პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) გულისხმობს კერძო კომპანიების აქციების საჯარო ასპარეზზე პირველად გამოტანას. IPO საშუალებას აძლევს კომპანიას კაპიტალი საჯარო ინვესტორებისგან მოიზიდოს. კერძოდან საჯარო კომპანიაზე გადასვლა შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს კერძო ინვესტორებისთვის, რათა მიმართონ თავიანთი ინვესტიციიდან მიღებული მოგების სრულად რეალიზებას, რადგან ის, ჩვეულებრივ, მოიცავს აქციების პრემიას მიმდინარე კერძო ინვესტორებისთვის. ამასთანავე, IPO შეთავაზებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს საჯარო ინვესტორებსაც.
როგორ მუშაობს პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO)?
საწყის საჯარო შეთავაზებამდე კომპანია კერძოდ მიიჩნევა. IPO-მდე კერძო კომპანია იზრდება აქციონერების შედარებით მცირე რაოდენობით, მათ შორის არიან ისეთი ადრეული ინვესტორები, როგორებიცაა დამფუძნებლები, ოჯახი, მეგობრები და ასევე, პროფესიონალი ინვესტორები – ვენჩურული კაპიტალისტები (VC) ან „ანგელოზი“ ინვესტორები (მდიდარი კერძო ინვესტორები, რომლებიც კაპიტალის სანაცვლოდ მცირე კომპანიებს აფინანსებენ).
კომპანიისთვის IPO დიდი ნაბიჯია, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალებას იძლევა. ეს კომპანიის ზრდასა და გაფართოებას უწყობს ხელს. გაზრდილი გამჭვირვალობა და აქციების ლისტინგის სანდოობა ასევე შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც კომპანიას ნასესხები სახსრების მოძიებისას უკეთესი პირობების მიღებაში დაეხმარება.
როდესაც კომპანია მიაღწევს ზრდის პროცესის გარკვეულ ეტაპს და ჩათვლის, რომ, საჯარო აქციონერების არსებობით გამოწვეულ უპირატესობებსა და პასუხისმგებლობებთან ერთად, SEC-ის (Securities and Exchange Commission) რეგულაციების სიმკაცრისთვის საკმარისად მომწიფებულია, მენეჯმენტი კომპანიის საჯარო ასპარეზზე გამოსვლის რეკლამირებას დაიწყებს.
როგორც წესი, ეს ეტაპი მაშინ დგება, როდესაც კომპანია კერძო შეფასებით დაახლოებით $1 მილიარდს მიაღწევს. ამას მარტორქის სტატუსს უწოდებენ. თუმცა კომპანიებს, განსხვავებული შეფასებით, მტკიცე საფუძვლითა და დამტკიცებული მომგებიანობის პოტენციალით, ასევე შეუძლიათ IPO-სთვის კვალიფიცირდეს. ამასთან, ეს დამოკიდებულია ბაზრის კონკურენციასა და კომპანიის უნარზე – შეესაბამებოდეს ლისტინგის მოთხოვნებს.
კომპანიის IPO აქციები ფასდება ანდერრაითინგის კომპლექსური შემოწმების მეშვეობით. როდესაც კომპანია საჯარო ხდება, ადრე არსებული კერძო საკუთრება გარდაიქმნება საჯარო საკუთრებად და არსებული კერძო აქციონერების აქციების ფასი საჯარო სავაჭრო ფასი გახდება. აქციების ანდერრაითინგი შეიძლება კერძო და საჯარო აქციების მფლობელებისთვის სპეციალურ დებულებებსაც შეიცავდეს.
მნიშვნელოვანი: ძირითადად, კომპანიის კერძოდან საჯაროდ გარდაქმნა არის საკვანძო დრო, როდესაც ინვესტორებს შეუძლიათ გაანაღდონ და მიიღონ ის ანაზღაურება, რასაც ისინი ელოდნენ. კომპანიის საჯაროდ გარდაქმნის დროს კერძო ინვესტორებს შეუძლიათ შეინარჩუნონ აქციები, გაყიდონ ისინი მთლიანად ან მათი ნაწილი.
ამავდროულად, საჯარო ბაზარი მილიონობით ინვესტორს უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის, შეიძინონ აქციები კომპანიაში და შეიტანონ წვლილი კომპანიის საკუთარ კაპიტალში. ბაზარი შედგება ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორებისგან, რომლებიც კომპანიაში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი.
მთლიანობაში, აქციების რაოდენობა და ის ფასი, რომლითაც ეს აქციები იყიდება, არის ფაქტორები, რომლებიც ახალი აქციონერებისთვის კომპანიის საკუთარი კაპიტალის ღირებულებას განსაზღვრავს. აქციონერთა კაპიტალი კვლავ წარმოადგენს ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქციებს, როგორც ეს კერძო კომპანიის შემთხვევაშია, მაგრამ IPO-ს შემთხვევაში აქციონერთა კაპიტალი პირველადი გამოშვების ფულადი სახსრებით მნიშვნელოვნად იზრდება.
IPO-ს ისტორია
ტერმინი – პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) Wall Street-ზე და ინვესტორების წრეში დეკადების განმავლობაში გამოიყენება. Dutch East India Company-ს მიერ ფართო საზოგადოებისთვის შეთავაზების ფაქტიდან გამომდინარე, პირველ თანამედროვე IPO-ს ჰოლანდიელებს მიაწერენ.
მას შემდეგ, კომპანიები IPO-ს საჯარო ინვესტორების მეშვეობით კაპიტალის ზრდის საშუალებად იყენებენ.
წლების განმავლობაში IPO-ები ცნობილი იყო აღმავალი და დაღმავალი ტენდენციებით. 2008 წლის ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი შედეგი IPO-ს ყველაზე ნაკლები რაოდენობა იყო.
ბოლო პერიოდში, ხმაური IPO აქციების შესახებ თავმოყრილია ე.წ. მარტორქების ირგვლივ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტორქები ისეთი სტარტაპ კომპანიებია, რომელთა კერძო ღირებულებამ $1 მილიარდზე მეტს მიაღწია. ინვესტორები და მედია ძლიერად სპეკულირებს ამ კომპანიებითა და მათი გადაწყვეტილებებით გახდება თუ არა ეს კომპანიები საჯარო IPO-ს მეშვეობით.
IPO-ს პროცესი
IPO კომპლექსურად 2 ნაწილისგან შედგება. პირველი არის შეთავაზების წინასაბაზრო ფაზა, ხოლო მეორე – თავად პირველადი საჯარო შეთავაზება. როდესაც კომპანია დაინტერესებულია IPO-თი, ის კერძო შეთავაზების მოთხოვნით ანდერრაითერებს (გარანტი ფასიანი ქაღალდების განთავსების დროს) მიმართავს ან ინტერესის გასაზრდელად საჯარო განცხადებას აკეთებს.
ანდერრაითერები წარმართავენ IPO პროცესს და ისინი კომპანიის მიერ არიან არჩეულნი. კომპანიამ შეიძლება ერთი ან რამდენიმე ანდერრაითერი აირჩიოს, რომლებიც IPO პროცესის სხვადასხვა ეტაპებს ერთობლივად მართავენ. ანდერრაითერები IPO-ს ყველა ასპექტში არიან ჩართულნი.
IPO-ს საფეხურები
- შეთავაზება
ანდერრაითერები წარმოადგენენ შეთავაზებებს და შეფასებებს, სადაც თავიანთ მომსახურებას, ფასიანი ქაღალდების საუკეთესო ტიპს, აქციების რაოდენობასა და საბაზრო შეთავაზების სავარაუდო ვადას განიხილავენ.
- ანდერრაითერი
კომპანია ირჩევს ანდერრაითერებს და ანდერრაითინგის ხელშეკრულებით პირობებს ოფიციალურად ეთანხმება.
- ჯგუფი
IPO-ს ჯგუფში ერთიანდებიან: ანდერრაითერები, იურისტები, სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრები (CPA) და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) ექსპერტები.
- დოკუმენტაცია
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შედგენილია IPO-სთვის აუცილებელი დოკუმენტაციისთვის. S-1 სარეგისტრაციო განცხადება არის IPO-ს პირველადი დოკუმენტი. მას ორი ნაწილი აქვს – პროსპექტი და რეგისტრაციის პირადი ინფორმაცია.
S-1 დოკუმენტაციის შეტანის მოსალოდნელი თარიღის შესახებ წინასწარ ინფორმაციას შეიცავს. ის IPO-ს წინა პროცესის განმავლობაში ხშირად გადაიხედება. თანდართული პროსპექტი ასევე მუდმივად გადაიხედება.
- მარკეტინგი და განახლებები.
მარკეტინგული მასალები შექმნილია ახალი აქციების ემისიის წინასწარი მარკეტინგისთვის. ანდერრაითერები და აღმასრულებლები ადგენენ მოთხოვნას აქციებზე და შეთავაზების საბოლოო ფასს. ანდერრაითერებს შეუძლიათ თავიანთი ფინანსური ანალიზის გადახედვა მარკეტინგის პროცესის განმავლობაში. ეს შეიძლება IPO-ს ფასის ან გამოშვების თარიღის შეცვლას მოიცავდეს.
- საბჭო და პროცესები
დირექტორთა საბჭოს ფორმირება და აუდიტორული ფინანსური და სააღრიცხვო ინფორმაციის ანგარიშგების პროცესების უზრუნველყოფა ყოველ კვარტალში.
- გამოშვებული აქციები
კომპანია აქციებს IPO-ს თარიღის დადგომისას გამოსცემს. აქციონერებისგან პირველადი ემისიიდან კაპიტალი ნაღდი ფულის სახით მიიღება და ბალანსზე აქციონერთა კაპიტალის სახით აღირიცხება.
- პოსტ IPO
შესაძლოა დაწესდეს ზოგიერთი პოსტ IPO დებულება. ანდერრაითერებს შეიძლება განსაზღვრული ვადა ჰქონდეთ, რათა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ აქციების დამატებითი რაოდენობა შეიძინონ.
IPO-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები | უარყოფითი მხარეები |
შესაძლებელია მომავალში, მეორადი შეთავაზებების მეშვეობით, დამატებითი თანხების მოზიდვა | წარმოიქმნება მნიშვნელოვანი იურიდიული, სააღრიცხვო და მარკეტინგული ხარჯები, რომელთაგან ბევრი უწყვეტია |
ლიკვიდურ საფონდო კაპიტალში მონაწილეობით იზიდავს და ინარჩუნებს უკეთეს ხელმძღვანელობასა და კვალიფიციურ თანამშრომლებს | მოხსენებისთვის მენეჯმენტი მოითხოვს გაზრდილ დროს, ძალისხმევასა და ყურადღებას |
IPO-ს შეუძლია კომპანიებს მისცეს კაპიტალის დაბალი ღირებულება, როგორც საკუთარი კაპიტალისთვის, ისე – ვალისთვის | კონტროლის დაკარგვა და ორგანიზაციული პრობლემების ზრდა |
IPO-ს ალტერნატივები
პირდაპირი ლისტინგი
პირდაპირი ლისტინგი ეწოდება იმას, როდესაც IPO ყოველგვარი ანდერრაითერების გარეშე წარიმართება. პირდაპირი ლისტინგი ტოვებს ადერრაითინგის პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ემიტენტი მეტ რისკს იღებს საკუთარ თავზე, თუ შეთავაზება კარგ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ, ამასთანავე, შეუძლია აქციის უფრო მაღალი ფასით ისარგებლოს. პირდაპირი შეთავაზება, როგორც წესი, კარგად ცნობილი ბრენდის ან მიმზიდველი ბიზნესის მქონე კომპანიისთვის არის შესაფერისი.
ჰოლანდიური აუქციონი
ჰოლანდიური აუქციონის შემთხვევაში IPO-ს ფასები დადგენილი არ არის. პოტენციურ მყიდველებს შეუძლიათ გააკეთონ შეთავაზებები იმ აქციებზე, რომლებიც სურთ და იმ ფასად, რომლის გადახდასაც აპირებენ. მონაწილეებზე, რომლებიც მზად იყვნენ გადაეხადათ ყველაზე მაღალი ფასი, ნაწილდება ხელმისაწვდომი აქციები.
IPO-ში ინვესტირება
IPO-ს შესახებ გადაწყვეტილება ფრთხილი განხილვისა და ანალიზის შემდეგ მიიღება და აირჩევა ის სტრატეგია, რომელიც პირველადი ინვესტორების ანაზღაურებას მაქსიმუმამდე გაზრდის და კომპანიას დიდ კაპიტალს მოუტანს. ამიტომ, როდესაც IPO-ს გადაწყვეტილება მიიღება, მომავალი ზრდის პერსპექტივები სავარაუდოდ მაღალი იქნება და ბევრი საჯარო ინვესტორი იქნება პირველადი საჯარო შეთავაზების აქციებში ინვესტირებით დაინტერესებული. IPO აქციები, ჩვეულებრივ, გაყიდვების უზრუნველსაყოფად დისკონტით იყიდება, რაც მათ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველადი გამოშვებიდან უამრავ მყიდველს წარმოქმნიან.
თავდაპირველად, IPO-ს ფასს წინასაბაზრო პროცესების მიხედვით ანდერრაითერები ადგენენ. თავისი არსით, IPO-ს ფასი კომპანიის ფუნდამენტური ტექნიკების გამოყენებით შეფასებას ეფუძნება. ყველაზე გავრცელებული ტექნიკა დისკონტირებული ფულადი ნაკადია, რაც კომპანიის მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების წმინდა მიმდინარე ღირებულებაა.
ანდერრაითერები და ინვესტორები აკვირდებიან ამ ღირებულებას თითო აქციის საფუძველზე. სხვა მეთოდები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფასის დასადგენად, მოიცავს კაპიტალის ღირებულებას, საწარმოს ღირებულებას, ფირმის შესადარებელ კორექტირებას და ა.შ. ანდერრაითერები ფასს მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრავენ, მაგრამ ისინი ასევე აკლებენ ფასს, რათა პირველადი საჯარო შეთავაზების დღეს წარმატება უზრუნველყონ.
IPO-ს გამოშვების საფუძვლებისა და ტექნიკური მახასიათებლების ანალიზი შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. ინვესტორები ახალი ამბების სათაურებს აკვირდებიან, მაგრამ ინფორმაციის მთავარი წყარო უნდა იყოს პროსპექტი, რომელიც კომპანიის მიერ S-1 რეგისტრაციის შეტანისთანავე იქნება ხელმისაწვდომი. პროსპექტში მოცემულია ბევრი სასარგებლო ინფორმაცია. ინვესტორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მმართველ გუნდსა და მათ კომენტარს, ასევე, ანდერრაითერების ხარისხს და გარიგების სპეციფიკას. წარმატებულ IPO-ებს, როგორც წესი, მხარს უჭერენ დიდი საინვესტიციო ბანკები, რომლებსაც ახალი გამოშვების მხარდაჭერა შეუძლიათ.
საერთო ჯამში, გზა IPO-მდე ძალიან გრძელია. წინასაბაზრო პროცესი, როგორც წესი, მოიცავს მოთხოვნას მსხვილი კერძო აკრედიტებული ინვესტორებისა და ინსტიტუციური ინვესტორებისგან, რაც IPO-ს გახსნის დღეს მის ფასზე დიდ გავლენას ახდენს. ინვესტორები ამ პროცესში შეთავაზების ბოლო დღემდე არ ერთვებიან. მონაწილეობის მიღება ყველა ინვესტორს შეუძლია, მაგრამ ინდივიდუალურ ინვესტორებს უნდა გააჩნდეთ სავაჭრო წვდომა. ინდივიდუალური ინვესტორისთვის აქციების მიღების ყველაზე გავრცელებული გზა არის ანგარიშის ქონა საბროკერო პლატფორმაზე, რომელმაც თავად მიიღო წვდომა აქციებზე და სურს ეს უფლება მომხმარებლებს გაუზიაროს.
IPO-ს წარმადობა
რამდენიმე ფაქტორმა, რომელსაც ხშირად აკვირდებიან ინვესტორები, შეიძლება IPO-დან ანაზღაურებაზე გავლენა მოახდინოს. ზოგიერთი IPO შეიძლება საინვესტიციო ბანკების მიერ ზედმეტად შექებული იყოს, რამაც შეიძლება საწყისი ზარალი გამოიწვიოს. თუმცა, IPO-ების უმეტესობა, საზოგადოებისთვის წარდგენასთან ერთად, მოკლე ვადებში ზრდით არის ცნობილი. არსებობს რამდენიმე ძირითადი მოსაზრება IPO-ს წარმადობის შესაფასებლად.
დაბლოკვა
თუ მრავალი IPO-ს სქემას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ აქციები მკვეთრ ვარდნას განიცდის. ეს ხშირად დაბლოკვის პერიოდის (ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ინვესტორებს არ აქვთ კონკრეტული ინვესტიციის აქციების გამოსყიდვის ან გაყიდვის უფლება, ლეგალური შეთანხმების საფუძველზე) ვადის გასვლის გამო ხდება. როდესაც კომპანია საჯარო ასპარეზზე გამოდის, ანდერრაითერები კომპანიის ისეთ ინსაიდერებს, როგორებიც არიან ოფიციალური პირები და თანამშრომლები, ხელს აწერინებენ დაბლოკვის ხელშეკრულებაზე.
დაბლოკვის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს 3 თვიდან 24 თვემდე ვადას. SEC-ის 144 წესის მიხედვით, დაბლოკვის პერიოდის მინიმუმი ვადა 90 დღეა. პრობლემა ის არის, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ყველა ინსაიდერი, შემოსავლის მიღების მიზნით, ცდილობს აქციების გაყიდვას, რაც ბაზარზე ამ აქციების ჭარბ მიწოდებას წარმოქმნის, ამის შესაბამისად კი აქციების ფასი ეცემა.
ლოდინის პერიოდები
ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი შეთავაზების პირობებში ლოდინის პერიოდს მოიცავს. ეს ზოგიერთ აქციას კონკრეტული პერიოდის შემდეგ შეძენისთვის გამოყოფს. ფასი შეიძლება გაიზარდოს, თუ ეს განთავსება ანდერრაითერმა შეიძინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასი შემცირდება.
ფლიპინგი
ფლიპინგი არის, სწრაფი შემოსავლის მისაღებად IPO აქციების პირველ რამდენიმე დღეში გადაყიდვა. ეს ხშირად ხდება, როდესაც აქციები დისკონტით არის ნაყიდი და მათი ფასი ვაჭრობის პირველ დღეს იზრდება.
მიზნობრივი აქციები
მიზნობრივი აქციები ტრადიციულ IPO აქციებთან მჭიდრო კავშირშია. როდესაც არსებული კომპანია გამოყოფს ბიზნესის ნაწილს, როგორც ცალკე მდგომს, ქმნის მიზნობრივ აქციებს. ამის საფუძველი არის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის ცალკეული განყოფილებები შეიძლება უფრო ღირებული იყოს ცალკე, ვიდრე მთლიანობაში.
ინვესტორებისთვის ეს შეიძლება საინტერესო IPO შესაძლებლობა იყოს, რადგან ამ გზით ინვესტორი დიდ ინფორმაციას იღებს დედა კომპანიის შესახებ. ბევრი ინფორმაცია ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, ამიტომ საზრიანი ინვესტორები მსგავსი სცენარში კარგ შესაძლებლობებს პოულობენ.
IPO-ები გრძელვადიან პერსპექტივაში
IPO-ები ცნობილია გახსნის დღის არასტაბილური ანაზღაურებით, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს ის ინვესტორები, რომლებიც დისკონტით სარგებლობას ელიან. გრძელვადიან პერსპექტივაში IPO აქციების ფასი დასტაბილურდება, რომლისთვისაც თვალყურის დევნება შესაძლებელი გახდება ტრადიციული მაჩვენებლებით (მაგ. მოძრავი საშუალო მაჩვენებლები). იმ ინვესტორებს, რომლებსაც მოსწონს IPO-ს შესაძლებლობები, მაგრამ არ სურთ ცალკეული აქციების რისკის საკუთარ თავზე აღება, შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ იმ ფონდებზე, რომლებიც IPO-ზე არიან ორიენტირებულნი.
რა არის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) მიზეზი?
IPO არსებითად არის მსხვილი კომპანიების მიერ გამოყენებული სახსრების მოზიდვის მეთოდი, რომლის დროსაც კომპანია პირველად ყიდის თავის აქციებს საჯაროდ. IPO-ს შემდეგ კომპანიის აქციები მიმოიქცევა ბირჟაზე. IPO-ს განხორციელების ზოგიერთი მოტივაცია მოიცავს: აქციების გაყიდვიდან კაპიტალის მოზიდვას, კომპანიის დამფუძნებლებისა და ადრეული ინვესტორებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფას და უფრო მაღალი შეფასებით სარგებლობას.
ყველას შეუძლია IPO-ში ინვესტირება?
უმრავლეს შემთხვევებში ახალ IPO-ზე უფრო მეტი მოთხოვნა იქნება, ვიდრე მიწოდება. ამიტომ, არ არსებობს გარანტია, რომ IPO-თი დაინტერესებული ინვესტორი აქციების შეძენას შეძლებს. IPO-ში ინვესტირების მსურველებს შეუძლიათ ამის საბროკერო ფირმის მეშვეობით გაკეთება, თუმცა ზოგჯერ წვდომა შეიძლება მხოლოდ ფირმის უფრო დიდი კლიენტებით შემოიფარგლოს. კიდევ ერთი ვარიანტია IPO-ზე ფოკუსირებულ ფონდებში ინვესტირება.
სასურველია IPO-ს აქციების შეძენა?
IPO-ები მედიის დიდ ყურადღებას იპყრობს, რომელთაგან ზოგიერთი კომპანიის მიერ არის განზრახ კულტივირებული. ზოგადად, IPO-ები ინვესტორებში პოპულარობით სარგებლობს, რადგან პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ მალევე ფასები არასტაბილურ მოძრაობებს წარმოქმნის. ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც დიდი მოგება, ასევე დიდი ზარალი. საბოლოო ჯამში, ინვესტორებმა თითოეული IPO კომპანიის პროსპექტის მიხედვით უნდა შეაფასონ, ისევე, როგორც მათი ფინანსური გარემოებები და რისკის შემწყნარებლობა.