ინვესტორებს, საბოლოო ჯამში, ერთი მიზანი აქვთ: თავიანთი სიმდიდრე მინიმალური ძალისხმევით გაზარდონ. ზოგი ამას სხვებზე უკეთ ახერხებს, მაგრამ წარმატებასა და წარუმატებლობას შორის განსხვავება ყოველთვის იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ რამდენ ფულს ჩადებთ ინვესტიციაში.
დიდი თანხების ინვესტირება ნამდვილად დაგეხმარებათ, თუ გსურთ მილიონერი გახდეთ, მაგრამ არის რამდენიმე სხვა რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენი სურვილი სიმდიდრის გაზრდაა.
- აღმასვლა და დაღმასვლა ინვესტირების ჩვეული შემადგენელი ნაწილებია
კომპანიებს აქვს ცუდი ან კარგი კვარტლები და ამის შესაბამისად შემოსავალიც მცირდება ან იზრდება. იგივე ეხება მთლიან ბაზარსაც. ზოგჯერ, ბაზრის კორექციისას, ბევრი ადამიანი კარგავს ფულს, თუნდაც გამოცდილი ინვესტორები.
ინვესტირების შესახებ ერთ-ერთი მწარე სიმართლე ის არის, რომ თქვენს მფლობელობაში არსებული აქტივები გარკვეულ მომენტში შემცირდება, მაშინაც კი, თუ თქვენ ინვესტიცია ჩადეთ დიდ, სტაბილურ კომპანიებში, რომლებსაც ინდუსტრიაში, კონკურენტებთან შედარებით, უზარმაზარი უპირატესობები აქვს. დროდადრო ფულის დაკარგვა არ ნიშნავს, რომ რამეს არასწორად აკეთებთ – ეს ყველას ემართება.
მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ თქვენი პორტფელის აღდგენას უნდა დაელოდოთ. გრძელვადიანი პერსპექტივაში საფონდო ბირჟას შეუძლია დიდი ანაზღაურება მოგიტანოთ. მეორეს მხრივ, პანიკით გამოწვეულმა გაყიდვამ, შეიძლება, დროებითი ზარალი მუდმივ ზარალად აქციოს.
მიუხედავად ამისა, ზოგჯერ გაყიდვა სწორი არჩევანია. თვალი ადევნეთ თქვენს ინვესტიციებს და დააკვირდით, კომპანია, რომლის აქციებსაც ფლობთ მუდმივად ხომ არ კარგავს ბაზრის წილს. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სიტუაცია, სავარაუდოდ, არ შეიცვლება და უმჯობესია ზარალი შეამციროთ.
- ბაზრის ტემპის აყოლის მცდელობა, როგორც წესი, ცუდად მთავრდება
ზოგიერთი ადამიანი საფონდო ბირჟას, როგორც ლატარიას ისე აღიქვამს. ისინი დიდ ინვესტიციებს დებენ რამდენიმე პატარა, შედარებით უცნობ კომპანიაში, იმ იმედით, რომ სიმდიდრის ერთ ღამეში გამომუშავებას შეძლებენ – და ეს რეალურად მხოლოდ რამდენიმე იღბლიან შემთხვევაში ხდება. თუმცა ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ მიდგომას მიმართავს, საბოლოოდ თავდაპირველ ინვესტიციას კარგავს.
თუ სიმდიდრის გამომუშავება და მისი შენარჩუნება გსურთ, თქვენი ვადების რეგულირება მოგიწევთ. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე სიმდიდრის დაგროვება, შეიძლება, არ იყოს ის რაც თქვენ გსურთ, მაგრამ ბევრად სავარაუდოა, რომ შეინარჩუნებთ ამ სიმდიდრეს, თუ თქვენს დროსა და ყურადღებას ისეთი მაღალი ხარისხის კომპანიებზე მიმართავთ, რომლებიც დიდ პერსპექტივებს გთავაზობთ.
დოლარის საშუალო ღირებულება (DCA) (საინვესტიციო სტრატეგია, რომლის დროსაც ინვესტორი ინვესტიციის მთლიან თანხას მიზნობრივი აქტივის პერიოდულ შესყიდვებზე ყოფს, რათა მთლიან შესყიდვაზე არასტაბილურობის გავლენა შეამციროს) არის მარტივი ალტერნატივა დროის გაზომვის მცდელობისთვის და, შეიძლება, თქვენს საპენსიო ანგარიშებში უკვე ხართ ამით დაკავებული. ასეთ შემთხვევაში თქვენ რეგულარულად ახორციელებთ გარკვეული თანხის ოდენობით ინვესტიციას. ეს შეიძლება იყოს $100 ყოველკვირეულად ან $200 ყოველთვიურად. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ინვესტიციას დებთ აქციების როგორც დაბალი, ასევე მაღალი ფასის შემთხვევაშიც. გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ისინი დაბალანსდება და თქვენს მფლობელობაში არსებული ყველა აქციისთვის სამართლიან ფასს გადაიხდით.
- ყველა კვერცხს ერთ კალათაში ნუ ჩადებთ
მთელი ფულის მხოლოდ რამდენიმე აქციაში დაბანდება, ნამდვილი კატასტროფის რეცეპტია, რადგან თუ ამ აქციებიდან მხოლოდ ერთის ან ორის ფასი შემცირდება, თქვენ დიდ ფულს დაკარგავთ. იდეალურ შემთხვევაში, ფული უნდა გადაანაწილოთ სხვადასხვა სექტორის მინიმუმ 25 განსხვავებულ აქციაზე. ამ გზით, თუ მთელი ინდუსტრია წარუმატებლობას განიცდის, თქვენს საინვესტიციო პორტფელში იქნება სხვა აქციებიც, რომლებიც ზარალს დააბალანსებს.
თუ ინდივიდუალური აქციების არჩევა თქვენთვის კომფორტული არ არის, საინდექსო ფონდი თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციის მარტივი გზაა. ასეთი ფონდები მყისიერად გაძლევენ ასობით ან ათასობით კომპანიაზე წვდომის საშუალებას და მათი ფლობა საკმაოდ ხელმისაწვდომია. მაგალითად, S&P 500 ინდექსის ფონდები, $1000-ის ღირებულების პორტფელისთვის, წელიწადში მხოლოდ $3-ს გადაგახდევინებთ.
არ დაგავიწყდეთ თქვენი პორტფელის პერიოდული რებალანსირებაც. ზოგიერთმა ინვესტიციამ შეიძლება თქვენს იმედებს გადააჭარბოს და ამიტომ საინვესტიციო პორტფელში უფრო დიდი ადგილი დაიკავოს. ჩვევად აქციეთ თქვენი ინვესტიციების თუნდაც ყოველწლიურად გადახედვა, რაც იმის შანსს მოგცემთ, რომ განახორციელოთ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც სწორ გზაზე დარჩენაში დაგეხმარებათ.