პანიკური გაყიდვა წარმოადგენს კონკრეტული კომპანიის, სექტორის ან მთელი ბაზრის აქციების მასშტაბურ გაყიდვას, რომელიც, დასაბუთებული ანალიზის ნაცვლად, შიშს, ჭორებს ან გადაჭარბებულ რეაქციას ეფუძნება.
ხშირად, პანიკური გაყიდვები გამოწვეულია გარე მოვლენით, რომელიც ინტერპრეტირებულია, როგორც უარყოფითი სიგნალი. ეს შიში ზოგიერთი ინვესტორის გადაჭარბებულ რეაქციას და მათ მიერ ინვესტიციების გაყიდვას იწვევს. ფასის კლება ერთგვარ თოვლის გუნდის ეფექტს ქმნის და სხვა ინვესტორების მოქმედებებსაც იწვევს უფრო დიდი ზარალის თავიდან ასაცილებლად. ეს ცნობილია, როგორც „პოზიტიური უკუკავშირის ციკლი“1.
მსხვილი საფონდო ბირჟების უმეტესობა იყენებს სავაჭრო შეზღუდვებს პანიკური გაყიდვების შესაზღუდად. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია უკეთ შეისწავლონ და სიტუაცია ცივი გონებით შეაფასონ. გარდა ამისა, ვაჭრობის დროებით შეჩერება ბაზარზე გარკვეულწილად ნორმალურ მდგომარეობას აღადგენს და ზღუდავს ზარალს, რომელიც შეიძლება ინვესტორმა ერთ დღეში განიცადოს.
პანიკური გაყიდვების გააზრება
პანიკური გაყიდვები ხშირად გამოწვეულია მოვლენით, რომელიც ამცირებს ინვესტორების ნდობას კონკრეტული აქციების, სექტორის ან მთლიანად საფონდო ბირჟის მიმართ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კომპანი(ებ)ის სუსტი კვარტალური შედეგებით, არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნებით და სხვა ნეგატიური მოვლენებით.
სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს მაშინ, როდესაც აქციების ფასი მიაღწევს ნიშნულს, რომელიც Stop-Loss2 ბრძანებების გააქტიურებით ავტომატურ გაყიდვებს გამოიწვევს.
პანიკური გაყიდვების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ადრეული „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენი. შესაძლოა, ინვესტორების პოზიტიურმა განწყობამ კოლაფსი განიცადოს ოდნავი ნეგატიური სიგნალის შემთხვევაში. ხშირია გადაჭარბებული რეაქცია სიახლეებზე, რომლებსაც შეიძლება რეალურად მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდეს.
რას გულისხმობს „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენი?
„ირაციონალურ ენთუზიაზმს“ ფუნდამენტური შეფასების რეალური საფუძველი არ გააჩნია, ამის ნაცვლად ის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ეფუძნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს წარსულში ფასების ზრდა მომავალს წინასწარმეტყველებს. ისინი ისე იქცევიან, თითქოს ბაზარზე გაურკვევლობა არ არსებობს.
ყოველთვის იარსებებს აღმავლობისა და ვარდნის პერიოდები, ეკონომიკური ბუშტები3, დანაკარგები ინდუსტრიის მასშტაბით, პანიკური გაყიდვები და სხვა მოულოდნელი მოვლენები. ფიქრი, რომ წარსული წინასწარმეტყველებს მომავალს, ზედმეტი თავდაჯერებულობის ნიშანია. როდესაც ინვესტორების საკმარისი რაოდენობა ზედმეტად თავდაჯერებული ხდება, საქმე გვაქვს ამერიკელი ეკონომისტის — ალან გრინსპენის „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენთან. ამ დროს ინვესტორები ზედმეტ თავდაჯერებულობას მიჰყავს სიხარბემდე, შედეგად ბაზარი იზრდება იქამდე, რომ უზარმაზარი კორექტირება გარდაუვალი ხდება. ინვესტორები, რომლებიც ამ მოვლენის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან არიან ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზრის ზრდა სამუდამოდ გაგრძელდება.
პანიკური გაყიდვებით შექმნილი საინვესტიციო შესაძლებლობები
ზოგიერთ შემთხვევაში, მასშტაბურმა პანიკურმა გაყიდვებმა შეიძლება ინვესტირების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნას. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც გაყიდვები გამოწვეულია მოკლევადიანი ინდიკატორებით ან გაურკვევლობით.
საფონდო ბირჟაზე ბევრი ტრეიდერი, თუ ინვესტორი ფოკუსირებულია საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც პანიკური გაყიდვების პერიოდში აქციების შემცირებული ფასები ქმნის.
[1] „პოზიტიური უკუკავშირის ციკლი“ ხშირად გულისხმობს ინვესტორების ტენდენციას, გამოავლინონ ბრბოს მენტალიტეტი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს „ირაციონალურ ენთუზიაზმში“ აქტივების ყიდვის ან გაყიდვისას.
[2] Stop-loss არის კონკრეტული აქციის ყიდვის ან გაყიდვის ბრძანება მას შემდეგ, რაც მისი ფასი გარკვეულ ნიშნულს მიაღწევს.
[3] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.