„Bird in Hand“ არის თეორია, რომლის თანახმადაც ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ დივიდენდებს, ნაცვლად აქციების მომავალში უფრო ძვირად გაყიდვით მიღებული სარგებლისა (ამ უკანასკნელთან დაკავშირებული თანდაყოლილი გაურკვევლობის გამო). არსებობს ასეთი ინგლისური ანდაზა: „a bird in the hand is worth two in the bush“ და მის ქართულ ანალოგად შეიძლება მივიღოთ: „დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს“. თეორია, რომელსაც დღეს განვიხილავთ, სწორედ ამ მოსაზრებას ეფუძნება.
თეორიის გააზრება
მაირონ გორდონმა და ჯონ ლინტნერმა შეიმუშავეს „Bird in Hand“ თეორია, როგორც მოდილიანი-მილერის დივიდენდების არარელევანტურობის თეორიის საწინააღმდეგო მოსაზრება. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ დივიდენდური სარგებლის სიდიდე არ ზემოქმედებს აქციების ფასზე. „Bird in Hand“ თეორიის თანახმად კი, ინვესტორები ფოკუსირებულნი არიან აქციებზე, რომლებსაც თან ახლავს მაღალი დივიდენდური სარგებელი, შესაბამისად, დიდი მოთხოვნა ასეთი აქციების ფასის ზრდას განაპირობებს.
„Bird in Hand“ vs კაპიტალის ნამატი
კაპიტალის ნამატის მიღების მიზნით ინვესტირება ძირითადად ვარაუდებზეა დამოკიდებული. ინვესტორს შეუძლია, ამ მიმართულებით უპირატესობა კომპანიის, ბაზრისა და მაკროეკონომიკური საფუძვლიანი კვლევის ჩატარებით მოიპოვოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, აქციების წარმადობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, რომელიც ინვესტორის კონტროლს არ ექვემდებარება.
აქედან გამომდინარე, კაპიტალის ნამატში ინვესტიცია წარმოადგენს ანდაზის „two in the bush“, ან „ხვალინდელი ქათმის“ მხარეს. ინვესტორები კაპიტალის მოგებისკენ ისწრაფვიან, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ სარგებელი დიდი იყოს. თუმცა თანაბრად შესაძლებელია, რომ ეს მაჩვენებელი ნულოვანი ან სულაც უარყოფითი აღმოჩნდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში S&P 500 ინდექსის საშუალო წლიური სარგებელი დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი დივიდენდების პოვნა რთულია. თუმცა, თუ კომპანია მრავალი წლის განმავლობაში გასცემს, მაგალითად, 5%-ის ოდენობით დივიდენდურ სარგებელს, მოცემულ წელს ამ შემოსავლის მიღება უფრო სავარაუდოა, ვიდრე 10%-იანი კაპიტალის ნამატის.
2001 და 2008 წლებში, საფონდო ბირჟის ფართო ინდექსებმა დიდი ზარალი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ტენდენციები აღმავალი იყო. იმავე წლებში დივიდენდური შემოსავალი უფრო მეტი საიმედოობითა და უსაფრთხოებით გამოირჩეოდა; შესაბამისად, ეს უფრო სტაბილური წლები „Bird in Hand“ თეორიასთან ასოცირდება.
„Bird in Hand“ თეორიის ნაკლოვანებები
ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა ერთხელ თქვა, რომ როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, ის, რაც კომფორტულია, იშვიათად არის მომგებიანი. წლიური 5%-იანი დივიდენდური სარგებელი თითქმის გარანტირებულ შემოსავალს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, დივიდენდებზე ფოკუსირებული ინვესტორი, კაპიტალის ნამატზე ორიენტირებულთან შედარებით, უფრო ნაკლებ ფულს გამოიმუშავებს. უფრო მეტიც, რამდენიმე შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლო პერიოდი, აშშ-ში დივიდენდური შემოსავალი, მიუხედავად უსაფრთხოებისა და სტაბილურობისა, არასაკმარისი იყო ინფლაციის ტემპის გასაბათილებლად.