ზოგადად, საპროცენტო განაკვეთებსა და საფონდო ბირჟას შორის უკუპროპორციული ურთიერთობაა — როდესაც პირველი მათგანი იზრდება, აქციების ფასი ეცემა და ობლიგაციები უფრო მიმზიდველი ხდება. საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შეიძლება კომპანიებისთვის ფულის სესხება გააძვიროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ რეინვესტირებისთვის ნაკლები თანხა ექნებათ და ფულადი ნაკადების სტაბილურობის პრობლემა შეექმნებათ. ეს ყველაფერი კი, როგორც წესი, ნეგატიურად ზემოქმედებს აქციების ფასებზე. როდესაც საპროცენტო განაკვეთები ეცემა, სრულიად საპირისპირო სურათს ვიღებთ.
საპროცენტო განაკვეთების მიმოხილვა
ჩვეულებრივ, საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებას, ფართო ეკონომიკური ზემოქმედებისთვის მინიმუმ 12 თვე სჭირდება, თუმცა საფონდო ბირჟის რეაქცია ამ მოვლენაზე, როგორც წესი, უფრო მყისიერია. ბაზრის მონაწილეები ხშირად ცდილობენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) სავარაუდო მოქმედებებს ეყრდნობა.
საპროცენტო განაკვეთების გარდა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) ასევე ადგენს დისკონტის განაკვეთს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც Fed პირდაპირ მისგან მსესხებელ ბანკებს აკისრებს. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ფედერალური სახსრების სამიზნე განაკვეთი (ნაწილობრივ იმისთვის, რომ ბანკებს სხვა ბანკებისგან სესხის აღებისკენ უბიძგოს).
საპროცენტო განაკვეთებსა და საფონდო ბირჟას შორის ურთიერთობის გააზრება ინვესტორებს დაეხმარება გააცნობიერონ, როგორ შეიძლება Fed-ის გადაწყვეტილებებმა გავლენა იქონიოს მათ ინვესტიციებზე. მათ ასევე შეუძლიათ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.
ფედერალური კაპიტალის განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საფონდო ბირჟაზე ზემოქმედებს, ფედერალური კაპიტალის განაკვეთი ეწოდება. ის წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც სადეპოზიტო დაწესებულებები — ბანკები, შემნახველი, სასესხო და საკრედიტო კავშირები — უხდიან ერთმანეთს ერთდღიანი სესხებისთვის. დისკონტის განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ფედერალური სარეზერვო ბანკები აწესებენ სადეპოზიტო დაწესებულებებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემისას (ჩვეულებრივ, ერთ ღამეში).
Fed ზემოქმედებს ფედერალური სახსრების განაკვეთზე ინფლაციის კონტროლის მიზნით. ამ მაჩვენებლის გაზრდით, ფედერალური სარეზერვო სისტემა ფაქტობრივად ცდილობს, შესყიდვების განხორციელებისთვის ხელმისაწვდომი ფულის მიწოდება შეამციროს. ეს, თავის მხრივ, აძვირებს ფულის მოპოვებას. პირიქით, როდესაც Fed საპროცენტო განაკვეთებს ფედერალური სახსრების განაკვეთს ამცირებს, ფულის მიწოდება იზრდება. ეს ხელს უწყობს ხარჯვას სესხების გაიაფების გზით. სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც მსგავს ნიმუშებს მიჰყვებიან.
ფედერალური კაპიტალის განაკვეთი მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი საპროცენტო განაკვეთი (კომერციული ბანკები უწესებენ თავიანთ ყველაზე კრედიტუნარიან კლიენტებს) დიდწილად სწორედ მას ეფუძნება. ის ასევე ქმნის საფუძველს იპოთეკური სესხის, საკრედიტო ბარათის წლიური პროცენტული (APRs) და სხვა სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების განაკვეთებისთვის.
რა ხდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება?
როდესაც Fed დისკონტის განაკვეთის გაზრდის მიზნით მოქმედებს, ის დაუყოვნებლივ ზრდის ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოკლევადიანი სესხის აღების ხარჯებს. ამას აქვს ტალღისებური ეფექტი ეკონომიკაში არსებული კომპანიებისა და მომხმარებლების სესხის აღების ყველა სხვა ხარჯზე.
ვინაიდან ფინანსურ ინსტიტუტებს ფულის სესხება უფრო ძვირი უჯდებათ, ისინი ზრდიან განაკვეთებს, რომლებსაც თავიანთ კლიენტებს მათგან ფულის სესხებისთვის აკისრებენ. ასე რომ, ინდივიდუალურ მომხმარებლებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საკრედიტო ბარათებისა და იპოთეკის საპროცენტო განაკვეთების ზრდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ სესხებს ცვლადი საპროცენტო განაკვეთი ახასიათებს. როდესაც საკრედიტო ბარათებისა და იპოთეკის საპროცენტო განაკვეთები იზრდება, მცირდება იმ თანხის მოცულობა, რომლის დახარჯვაც მომხმარებლებს შეუძლიათ.
მომხმარებლებს გადასახადების გადახდა უწევთ და როდესაც ისინი იზრდება, შინამეურნეობებს ნაკლები განკარგვადი შემოსავალი რჩებათ. როცა მომხმარებლები დისკრეციულ ხარჯებს ამცირებენ, ბიზნესების შემოსავლები და მოგება მცირდება.
ასე რომ, საპროცენტო განაკვეთების დაწევა ბიზნესებზე ზემოქმედებს როგორც პირდაპირ — მათთვის სესხის აღების ხარჯების შემცირების გზით, ისე ირიბად — სამომხმარებლო მოთხოვნის კლებიდან გამომდინარე. ორივე ამ ფაქტორს შეუძლია გავლენა იქონიოს კომპანიების მოგებასა და აქციების ფასებზე.
რა ხდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთები მცირდება?
ეკონომიკის შენელების დროს, ფედერალური სარეზერვო სისტემა, ფინანსური აქტივობის სტიმულირების მიზნით, საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს. Fed-ის მიერ ამ მაჩვენებლის დაწევას, მისი გაზრდის საპირისპირო ეფექტი აქვს. ინვესტორები და ეკონომისტები დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ზრდის კატალიზატორად განიხილავენ — სარგებელს პირადი და კორპორატიული სესხებისთვის. ეს, თავის მხრივ, იწვევს უფრო დიდ მოგებას კომპანიებისთვის და მყარ ეკონომიკას.
ასეთ პერიოდში მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავენ, რადგან დაბალი საპროცენტო განაკვეთები მათ აგრძნობინებს, რომ, უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ. ბიზნესები ისარგებლებს ოპერაციების, შესყიდვებისა და გაფართოებების უფრო იაფად დაფინანსების შესაძლებლობით, რითაც მათი მომავალი შემოსავლის პოტენციალი გაიზრდება. ეს, თავის მხრივ, აქციების გაძვირებას იწვევს.
დაბალი საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით დადებითად ზემოქმედებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიების სექტორებზე, როგორებიც არის კომუნალური მომსახურება და უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT); გარდა ამისა, მსხვილ კომპანიებზე, რომლებსაც გააჩნიათ სტაბილური ფულადი ნაკადები და ძლიერი ბალანსი.
საპროცენტო განაკვეთები და საფონდო ბირჟა
თუ კომპანიის ზრდა მცირდება ან ის ნაკლებად მომგებიანია, მომავალი ფულადი ნაკადების სავარაუდო მოცულობა დაიკლებს. ყველა სხვა თანაბარ პირობებში ეს კომპანიის აქციების ფასს შეამცირებს.
თუ კომპანიების საკმაო რაოდენობა განიცდის აქციების ფასის ვარდნას, მთელი ბაზარი ან ძირითადი ინდექსები, რომლებსაც ბევრი ადამიანი აიგივებს ფართო ბაზართან — Dow Jones Industrial Average, S&P 500 და ა. შ. — შემცირდება. კომპანიის ზრდისა და მომავალი ფულადი ნაკადების მიმართ შემცირებული მოლოდინებიდან გამომდინარე, ინვესტორები ვერ მიიღებენ სასურველ სარგებელს აქციების ფასის გაზრდით. ამან შეიძლება აქციების ფლობა ნაკლებად სასურველი გახადოს. გარდა ამისა, აქციებში ინვესტირება შეიძლება ჩაითვალოს ძალიან სარისკოდ სხვა ინვესტიციებთან შედარებით.
თუმცა საპროცენტო განაკვეთის ზრდისგან ზოგიერთი სექტორი სარგებელს იღებს; ერთ-ერთი ასეთია ფინანსური სექტორი. ასეთ დროს ბანკების, საბროკერო, იპოთეკური და სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი ხშირად იზრდება, რადგან მათ სესხის გაცემით მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ.
საპროცენტო განაკვეთები და ობლიგაციების ბაზარი
საპროცენტო განაკვეთები ასევე ზემოქმედებს ობლიგაციების ფასებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატების (CD), სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო თამასუქების ანაზღაურებაზე. ობლიგაციების ფასებსა და საპროცენტო განაკვეთებს შორის უკუპროპორციული კავშირია: საპროცენტო განაკვეთების მატებასთან ერთად, ობლიგაციების ფასები ეცემა (და პირიქით). რაც უფრო დიდია ობლიგაციების სიმწიფის ვადა, მით მეტად იცვლება მათი ფასი საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესაბამისად.
როდესაც Fed საპროცენტო განაკვეთებს ზრდის, ახლად შემოთავაზებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა სახაზინო თამასუქები და ობლიგაციები, ხშირად განიხილება ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციებად. როგორც წესი, ისინი საპროცენტო განაკვეთების შესაბამის ზრდას განიცდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რისკისგან თავისუფალი ანაზღაურების განაკვეთი იზრდება, რაც ამ ტიპის ინვესტიციებს უფრო სასურველს ხდის.
როდესაც ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციების სარგებელი იზრდება, ასევე მატულობს აქციებში ინვესტირებით დაინტერესებისთვის საჭირო მთლიანი ანაზღაურება. ამიტომ, თუ რისკის პრემია მცირდება, ხოლო პოტენციური სარგებელი იგივე რჩება (ან დაიკლებს), ინვესტორებმა შეიძლება იგრძნონ, რომ აქციები ძალიან სარისკო გახდა და ისინი ფულს სხვაგან დააბანდებენ.
მთავრობებისა და ბიზნესების მიერ ფულის მოზიდვის ერთ-ერთი გზა ობლიგაციების გაყიდვაა. საპროცენტო განაკვეთების მატებასთან ერთად, მათთვის სესხის აღების ღირებულება ძვირდება, რაც მათ მიერ უფრო მაღალი სარგებლის მქონე ობლიგაციების გამოშვებას განაპირობებს. ამავდროულად, ბაზარზე მოთხოვნა არსებულ, უფრო დაბალი ანაზღაურების მქონე ობლიგაციებზე მცირდება (რაც გამოიწვევს მათი ფასების შემცირებას და სარგებლის ზრდას).
საპროცენტო განაკვეთების შემცირების დროს კი სუბიექტებს უადვილდებათ ფულის სესხება, რის შედეგადაც მთავრობებისა და ბიზნესების მიერ უფრო დაბალი სარგებლის მქონე ობლიგაციების გამოშვებას აქვს ადგილი. პარალელურად იზრდება ბაზრის მოთხოვნა არსებულ, უფრო მაღალი ანაზღაურების მქონე ობლიგაციებზე (რაც მათი ფასების ზრდას და შემოსავლიანობის შემცირებას იწვევს).
შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის საპროცენტო განაკვეთების კლება, საპროცენტო შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობის შემცირებას ნიშნავს. Fed-ის საპროცენტო განაკვეთების დაწევა ინვესტორებს უბიძგებს, ფული ობლიგაციებიდან აქციებში გადაიტანონ. ახალი კაპიტალის შემოდინება კი საფონდო ბირჟის აღმასვლას იწვევს.
მოლოდინების გავლენა
საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ინვესტორების ფსიქოლოგიაზე. როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის, ბიზნესებიც და მომხმარებლებიც ხარჯებს შეამცირებენ. ეს გამოიწვევს კომპანიების მოგების და აქციების ფასების შემცირებას და ბაზარი შეიძლება მხოლოდ მოლოდინების გამო დაეცეს.
მეორე მხრივ, Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების შემთხვევაში, მომხმარებლები და ბიზნესები ხარჯებსა და ინვესტიციებს გაზრდიან. ამან შეიძლება აქციების ფასების მატება განაპირობოს.
თუ მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება Fed-ის ქმედებებისგან, შეიძლება ეს განზოგადებული, სტანდარტული რეაქციები არ გამოვლინდეს. მაგალითად, თუ მოსალოდნელია, რომ Fed შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთებს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს, თუმცა რეალურად კლება 25 საბაზისო პუნქტს შეადგენს, შეიძლება შედეგი აქციების ფასის ვარდნა იყოს. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ბაზრის მონაწილეების მოლოდინი საპროცენტო განაკვეთების 50-პუნქტიანი შემცირება იყო.
ბიზნეს ციკლმა და ეკონომიკის მდგომარეობამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ბაზრის რეაქციაზე. ეკონომიკის შესუსტების დასაწყისის პირობებში შეიძლება დაბალი საპროცენტო განაკვეთები არ იყოს საკმარისი სტიმული ეკონომიკური აქტივობის ზარალის ასანაზღაურებლად — შესაძლოა, აქციების ფასები მაინც შემცირდეს. ეკონომიკური ბუმის ფაზის დასასრულს კი, როდესაც Fed საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწყებს, გარკვეული სექტორები (მაგ., ტექნოლოგიური, მზარდი პოტენციალის, გასართობი კომპანიების აქციები) ხშირად განაგრძობს ძლიერი წარმადობის დაფიქსირებას.