უორენ ბაფეტი საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორად, მაგრამ თუ თავად მას ჰკითხავთ, ვის მიიჩნევს საუკეთესოდ, ალბათ, იგი თავის ყოფილ მასწავლებელს — ბენჟამინ გრეჰემს დაასახელებს. გრეჰემი იყო ინვესტორი და საინვესტიციო მენტორი, რომელიც ზოგადად ფასიანი ქაღალდების ანალიზისა და ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების მამად ითვლება.
ბენჟამინ გრეჰემის იდეები და მეთოდები ინვესტირების შესახებ კარგად არის გადმოცემული მის წიგნებში: Security Analysis (1934) და The Intelligent Investor (1949). ეს არის ყველაზე ცნობილი საინვესტიციო წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა. გრეჰემის ნაშრომები ხშირად განიხილება ნებისმიერი ინვესტორისთვის საჭირო საკითხავ მასალად, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ადვილი წასაკითხი არ არის.
დღევანდელ სტატიაში შევაჯამებთ ბენჟამინ გრეჰემის მთავარ საინვესტიციო პრინციპებს და მისი ფილოსოფიის უკეთ გააზრებას შევეცდებით.
პრინციპი #1: ყოველთვის ჩადეთ ინვესტიცია „უსაფრთხოების მარჟის“ გათვალისწინებით
„უსაფრთხოების მარჟა“ არის საინვესტიციო პრინციპი, რომელიც გულისხმობს ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათ შინაგან ღირებულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია მისი შინაგანი ღირებულების თქვენეულ შეფასებაზე, ამ ორ სიდიდეს შორის განსხვავებას „უსაფრთხოების მარჟა“ ეწოდება. ეს სტრატეგია არა მხოლოდ ხელსაყრელი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენებისთვის, არამედ ინვესტიციის გაუფასურების რისკის შესამცირებლად გამოიყენება. ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, გრეჰემის მიზანი იყო 1 დოლარის ღირებულების აქტივების ყიდვა 50 ცენტად. მას ეს გამოსდიოდა კიდეც, თან ძალიან კარგად.
გრეჰემისთვის ბიზნეს აქტივები შესაძლოა ღირებული ყოფილიყო მათი სტაბილური შემოსავლის უნარის ან უბრალოდ ლიკვიდური ფულადი ფასეულობის გამო. მაგალითად, გრეჰემისთვის უცხო არ იყო ინვესტირება კომპანიაში, რომლის ბალანსზე არსებული ლიკვიდური აქტივების ღირებულება (ყველა დავალიანების გარეშე) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მისი მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია (გრეჰემის მიმდევრებისთვის ეს შემთხვევა ასევე ცნობილია ტერმინით „net nets”). მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ ინვესტორს სხვა მრავალი მეთოდი ჰქონდა, ეს მისთვის ტიპურ საინვესტიციო სტრატეგიას წარმოადგენდა.
ამ კონცეფციის გათვალისწინება ინვესტორებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების სტრატეგიას შეუძლია მნიშვნელოვანი მოგება უზრუნველყოს მას შემდეგ, რაც ბაზარი დაუფასებელ აქციებს გადააფასებს და მის ფასს სამართლიან ღირებულებამდე გაზრდის. ის ასევე შეძლებს, დაგიცვათ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი იყო და თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის აქციების ფასი შემცირდება. გრეჰემის წარმატების ბირთვს ბიზნესის იმაზე იაფად შეძენა წარმოადგენდა, ვიდრე ის სინამდვილეში ღირდა. ლეგენდარულმა ინვესტორმა აღმოაჩინა, რომ ამ დაბალფასიანი აქციების შემდგომი კლება იშვიათად ხდებოდა.
გრეჰემი ეფექტიანი ბაზრების კონცეფციის მომხრე იყო. თუ ბაზარი ეფექტიანი არ არის, მაშინ ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებას აზრი ეკარგება, რადგან ამ მიდგომის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს ბაზრის უნარში, საბოლოოდ აქციის ფასი მისი შინაგანი ღირებულების შესაბამისად დააკორექტიროს.
ბენჟამინ გრეჰემის აზრით, ინვესტორების ირაციონალურობის და სხვა ფაქტორების, მაგალითად, მომავლის პროგნოზირების შეუძლებლობისა და საფონდო ბირჟის რყევების გამო, ბაზარზე დაუფასებელი აქციების შეძენა ინვესტორს მოგების მიღების საშუალებას მისცემს. გრეჰემი, როგორც წესი, ყიდულობდა აქციებს, რომელთა საბაზრო ფასიც მათი შინაგანი ღირებულების ორ მესამედს შეადგენდა.
ბენჟამინ გრეჰემის თავდაპირველი ფორმულა, აქციის შინაგანი ღირებულების დასადგენად, ასე გამოიყურებოდა:
V = EPS × (8.5 + 2g)
ამ ფორმულაში:
V = შინაგანი ღირებულება;
EPS = კომპანიის მოგება თითო აქციაზე ბოლო 12 თვის განმავლობაში;
8.5 = ნულოვანი ზრდის მქონე აქციის P/E კოეფიციენტი;
g = კომპანიის გრძელვადიანი ზრდის ტემპი.
1974 წელს ეს ფორმულა გადაიხედა და მას დაემატა „4.4%“, რაც 1962 წელს კორპორატიული ობლიგაციების საშუალო შემოსავალს შეადგენდა და ასევე “Y”, რომელიც მიმდინარე წლისთვის კორპორატიული ობლიგაციების შემოსავალს აღნიშნავდა:
მიუხედავად იმისა, რომ გრეჰემის ბევრმა მოსწავლემ მიაღწია წარმატებას საკუთარი სტრატეგიების გამოყენებით, ყველა მათგანი იზიარებდა „უსაფრთხოების მარჟის“ მთავარ იდეას.
პრინციპი #2: ელოდეთ არასტაბილურობას და მისგან მოგება მიიღეთ
აქციებში ინვესტირება, სხვა ბევრ რამესთან ერთად, არასტაბილურობასთან გამკლავებასაც გულისხმობს. ბაზრის ვარდნის დროს ჭკვიანი ინვესტორი, გასასვლელის ძებნის ნაცვლად, მიესალმება არასტაბილურობას, როგორც ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენის შანსს. გრეჰემმა ამის ილუსტრირებას მიმართა თითოეული ინვესტორის ბიზნესპარტნიორის — „Mr. Market”-ის ანალოგიის საშუალებით. Mr. Market ინვესტორებს სთავაზობს დღიურ ფასს, რომლითაც ის ან იყიდის მათგან აქციებს ან გაყიდის მათზე თავის წილს ბიზნესში. ხანდახან ის აღფრთოვანებულია კონკრეტული ბიზნესის პერსპექტივებით და მაღალ ფასს ასახელებს. ზოგჯერ კი Mr. Market კომპანიის პერსპექტივების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და ინვესტორებს დაბალ ფასს სთავაზობს.
ვინაიდან საფონდო ბაზარი აღსავსეა იგივე ემოციებით, ამ მაგალითში გაკვეთილი შემდგომში მდგომარეობს: Mr. Market-ის შეხედულებებს თქვენი ემოციების განსაზღვრის, ან უარესი, ცუდად გააზრებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებამდე მიყვანის უფლება არ უნდა მისცეთ. ამის ნაცვლად, უნდა ჩამოაყალიბოთ საკუთარი შეფასებები ბიზნესის ღირებულებასთან დაკავშირებით ფაქტების ჯანსაღი და რაციონალური შემოწმების საფუძველზე.
ქვემოთ მოცემულია ორი სტრატეგია, რომელსაც ბენჟამინ გრეჰემი გვთავაზობს ბაზრის ცვალებადობის ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად:
- ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება
ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ბაზრის არასტაბილურობით გამოწვეული რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ პოზიციების დროთა განმავლობაში „აშენების“ წყალობით. ეს მეთოდი რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ამ სტრატეგიით მოქმედებისას გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.
- აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტირება
გრეჰემმა რეკომენდაცია გაუწია საინვესტიციო პორტფელის თანაბრად განაწილებას აქციებსა და ობლიგაციებს შორის, როგორც გზას, ბაზრის ვარდნის დროს კაპიტალის შესანარჩუნებლად. ამ მეთოდის საშუალებით კაპიტალის ზრდა მაინც მიიღწევა ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლის საშუალებით. არ დაგავიწყდეთ, რომ გრეჰემის ფილოსოფია პირველ რიგში იყო კაპიტალის შენარჩუნება და შემდეგ მისი ზრდის მცდელობა. მისი რჩევის თანახმად, საინვესტიციო თანხის 25%-დან 75%-მდე ობლიგაციებში უნდა გვქონდეს დაბანდებული და ეს კონცენტრაცია ბაზრის პირობებიდან გამომდინარე უნდა შევცვალოთ.
პრინციპი #3: გაიაზრეთ, რა ტიპის ინვესტორი ხართ
ბენჟამინ გრეჰემის აზრით, ინვესტორებმა კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი საინვესტიციო პიროვნებები. ამის საილუსტრაციოდ მან მკაფიო განსხვავებები გააკეთა საფონდო ბირჟაზე მოქმედ სხვადასხვა ჯგუფს შორის.
აქტიური vs პასიური ინვესტორები
გრეჰემი აქტიურ და პასიურ ინვესტორებს მოიხსენიებდა, როგორც „ინიციატივიან ინვესტორებს“ და „თავდაცვით ინვესტორებს“.
თქვენ გაქვთ მხოლოდ ორი რეალური არჩევანი: პირველი არის დიდი დროისა და ენერგიის ჩადება იმაში, რომ გახდეთ კარგი ინვესტორი, რომელიც პრაქტიკული კვლევის ხარისხსა და მოცულობას მოსალოდნელ ანაზღაურებასთან ათანაბრებს. თუ ეს მიდგომა თქვენ არ შეგეფერებათ, მაშინ უნდა დაკმაყოფილდეთ პასიური ინვესტირებით, რომელიც, როგორც წესი, უფრო დაბალ ანაზღაურებას, მაგრამ პროცესში გაცილებით ნაკლები დროისა და ენერგიის ჩადებას გულისხმობს. გრეჰემი, აკადემიური ცნების — „რისკი = ანაზღაურება“ — ნაცვლად იყენებდა შემდეგ ტოლობას: „მუშაობა = ანაზღაურება“. მისი აზრით, რაც უფრო მეტ სამუშაოს ჩადებთ თქვენს ინვესტიციებში, მით უფრო მაღალი უნდა იყოს თქვენი მოგება.
ბენჟამინ გრეჰემის თქმით, „თავდაცვით ინვესტორს“ შეუძლია საშუალო ანაზღაურების მიღება უბრალოდ Dow Jones Industrial Average-ის 30 აქციის თანაბარი რაოდენობით შეძენით. როგორც გრეჰემის, ისე მისი მოწაფის — უორენ ბაფეტის აზრით, საშუალო ანაზღაურების მიღებაც კი, როგორიცაა S&P 500-ის წარმადობის გამეორება, უფრო მეტი მიღწევაა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.
თანამედროვე დროში „თავდაცვითი ინვესტორი“ იქნება ადამიანი, რომელიც ფულს აქციებისა და ობლიგაციების საინდექსო ფონდში აბანდებს. არსებითად, მას ინვესტიცია ჩადებული აქვს მთელ ბაზარზე და წინასწარი პროგნოზების გაკეთების გარეშე სარგებელს იღებს იმ სეგმენტებიდან, რომლებიც საუკეთესო წარმადობას აფიქსირებს. ამგვარად, ასეთ ინვესტორს პრაქტიკულად გარანტირებული აქვს ბაზრის საშუალო ანაზღაურების გამომუშავება. გრეჰემის თქმით, ბაზრის „დამარცხება“ ბევრად რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და ბევრი ინვესტორი აღმოაჩენს, რომ ამ მიზნის მიღწევა არ შეუძლია.
სპეკულანტი vs ინვესტორი
საფონდო ბირჟის ყველა მონაწილე ინვესტორი არ არის. გრეჰემი თვლიდა, რომ ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმის დადგენას, თუ ვინ იყო ის — ინვესტორი თუ სპეკულანტი. განსხვავება მარტივია: ინვესტორი აქციას აღიქვამს, როგორც ბიზნესის ნაწილს, ხოლო — აქციის მფლობელს, როგორც ბიზნესის მფლობელს. სპეკულანტი კი მიიჩნევს, რომ თამაშობს ძვირადღირებული ქაღალდებით, რომლებსაც შინაგანი ღირებულება არ გააჩნია. სპეკულანტისთვის ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ რას გადაიხდის ვინმე აქტივში.
ბენჟამინ გრეჰემის თქმით, არსებობს როგორც ინტელექტუალური სპეკულირება, ის —ინტელექტუალური ინვესტირება; მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ გესმით, რაში ხართ კარგი.