დივიდენდ არისტოკრატი არის S&P 500 ინდექსის წევრი კომპანია, რომელიც არა მხოლოდ მუდმივად უხდის დივიდენდებს თავის აქციონერებს, არამედ ამ მაჩვენებელს ყოველწლიურად ზრდის მინიმუმ ბოლო 25 წლის განმავლობაში.
დივიდენდ არისტოკრატების გააზრება
კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ, აქციონერებს მაღალი დივიდენდური შემოსავალი შეუნარჩუნონ, შედარებით იშვიათია და მათი ბიზნესები, როგორც წესი, ძალიან სტაბილურია. ჩვეულებრივ, ასეთი ფირმები ჩართულები არიან რეცესიისადმი გამძლე საქმიანობაში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გააგრძელონ მოგების მიღება და გადაიხადონ დივიდენდები მაშინაც კი, როდესაც სხვა კომპანიებს ცუდი პერიოდი უდგათ.
სტარტაპ და მაღალი ზრდის მქონე ტექნოლოგიური კომპანიები იშვიათად გვთავაზობენ დივიდენდებს. მათი მმართველი გუნდები უპირატესობას რეინვესტირებას ანიჭებენ, რათა ხელი შეუწყონ საშუალოზე მაღალი ზრდის ტემპის შენარჩუნებას. ზოგიერთი ახალბედა კომპანია წმინდა ზარალითაც კი მუშაობს და არც გააჩნია ფული დივიდენდების გადასახდელად.
მსხვილი, ჩამოყალიბებული კომპანიები, რომლებსაც პროგნოზირებადი მოგება გააჩნიათ, როგორც წესი, დივიდენდების უკეთესი გადამხდელები არიან. ბევრი ფირმა არ სარგებლობს რეგულარული, ძლიერი ზრდით ან აქციების მუდმივად მზარდი ფასით. ასეთი კომპანიები, ჩვეულებრივ, დივიდენდებს გასცემენ, რაც აქციონერების დაჯილდოების ალტერნატიულ გზას წარმოადგენს.
კომპანია განიხილება დივიდენდ არისტოკრატად, თუ ის S&P 500 ინდექსის წევრია და დივიდენდებს მუდმივად, ბოლო მინიმუმ 25 წლის განმავლობაში ზრდის. დივიდენდ არისტოკრატების ზოგიერთი მოყვარული ასეთ კომპანიებს აფასებს დამატებითი ფაქტორების მიხედვითაც, როგორებიც არის კომპანიის ზომა და ლიკვიდურობა, მაგალითად, $3 მილიარდზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია.
2024 წლის დივიდენდ არისტოკრატები
ანალიტიკოსებს გააჩნიათ მრავალი გზა დივიდენდ არისტოკრატების, როგორც ინვესტიციების შესაფასებლად. ეს კრიტერიუმები მოიცავს კომპანიების აქციების ფასების ზრდას დროთა განმავლობაში, მათ მდგრადობას საფონდო ბირჟის ვარდნის მიმართ და მოლოდინებს ამ ფირმების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ დივიდენდ არისტოკრატებს შორის იერარქია მუდმივად იცვლება.
ბევრი სხვადასხვა ფინანსური გამომცემელი აქვეყნებს დივიდენდ არისტოკრატების სიებს. მაგალითად, FinanceCharts-მა აღნიშნა, რომ 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით Altria Group (MO) ინვესტორებისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დივიდენდ არისტოკრატია. ქვემოთ მოცემულია სხვა კომპანიები, რომლებიც მოხვდნენ სიაში ყველაზე მაღალი დივიდენდური სარგებლის კრიტერიუმით:
- Enterprise Products Partners LP (EPD)
- Enbridge (ENB)
- First of Long Island (FLIC)
- Universal Health Realty Income Trust (UHT)
- Franklin Resources (BEN)
ზოგიერთ მსხვილ კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს ასეთი მაღალი სარგებელი, მაგრამ ისინი მაინც განიხილებიან დივიდენდ არისტოკრატებად. ქვემოთ მოცემულია კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კლებადობით არის დალაგებული (თუმცა სია მხოლოდ მათით არ შემოიფარგლება).
- Walmart (WMT)
- Exxon Mobil (XOM)
- Procter & Gamble (PG)
- Johnson & Johnson (JNJ)
- Coca-Cola (KO)
- Chevron (CVX)
- PepsiCo (PEP)
დივიდენდ არისტოკრატების უპირატესობები და ნაკლოვანებები
კომპანია, რომელიც მუდმივად მზარდ დივიდენდებს იხდის, იდეალურია სტაბილური შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის. დივიდენდების უწყვეტი ზრდა არის დადებითი სიგნალი იმისა, რომ ფირმა მყარ ფინანსურ ბაზაზეა. ამასთან, გახსოვდეთ, რომ დივიდენდი არის ფირმის მოგების ნაწილი, რომელსაც ის თავის მფლობელებს (აქციონერებს) უნაწილებს ნაღდი ფულის სახით — ნებისმიერი ფული, რომელიც დივიდენდებში იხარჯება, შესაბამისად, ბიზნესში რეინვესტირებისთვის არ გამოიყენება.
თუ ბიზნესი აქციონერებს თავისი მოგების ძალიან მაღალ პროცენტს უხდის, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მენეჯმენტს ურჩევნია, ზრდის შესაძლებლობების ნაკლებობის გამო, კომპანიაში რეინვესტირება არ განახორციელოს. აქედან გამომდინარე, დივიდენდ არისტოკრატმა შეიძლება გაფლანგოს ზრდის შანსი ან არ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობები მოგების რეინვესტირებისთვის.
ერთ-ერთი დადებითი მხარე შეიძლება ის იყოს, რომ კომპანიის მენეჯმენტს შეუძლია, დივიდენდები გამოიყენოს იმედგაცრუებული ინვესტორების დასამშვიდებლად, როდესაც აქციების ფასი აღმასვლით არ ხასიათდება. თუ დივიდენდ არისტოკრატს შეუძლია, აქციონერებზე გაცემული დივიდენდური ანაზღაურება რეგულარულად გააუმჯობესოს, ეს, ამ გადახდების დასაფინანსებლად არსებულ ზრდის გარკვეულ შესაძლებლობებზე მიგვითითებს.
დივიდენდ არისტოკრატები vs დივიდენდ მეფეები
დივიდენდ არისტოკრატების მსგავსად, დივიდენდ მეფეები ეწოდება კომპანიებს, რომლებიც ცნობილია დროთა განმავლობაში დივიდენდების უწყვეტი გადახდით და მათი გაზრდით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დივიდენდ არისტოკრატის წოდების მოსაპოვებლად კომპანია უნდა იყოს S&P 500-ის წევრი და მას უნდა ახასიათებდეს მზარდი დივიდენდური ანაზღაურება ბოლო მინიმუმ 25 წლის განმავლობაში. დივიდენდ მეფის სტატუსის მისაღებად კი მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს — დივიდენდების თანმიმდევრული ზრდის მინიმუმ 50-წლიანი ისტორია.
ზოგიერთი დივიდენდ მეფე ასევე შეიძლება S&P 500-ის წევრიც იყო და, შესაბამისად, დივიდენდ არისტოკრატობის კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებდეს. ნაკლებად ხშირია კომპანიები, რომლებიც მუდმივად ზრდიან თავიანთ დივიდენდებს ნახევარი საუკუნის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამიტომ დივიდენდ მეფეების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე — მათი არისტოკრატი „ბიძაშვილების“.
დივიდენდების გადამხდელი სხვა კომპანიების იდენტიფიცირება
ზოგადად კომპანიებს გააჩნიათ დივიდენდების გადახდის პოლიტიკა, რომელიც სამ კატეგორიად იყოფა: სტაბილური, მუდმივი ან ნარჩენი დივიდენდების პოლიტიკა.
- თუ კომპანია იყენებს სტაბილური დივიდენდის პოლიტიკას, აქციონერს შეუძლია ყოველწლიურად ელოდოს სტაბილურ და პროგნოზირებად დივიდენდებს, მიუხედავად კომპანიის მოგების ცვალებადობისა.
- მუდმივი დივიდენდების პოლიტიკის შემთხვევაში, კომპანია აქციონერებს ყოველწლიურად თავისი მოგების პროცენტს უხდის, ამიტომ მისი მოგების ცვალებადობა ინვესტორების დივიდენდურ შემოსავალზე ზემოქმედებს.
- თუ კომპანია იყენებს ნარჩენი დივიდენდების პოლიტიკას, ის დივიდენდების სახით გასცემს იმ თანხებს, რომელიც კაპიტალური ხარჯებსა და საბრუნავ კაპიტალზე ზრუნვის შემდეგ რჩება.