 16-მდე შეფასებებით არიან რანჟირებული.
მეორე ტურისთვის დარჩენილია მხოლოდ 32 გუნდი. შემდეგ მოდის რეგიონული ნახევარფინალი, რეგიონული ფინალი, ეროვნული ნახევარფინალი და ბოლოს ფინალი. სულ 63 თამაშია.
მთელი სატურნირო ბადის ალალბედზე გამოცნობის ალბათობა რომ დავთვალოთ, გამოვა 2-ის 63-ე ხარისხი, ანუ 9.22 კვინტილიონში ერთი. თუ რანჟირების მიხედვით აირჩევთ გამარჯვებულებს (პირველი აჯობებს მეთექვსმეტეს, მეორე მეთხუთმეტეს და ა.შ) თქვენი შანსები გაიზრდება. მაგრამ ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ თქვენი შანსი მაინც მხოლოდ 46.58 მილიარდიდან 1 იქნება. ეს თითქმის განუხორციელებელი შანსები გვიჩვენებს, თუ რატომ არის ბაფეტი ასეთი დარწმუნებული, რომ ვერავინ შეარჩევს სრულყოფილ სატურნირო ბადეს.
გაკვეთილი №1: ბაზარი გამუდმებით ცდება
ექსპერტები, რომლებიც ტურნირამდე თითოეულ გუნდს შეფასებას ანიჭებენ, ჰგვანან უოლ სტრიტის ანალიტიკოსებს, რომლებმაც კომპანიების შესახებ ყველაფერი იციან. თუმცა ექსპერტებიც კი ცდებიან.
ტურნირის მონაცემებით, პირველ წრეში, №10-მა გუნდმა №7-ს შემთხვევების თითქმის 40%-ში აჯობა, ხოლო №14-მა №3-ს – შემთხვევების 15%-ში.
პირველი რაუნდის მოულოდნელი შედეგი | შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი |
№10 ამარცხებს №7-ს | 39.5% |
№11 ამარცხებს №6-ს | 37.5% |
№12 ამარცხებს №5-ს | 35.4% |
№13 ამარცხებს №4-ს | 21.5% |
№14 ამარცხებს №3-ს | 15.3% |
№15 ამარცხებს №2-ს | 6.3% |
№16 ამარცხებს №1-ს | 0.7% |
აქ გაკვეთილი ის არის, რომ სიურპრიზები ყოველთვის ხდება. S&P 500-ის შემთხვევაში, წელიწადში არის 2000 მოგება-ზარალის ანგარიში და ეს ბევრად მეტია, ვიდრე მამაკაცთან I დივიზიონის ტურნირის 63 თამაში. ნიმუშის ზომასთან ერთად, იმის შანსიც დიდია, რომ რომელიმე ტომ კომპანიამ ისეთი ანგარიში წარადგინოს, რომელსაც არავინ ელოდა.
აქციის ფასი ეს არის ბაზრის კონსენსუსი კომპანიის ღირებულების შესახებ და ისევე, როგორც გუნდების რანჟირება, შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში, ეს შეფასებაც მცდარი იყოს.
გაკვეთილი №2: „შავი გედები“ მუდამ მოულოდნელები და ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან
2018 წელს მერილენდის უნივერსიტეტის №16-მა – Baltimore Country Retrievers-მა პირველ რაუნდში №1 – Virginia Cavaliers დაამარცხა. თამაში 20 ქულიანი სხვაობით დამთავრდა. ეს ტურნირის ისტორიაში პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც №16-მა გუნდმა №1 დაამარცხა.
სტატისტიკურად რომ ვთქვათ, Cavaliers-სთვის ეს „შავი გედის“ მოვლენა (რაიმე იშვიათი) იყო, ხოლო Retrievers-სთვის სხვა არაფერი თუ არა სასწაული. მაგრამ Cavaliers-ის გამო ნუ დამწუხრდებით, მომდევნო – 2019 წელს მათ ტურნირი მოიგეს.
თითოეული მოულოდნელი შედეგი განსხვავებულია, ისევე, როგორც ბაზრის რეცესიები. ფართო ეკონომიკა დააბრმავა კოვიდ-19-ის პანდემიამ, ასევე dot-com-ის ბუმმა ან 1980-იანი წლების დასაწყისის ნავთობის კრახმა და ა. შ. გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ სიურპრიზებზე მკვეთრი რეაქცია არ უნდა გქონდეთ და ასეთი მოვლენები უიღბლობად არ უნდა ჩათვალოთ.
გაკვეთილი №3: ტიტანები ეცემიან
ისევე, როგორც ნაკლებად შეფასებულმა კომპანიებმა, შეიძლება, ბაზრის ფავორიტებს აჯობოს, ახალი ფირმები, შეიძლება, უფრო ღირებულად იქცეს, ვიდრე წარსულის ლიდერები. 2012 წელს International Business Machines, საბაზრო კაპიტალის მიხედვით, მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული აშშ-ის კორპორაცია იყო. დღეს, სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, იმავე კრიტერიუმით, ის 71-ე უმსხვილესი ამერიკული კომპანიაა. დრო იცვლება, ახალი კომპანიები იზრდება, ხოლო ძველი ლიდერები ეცემა. საუკეთესო, რისი გაკეთებაც ჩვენ, როგორც ინვესტორებს, შეგვიძლია არის ის, რომ ცვალებად ეკონომიკას შევეგუოთ.
გაკვეთილი №4: წარუმატებლობა გარდაუვალია
მამაკაცთა I დივიზიონის საკალათბურთო ტურნირი გვასწავლის, რომ ფავორიტებიც კი ვერ იღებენ იმ შედეგებს, რომელსაც ყოველწლიურად იმედოვნებენ. ინვესტიციებსაც აქვს კარგი და ცუდი პერიოდები და ეს ცნობილია, როგორც ბაზრის არასტაბილურობა. თითქმის შეუძლებელია თქვენს საინვესტიციო პორტფელში არსებულმა ყველა კომპანიამ ყოველწლიურად სასურველი შედეგები დააფიქსიროს. ინვესტირება, თავის არსში, არის ისეთი კომპანიების პოვნა, რომლებიც, თქვენი აზრით, დროთა განმავლობაში გაიზრდება – ნუ მოელით, რომ ყველა სავაჭრო ოპერაცია სწორად წარიმართება.
გაკვეთილი №5: ფოკუსირდით გრძელვადიან წარმატებაზე
სპორტული გუნდები ცდილობენ შექმნან კარგი პროგრამა ნიჭიერი მოთამაშეების, დისციპლინირებული ვარჯიშებისა და კარგი მწვრთნელების საშუალებით. ანალოგიურად, ინვესტორი უნდა ცდილობდეს აირჩიოს კარგი კომპანია და შეინარჩუნოს სიმშვიდე, როცა ფსონები მაღალია. იმის რწმენა, რომ ბაზრის არასტაბილურობას გადალახავთ და თქვენი ინვესტიციებისთვის ზრდის საშუალების მიცემა, წარმატებული ინვესტიციის გასაღებია.
რა სარგებელს მოიტანს გუნდში უნიჭიერესი კალათბურთელი ყოფნა, თუ გადამწყვეტი ტყორცნის დროს ყველაფერს პანიკა მოიცავს? ან ინვესტიციის შემთხვევაში, რა სარგებელს მოგიტანთ საუკეთესო აქციები, თუ მათ დროზე ადრე გაყიდით და ზრდის საშუალებას არ მისცემთ?